ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინოვაციის, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარ მარია გაბრიელთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში საქართველოს მონაწილეობისა და განათლების და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიას და პირადად მარია გაბრიელს საქართველოს მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მართლაც ისტორიული მოვლენაა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა ისეთ მნიშვნელოვან სამეცნიერო და კვლევით საგრანტო პროგრამასთან, როგორიც არის Horizon Europe. საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებისათვის ეს არის მართლაც უნიკალური შესაძლებლობა – მათ წვდომა გაუჩნდათ პროგრამაზე, რომლის ბიუჯეტი 95.5 მილიარდი ევროა.
მინისტრმა განაცხადა, რომ პანდემიამ კიდევ ერთხელ ცხადყო მეცნიერების მნიშვნელობა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ევროკავშირის Horizon 2020-ის პროგრამიდან მიღებული დაფინანსებით შეძლო გერმანულმა სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა - Biontech-მა mRNA-ტექნოლოგიის განვითარება, რომელიც კოვიდსაწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის შემუშავებას დაედო საფუძვლად. ეს არის იმის ნათელი დადასტურება, როგორ შეუძლია სამეცნიერო მიღწევებს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. მიხეილ ჩხენკელის თქმით, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოს სამეცნიერო საზოგადოება ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით ისარგებლებს, როგორითაც მათი ევროპელი კოლეგები.
მინისტრმა ევროკომისარს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და უნივერსიტეტის განვითარების საკითხები განიხილა. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
მისი თქმით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც აკადემიური პროგრამების შექმნას კონკრეტულ დარგში მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გულისხმობს. გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად უცხოელებიც კითხულობენ.
მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენტრში სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ულტრათანამედროვე ციკლოტრონების შექმნისთანავე დაიწყება, რომელთა დამზადება და აწყობა სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის. მკურნალობა შესაძლებელი იქნება ულტრათანამედროვე მეთოდით – პროტონული თერაპიით – ეს არის სხივური თერაპიის ფორმა, რომელიც ებრძვის მხოლოდ დაზიანებულ უჯრედებს, ხოლო ჯანსაღი უჯრედები უვნებელი რჩება. მეორე ციკლოტრონი განკუთვნილი იქნება მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, რაც განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს სამეცნიერო საზოგადოებაში. Horizon Europe უდიდეს შესაძლებლობებს მისცემს ქართველ მეცნიერებს ევროპელ კოლეგებთან ერთად განახორციელონ ერთობლივი პროექტები.
თავის მხრივ, ევროკომისარმა მარია გაბრიელმა კიდევ ერთხელ მიულოცა მიხეილ ჩხენკელს Horizon Europe-ის ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა და განაცხადა, რომ საქართველოს სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს მართლაც უნიკალური შანსი ეძლევათ ითანამშრომლონ ევროპელ კოლეგებთან, რაც დიდი პრივილეგიაა. ევროკომისარმა განსაკუთრებულად გამოყო ადრონული თერაპიის ცენტრში ულტრათანამედროვე ციკლოტრონებით სიმსივნის მკურნალობისა და სამეცნიერო-კვლევითი პროცესის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული მიმართულება Horizon Europe-ის პრიორიტეტს წარმოადგენს და მკვლევრებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ვახტანგ მახარობლიშვილი.