საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრთან ემინ ამრულაევთან, რომლის დროსაც მხარეებმა ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და მათი გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა კოლეგას მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. შეხვედრისას მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა, რაც ითვალისწინებს საქართველოში აზერბაიჯანულენოვანი სკოლების, აზერბაიჯანში კი ქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფას. ასევე დადებითად შეფასდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო გამოცდების ცენტრს შორის არსებული თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც არაქართულენოვანი სკოლების აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისათვის საგნის გამოცდის დავალებები შემუშავდა. აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის პარტნიორობის შედეგად, მასწავლებლებს კარიერული წინსვლისა და ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობა მიეცათ.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მასწავლებელთა ხელშეწყობას კვალიფიკაციის გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით, მოსწავლეთა და სტუდენტთათვის მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების შეთავაზებას და სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზებას.
მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში 2022 წლის თებერვალში გაფორმებულ მემორანდუმზე, რომელიც თანამშრომლობას ითვალისწინებს როგორც ზოგადი განათლების, ასევე, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროებში. დოკუმენტი ხელს უწყობს ორი ქვეყნის აკადემიურ წრეებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის კავშირების გამყარებას, აგრეთვე, ქართული და აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის სწავლებას შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო საფეხურზე.
თავის მხრივ, ემინ ამრულაევმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პირადად მიხეილ ჩხენკელს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების მხარდაჭერისათვის სახელმწიფო ენის სწავლების კუთხით, რაც მათ საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლისა და საზოგადოებაში უკეთ ინტეგრაციის შესაძლებლობას აძლევს.