საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევის - TIMSS (Trends in International Mathematics and Science Study) შედეგების მიხედვით ქართველმა მოსწავლეებმა გააუმჯობესეს შედეგები და რიგ შემთხვევებში სტატისტიკურად გაუთანაბრდნენ საერთაშორისო საშუალო მაჩვენებლებს, რაც TIMSS კვლევაში საქართველოს მონაწილეობის 16 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგია.
კერძოდ, 2023 წელს საქართველოს სკოლების მეოთხეკლასელებმა, კვლევის წინა ციკლთან შედარებით 16 ქულით გააუმჯობესეს საშუალო მაჩვენებელი მათემატიკაში, რაც სტატისტიკურად არსებითი გაუმჯობესებაა. საქართველოს მე-4 კლასელების საშუალო მაჩვენებელი მათემატიკაში 498-ია, რაც, სტატისტიკური ცდომილების გათვალისწინებით, უტოლდება TIMSS-ის საერთაშორისო სკალის საშუალო მაჩვენებელს (500).
აღნიშნული მონაცემის მიხედვით, 58 ქვეყანას შორის, საქართველო 37-ე ადგილზეა. პრაქტიკულად ანალოგიური მაჩვენებელი აქვს ესპანეთს, საშუალო მაჩვენებელი კი აღემატება ბელგიის, საფრანგეთის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის და სხვათა მაჩვენებლებს.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი მოსწავლეების შედეგები გამოირჩევა მუდმივი ზრდის ტენდენციით. საერთო ჯამში, საქართველოში TIMSS-ის მეორე ციკლის ჩატარებიდან (2011) 2023 წლამდე შედეგების 48-ქულიანი გაუმჯობესება გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს წარმომადგენელი მეოთხეკლასელების შედეგები მათემატიკაში 11%-ით გაუმჯობესდა, მინიმალური კომპეტენცია კი 16%-ით მეტმა მოსწავლემ დაადასტურა.
კვლევის პირველი ციკლიდან მოყოლებული, მათემატიკის კუთხით, შედეგების გაუმჯობესების პოზიტიური დინამიკა იკვეთება მე-8 კლასშიც. აქ, 2023 წელს საქართველოს წარმომადგენელმა მერვეკლასელებმა, კვლევის წინა ციკლთან შედარებით, 6 ქულით გააუმჯობესეს საშუალო მაჩვენებელი. აღსანიშნავია, რომ ეს ზრდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი მხოლოდ TIMSS 2015 და უფრო ძველ ციკლებთან შედარებით არის. ამჟამინდელი ქულით, 44 ქვეყანას შორის, საქართველო 28-ე ადგილს იკავებს. ამასთან აქაც, ჩვენი საშუალო მაჩვენებელი მონაწილე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს სტატისტიკურად უტოლდება. 2011-დან 2023 წლამდე იკვეთება 36-ქულიანი გაუმჯობესება.
რაც შეეხება საბუნებისმეტყველო საგნებს:
• მეოთხეკლასელების საშუალო შედეგები, წინა ციკლთან შედარებით, 11 ქულით გაუმჯობესდა, რაც ასევე სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. მიღწეული შედეგით საქართველო 58 ქვეყანას შორის 43-ე ადგილს იკავებს და წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ მაკედონია. აღსანიშნავია, რომ 2011 წელთან შედარებით, მინიმალური კომპეტენცია 7%-ით მეტმა მოსწავლემ დაადასტურა.
• მერვეკლასელების შედეგები სტატისტიკურად უცვლელი დარჩა. აქვე აღსანიშნავია, რომ კვლევაში მონაწილე სხვა ქვეყნების საშუალო ქულამ TIMSS 2019-თან შედარებით დაიკლო. საქართველო 44 ქვეყნიდან 31-ე ადგილს იკავებს. 2011 წელთან შედარებით, მინიმალური კომპეტენცია დაადასტურა 10%-ით მეტმა მოსწავლემ.
TIMSS უმნიშვნელოვანესი ინფორმაციული რესურსია, რომელიც მოსწავლეთა კომპეტენციის შეფასებასთან ერთად, იძლევა მათი შედეგების საერთაშორისო სტანდარტებთან შედარების საშუალებას. ამასთან, კვლევის რეგულარულობა მიღწევებზე გავლენის მქონე ფაქტორების გამოვლენას უწყობს ხელს.
კვლევა შეისწავლის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მე-4 და მე-8 კლასის მოსწავლეების მიღწევებს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში; მას საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) 4-წლიანი ინტერვალით ატარებს.
განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგია ხარისხიანი ზოგადი განათლების უზრუნველყოფის მიმართულებით, სწორედ მსგავსი ტიპის ფართომასშტაბიანი, საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევების შედეგების ანალიზს ეფუძნება და მიზნად ისახავს სკოლებში მათემატიკის და STEM საგნების სწავლების გაძლიერებას. აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხის ზრდას და საერთაშორისო დონეზე ჩვენი მოსწავლეების შედეგების მუდმივ გაუმჯობესებას.