რეგიონებში ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების პროცესი გრძელდება. ამჯერად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი აჭარის რეგიონს ესტუმრა, სადაც ქობულეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების სკოლების გამორჩეულ პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
თამარ მახარაშვილმა სიტყვით გამოსვლისას პედაგოგის პროფესიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში პროფესიის ერთგულებისთვის.
მინისტრის მოადგილემ ისაუბრა PISA-ს 2025 წლის საერთაშორისო კვლევაში საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე და ამ კუთხით პედაგოგების დამსახურებას გაუსვა ხაზი.
ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
პედაგოგებს სიგელებთან ერთად სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ.
მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ქვეყნის ყველა რეგიონში მიმდინარეობს.
ინიციატივა მიზნად ისახავს პედაგოგთა მრავალწლიანი შრომის დაფასებას, მათი პროფესიული საქმიანობის აღიარებასა და წახალისებას.