საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაცია მერსი ქორფსს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, მერსი ქორფსის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ირაკლი ქასრაშვილმა და WISE პროგრამის დირექტორმა ნინო ჭელიძემ მოაწერეს. მხარეებმა მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
მემორანდუმის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მერსი ქორფსი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ზოგადი და პროფესიული განათლების სფეროში ქალთა უსაფრთხოებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით ერთობლივ პროექტებსა და პროგრამებს განახორციელებენ. კერძოდ, ითანამშრომლებენ ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: გენდერული თანასწორობისა და უსაფრთხოების პრინციპების ხელშეწყობა; ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება; ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენცია და აღმოფხვრის ხელშეწყობა;
აღსანიშნავია, რომ WISE („ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის“) წარმოადგენს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მხარდაჭერილ პროგრამას, რომელსაც აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ახორციელებს.
პროგრამის მიზანია როგორც ქალთა უფლებებზე მომუშავე საზოგადოების მხარდაჭერა, ასევე ქალთა მიმართ ძალადობის (GBV) და ძალადობრივი ექსტრემიზმის (VE) საკითხებზე თემში ცნობიერების ამაღლება. ასევე, რეაგირება ქალთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის ისეთ ფორმებზე, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს გენდერულ თანასწორობასა და ინკლუზიურ, დემოკრატიულ სამოქალაქო საზოგადოებაზე.