საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბსონიამ ილია ვეკუას სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დაარსებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში „თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები” მიიღო მონაწილეობა.
მინისტრის მოადგილემ ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს იუბილე მიულოცა, წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ილია ვეკუას სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი დღემდე რჩება მოწინავე სამეცნიერო ცენტრად, რომელიც ღირსეულ ადგილს იკავებს საერთაშორისო ასპარეზზე.
ზვიად გაბისონიამ ყურადღება გაამახვილა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტს შორის მრავალწლიან პარტნიორობაზე, რომლის მიზანია ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერა, მეცნიერების პოპულარიზაცია და კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარება. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალსა და ინოვაციურ შესაძლებლობებს.
ილია ვეკუას სახელობის სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი XX საუკუნის 50-იან წლებში დაარსდა. მისი დაფუძნება დაკავშირებულია ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებასთან, რაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენდა საქართველოს სამეცნიერო სივრცეში. ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით გამოჩენილ გერმანელ მეცნიერებს — პროფესორ მანფრედ ფონ არდენეს, ნობელის პრემიის ლაურეატ გუსტავ ჰერცს და სხვებს, რომლებმაც ქართველ მეცნიერებთან ერთად საფუძველი ჩაუყარეს ქვეყანაში მაღალი ტექნოლოგიების სამეცნიერო ცენტრის შექმნას.