საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ეწვია და პრეზიდიუმის წევრებთან - აკადემიკოსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
საუბარი შეეხო მეცნიერების სფეროს განვითარების სამომავლო გეგმებს და არსებულ გამოწვევებს.
გიორგი ამილახვარმა მეცნიერების განვითარების პროცესში აკადემიის როლზე გაამახვილა ყურადღება და მადლობა გადაუხადა აკადემიის პრეზიდენტსა და პრეზიდიუმის წევრებს მიწვევისთვის.
მინისტრმა ასევე ისაუბრა სამეცნიერო სფეროს ინსტიტუციურ მოწყობასა და მისი დაფინანსების საკითხებზე.
თავის მხრივ, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა მინისტრს მეცნიერებათა აკადემიის მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მადლობა გადაუხადა მას მხარდაჭერისთვის.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის წევრებმა მინისტრისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მოისმინეს მოსაზრება.