
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მოადგილე ლია გიგაური რეგიონის პედაგოგებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, მინისტრის
მოადგილე ზუგდიდში პედაგოგებს, ზუგდიდის
საჯარო სკოლების დირექტორებსა და სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის
საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა.
ლია
გიგაურმა შეხვედრაზე მოკლედ მიმოიხილა განვლილი პერიოდი და ზოგადი განათლების იმ
ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე
გაამახვილა ყურადღება, რაც სწავლა-სწავლების ხარისხისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლებას
და მათ წახალისებას უწყობს ხელს.
მინისტრის მოადგილემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და
აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხა.
განათლების სისტემის წარმომადგენლებთან შეხვედრა
ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში გაიმართა. შეხვედრის დაწყებამდე ლია გიგაურმა სკოლა
დაათვალიერა, სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა და
მოსწავლეებს სასიხარულო ინფორმაცია აცნობა. აღსანიშნავია, რომ ამ სკოლის
ერთი კლასის ორი გუნდი გახდა გამარჯვებული სამინისტროს მიერ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში,
კერძოდ, ქიმიაში გამოცხადებულ კონკურსში. გამარჯვებული
მეცხრეკლასელები 2015 წელს პოლონეთში კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში გაემგზავრებიან.
ეს ახალი, სასიხარულო ინფორმაცია გამარჯვებულმა მოსწავლეებმა და სკოლამ, უშუალოდ მინისტრის
მოადგილისაგან შეიტყვეს და პირველი მილოცვაც ლია გიგაურისაგან მიიღეს.