თბილისის უნივერსიტეტის დამაარსებლის – აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული კრებული გამოიცემა, რომელიც მეცნიერის საარქივო მასალის სრულყოფილი შესწავლის საფუძველზე მომზადდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით თსუ-სა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის საფუძველზე შეიქმნება სარედაქციო საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული კრებულის მომზადებასა და გამოცემას.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო მონაწილეობა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული კრებულის გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს შეკრებილი სამეცნიერო საზოგადოების წინაშე წარვდგე. ნამდვილად ისტორიული დღეა – საფუძველი ეყრება ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული კრებულის გამოცემას. ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი ახალგაზრდობისა და მომავალი თაობისთვის, რომ ასეთ საპატიო და საპასუხისმგებლო საქმეს ჩვენს თანამედროვეობაში ვიწყებთ. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან საამაყო გამოცემა ჩვენი ერისთვის და საჭირო საქმე ჩვენი მეცნიერებისთვის. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ თქვენგანს, განსაკუთრებით კი სარედაქციო საბჭოს, რომელიც კრებულის გამოცემაზე იმუშავებს“, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.
მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაალ აბაშიძემ მოაწერეს.
ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული კრებულის გამოცემა მისი, როგორც მეცნიერის, განსაკუთრებული დამსახურების კიდევ ერთი აღიარება. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და თსუ მუზეუმის საცავებში დაცულია ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო და ეპისტოლური მემკვიდრეობის უნიკალური ფონდები, რომელთა დიდი ნაწილი გამოუქვეყნებელია. ამ მემკვიდრეობის გამოცემა ეპოქალური მოვლენა იქნება ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების და, ზოგადად, ქართული კულტურისა და მეცნიერების ისტორიაში.