საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ABET-კონფერენცია გახსნა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ღონისძიების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
გიორგი ამილახვარი: „ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით, დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უმნიშვნელოვანესი ღონისძიება – ABET-კონფერენცია, რომლის მონაწილეებმა ერთმანეთს უმაღლესი განათლების განვითარების კუთხით საერთაშორისო ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.
მოხარული ვარ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროგრამა ამ ეტაპზე გადის ABET აკრედიტაციას. აღნიშნული პროგრამა სან დიეგოს უნივერსიტეტთან ერთად განხორციელდება და ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარების საქმეში.
მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი პროფესიონალი კადრების მომზადების კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობისა და აკრედიტაციის მქონე ერთობლივი პროგრამების განხორციელების მნიშვნელობას, რაც უდიდეს როლს ასრულებს მომავალზე ორიენტირებული, კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის ჩამოყალიბების პროცესში.“
ABET კონფერენციის გახსნაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ, ათასწლეულის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს დეკანმა, პროფესორმა ჰალილ გუვენმა.
ABET აკრედიტაციას ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა გადის; დაგეგმილია ტექნოლოგიის სკოლის სამოქალაქო ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერებისა და ელექტრო და ელექტრული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამების ABET აკრედიტაციის პროცესების ეტაპობრივი დაწყებაც.
კონფერენციაზე ABET აკრედიტაციის პროცესის ჭრილში პროგრამების განვითარების მიმართულებით მიღწეული შედეგები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთობლივი სამოქალაქო ინჟინერიის ორმაგი ხარისხის პროგრამას, რომელიც წელს სტუდენტების ბოლო ნაკადს მიიღებს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საპატიო დოქტორის მინიჭების ცერემონია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ ABET საერთაშორისო ექსპერტებს: ფრენსის ედვარდ ნოელს, ალბერტ ჯოზეფ ტერნერ ჯუნიორსა და ვილიამ ჰენრი ჰაითერს.
კონფერენციის დაწყებამდე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა დაათვალიერა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის კორპუსი, რომელიც 2019 წელს აშენდა ილიაუნის და ათასწლეულის ფონდის თანამშრომლობით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.
ოთხსართულიან, 5000 კვ.მ. ფართობის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ საგანმანათლებლო კორპუსში განთავსებულია საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო აუდიტორიები, სამუშაო ოთახები, ელექტრული ინჟინერიისა და სამოქალაქო ინჟინერიის ლაბორატორიები, სამკითხველო დარბაზები. ამჟამად აღნიშნულ კორპუსში სწავლობენ იმ პროგრამების სტუდენტები, რომლებიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შემუშავდა.