საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა შანხაიში WorldSkills 2026-ის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გამართა.
ბაია კვიციანი გაერთიანებული სამეფოს შეფასებისა და კვალიფიკაციების ალიანსის გლობალური შეფასების სერვისების (AQA Global Assessment Services) საერთაშორისო მიმართულების დირექტორს შონ კროულსა და საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელს საიედ შაჰის შეხვდა.
მინისტრის მოადგილემ AQA-ს წარმომადგენლებს საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, მიღწეული პროგრესი და არსებული პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესება; შეფასებისა და სერტიფიცირების სისტემის განვითარება; შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული სტანდარტებისა და კვალიფიკაციების განვითარება; სასწავლო პროგრამების გაუმჯობესება.
ბაია კვიციანმა შეხვედრები გამართა WorldSkills Europe-ისა და WorldSkills Asia-ის წარმომადგენლებთან და აღნიშნულ ორგანიზაციებში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივები განიხილა.
მინისტრის მოადგილე ასევე შეხვდა გერმანიის განათლების ფედერალური სამინისტროს პროფესიული განათლებისა და უწყვეტი სწავლების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს კატრინ ჰანკენსა და EuroSkills Düsseldorf 2027-ის წარმომადგენლებს. მხარეებმა დუსელდორფში დაგეგმილ საერთაშორისო კონკურსში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობის კუთხით საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრეს.
შანხაიში ვიზიტის დასასრულს ბაია კვიციანმა აბილიმპიკის საერთაშორისო ფედერაციის (IAF) წარმომადგენელთან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით პარტნიორობის შესაძლებლობები განიხილა.