საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებული „ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის“ ფარგლებში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა პანელური დისკუსია - „სამეცნიერო კვლევების ტრანსლაცია ეკონომიკაში - საქართველოს მაგალითი: ეკონომიკაში კვლევების ტრანსლაციის გარემო, მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები“.
ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორ თეიმურაზ დოჭვირთან ერთად, გახსნა.
მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და საუბრისას მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის კუთხით „ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის“ ჩატარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
სიტყვით გამოსვლების შემდეგ, პანელურ დისკუსიაზე მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: საქართველოში განხორციელებული კვლევების ეკონომიკაში ტრანსლაციის გარემო, სახელმწიფო დაფინანსება, გრანტები, პროგრამები, მიღწევების ინდიკატორები, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული წარმატებული პროექტების მაგალითები და სხვა.
პანელური დისკუსიის ფარგლებში ასევე გაიმართა ფონდის მიერ ადმინისტრირებული სახელმწიფო საგრანტო კონკურსების გამარჯვებული სამეცნიერო პროექტების პრეზენტაცია.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერების სფეროში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
ღონისძიების მიზანი იყო ქვეყნის ეკონომიკის ზრდა-განვითარებაში მეცნიერების, მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევების როლის წარმოჩენა, კომერციული და ტექნოლოგიური ტრანსფერის პოტენციალის მქონე იმ ინოვაციური კვლევების გამოვლენისა და დანერგვის მხარდაჭერა, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური გამოწვევების გადაჭრაზეა ორიენტირებული.