პირველად საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, 2-4 ნოემბერს სამმხრივი შეხვედრის ფორმატში – ევროკომისიისა და ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის ასოციაციის მონაწილეობით „ღია მეცნიერების ფორუმი‘‘ იმართება, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა გახსნა.
მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ღია მეცნიერების ეროვნული პოლიტიკისა და სტრატეგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ღია მეცნიერება ეს გახლავთ ახალი ფილოსოფია და ახალი ხედვა მეცნიერებაში, რაც უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ მეცნიერებისა და განათლების სექტორისთვის, არამედ მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებისთვის.
ღია მეცნიერების განვითარების მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან ის ხელს უწყობს საქართველოს სამეცნიერო კვლევით და ინოვაციურ ეკოსისტემას გახდეს კიდევ უფრო თავსებადი იმ სტანდარტებთან, რომელსაც დღეს ევროპული სამეცნიერო სივრცე გვთავაზობს, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.
„ღია მეცნიერების ფორუმი“, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება მიზნად ისახავს ღია მეცნიერების ეროვნული პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და განვითარებას, ევროპის ღია მეცნიერების ღრუბელთან (EOSC) თავსებადი სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობასა და ეროვნულ დონეზე (EOSC)-ის ელჩების გადამზადებას, რაც ქართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს საერთო ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ფორუმის პირველ დღეს მონაწილეებმა ღია მეცნიერების ეროვნული პოლიტიკისა და სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტი, ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის შექმნაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი და ამ მიმართულებით სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
ფორუმის ფარგლებში ასევე ჩატარდება კონფერენცია, რომელშიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ევროკომისიისა და ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, Horizon Europe-ის ეროვნული ოფისის და EOSC (The European Open Science Cloud)-თან თავსებადი სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურებისა და პროექტების ხელმძღვანელები მიიღებენ.
ფორუმი ასევე ითვალისწინებს EOSC-ის ელჩებისთვის ტრენინგის ჩატარებას, სადაც ევროპის ღია მეცნიერების ღრუბელთან თავსებადი პლატფორმების შემქმნელები და ექსპერტები ევროპიდან მათ საუკეთესო გამოცდილებას გაუზიარებენ.
ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარე ფორუმში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს როგორც პირისპირ, ისე ონლაინ ფორმატში.
მომდევნო დღეებში ფორუმის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის მართვის საბჭოს წევრები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და ღია მეცნიერების ეროვნული პლატფორმის შექმნის პერსპექტივებს განიხილავენ.
აღსანიშნავია, რომ 4 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხელ ჩხენკელმა გახსნა, გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტთან თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს. დოკუმენტის თანახმად მხარეები პარტნიორობის ფარგლებში ერთობლივ სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებენ.