6-11 ოქტომბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, XV საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტები ღია ცის ქვეშ, რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება და მასში მონაწილეობას ქართველი მუსიკოსები მიიღებენ.
ფესტივალი 6 ოქტომბერს, გია ყანჩელის სახელობის (არტოს) ბაღის ღია სივრცეში გაიხსნება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო - საგანმანათლებლო პროექტით - „ნოტებად ქცეული გმირობა". დაგეგმილია გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის სულხან ცინცაძის დაბადებიდან 95 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი, ეთნომუსიკოსის ანზორ ერქომაიშვილის დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო. ფესტივალის ფარგლებში სოლო კონცერტს გამართავენ ფრანსისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი ნატალია ქუთათელაძე და ესპანეთის, ქალაქ ვიგოს პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გიგა გიგაშვილი. ფესტივალის ფარგლებში აღინიშნება კომპოზიტორების გიორგი შავერზაშვილისა და ოთარ ტატიშვილის საიუბილეო საღამოები.
ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე” დასკვნით საღამოში მონაწილეობას მიიღებენ იანო ალიბეგაშვილი, თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი და პიანისტი სალომე მოდებაძე.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, „არდი დაზღვევა“, საქართველოში როიალ ბეხშტეინის წარმომადგენლობა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
დეტალური ინფორმაცია ფესტივალის პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/easterfest.ge