ჟურნალი „ბიზნესი და მენეჯმენტი“ N1 (25)2010
ესაუბრა: თემურ იობაშვილი
მინი-დოსიე
დიმიტრი შაშკინი - დაიბადა 1975 წლის 8 აგვისტოს, ქ. თბილისში.
1982 – 1992 წლებში სწავლობდა თბილისის №52 საშუალო სკოლაში.
1993 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც 1998 წელს დაამთავრა წითელ დიპლომზე; აქვს მაგისტრის ხარისხი სისხლის სამართალში; არის სახელმწიფო, საგადასახადო და სისხლის სამართლის სპეციალისტი;
1992 – 1993 წლებში სწავლობდა ქართულ-ბერძნულ უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართლის სპეციალობაზე;
სამუშაო გამოცდილება:
1992 – 1993 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში – შეიარაღების სამსახურის ინსპექტორად.
1997-1998 წლებში მუშაობდა ამერიკის იურისტთა ასოციაციაში (ABA), დირექტორის თანაშემწედ.
1998 – 2001 წლებში მუშაობდა საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI), იყო პროგრამის ოფიცრის მოადგილე; 2001-დან 2007 წლამდე იყო იგივე ინსტიტუტში პროგრამის ოფიცერი, ხოლო 2007 წლიდან 2009 წლამდე კი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს პროგრამის დირექტორი;
პარალელურად - 1998 – 2009 წლებში მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა საარჩევნო კამპანიის კონსალტინგი და მენეჯმენტი.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
ბატონო დიმიტრი, რამ გამოიწვია სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან თქვენი გადასვლა განათლების და მეცნიერების სამინისტროში?
ეს შეკითხვა ჩემს მიმართ არ არის, ეს შეკითხვა პრეზიდენტს უნდა დაუსვათ.
რამდენად კმაყოფილი ხართ წინა სამსახურში ყოფნით და თქვენი შეფასებით, სად უფრო ეფექტური აღმოჩნდა თქვენი საქმიანობა?
რა თქმა უნდა. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი თვისება ის არის, რომ მინისტრების შეცვლით არ იცვლება ინსტიტუციები და არის მდგრადი. ამიტომ, იგივე პრობაცია იყო ერთ-ერთი ნაწილი იმ სისხლის სამართლის პოლიტიკისა, რომელსაც მთავრობა ატარებდა და ატარებს. 2009 წელს, თქვენ თუ გაეცნობით იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ შედეგებს – ნახავთ, რომ იყო დანაშაულის კლება. პირველ რიგში ეს არის შსს-ს და გენერალური პროკურორის დამსახურება, მაგრამ, ამ გაუმჯობესებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებში პატარა, თუმცა მნიშვნელოვანი წვლილი პრობაციის სამინისტრომაც შეიტანა.
რთული შეკითხვაა. ჩემი აზრით, ეს ინსტიტუტი შედგა. მთავრობა არის ძლიერი. იგივე ის რეიტინგული მაჩვენებლები, რომლებიც საქართველოს აქვს, იმაზე მეტყველებს, რომ მთავრობა მუშაობს ხალხისთვის და ხალხი ამას აფასებს.
მთავარია, ნებისმიერი სახელმწიფო მოხელის მიზანი იყოს, რომ საქართველოში გვქონდეს ჩამოყალიბებული ინსტიტუციები. იქნება დღევანდელი მთავრობა თუ სხვა მთავრობა მოვა მომავალში, ამას არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს ინსტიტუციებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც მიაღწია დღევანდელმა მთავრობამ, ეს არის ინსტიტუციების ჩამოყალიბება. მაგალითისთვის, 2003 წელს არ არსებობდა ისეთი ინსტიტუცია, როგორიც არის ჯარი, პოლიცია... ხელისუფლებამ ეს ყველაფერი შექმნა 7 წელიწადში და ჩემი აზრით, ძალიან წარმატებულად.
როდესაც ბატონი კახა იყო მინისტრი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა სახელმწიფოში კორუფცია იყო. ბავშვები თავისი ნიჭით კი არ აბარებდნენ უმაღლეს სასწავლებელში, არამედ ბიძაშვილ-მამიდაშვილებისა და ფულის მეშვეობით. სწორედ კახას მოუწია ამ პრობლემასთან ბრძოლა. მან წარმატებულად დაამარცხა კორუფცია და ახლა ბავშვები აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში თავისი ნიჭით და თავისი ცოდნით. თუ ეს პრობლემა არ მოგვარდებოდა, არანაირი მნიშვნელობა არ ექნებოდა იმას, რასაც მე ვაკეთებ. ზუსტად კახას წარმატებამ მოგვცა საშუალება და გადავედით მეორე ეტაპზე. მე მგონი, ჩვენი ოპონენტებიც აღიარებენ, რომ ბავშვები უნივერსიტეტში აბარებენ თავისი ნიჭით. ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ ახლა მოვაგვაროთ სკოლის პრობლემები. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ბავშვმა იაროს სკოლაში, მიიღოს ცოდნა, მასწავლებელს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ასწავლოს.
მარტივად შეიძლება ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. ბოლონიის პროცესი, რომელშიც ყველა ევროპული ქვეყნის მსგავსად საქართველოც ჩართულია, ითვალისწინებს 12-წლიან სწავლებას. თუ ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ევროპის ნაწილი, მოგვწონს თუ არ მოგვწონს – უნდა ვითამაშოთ იმ წესებით, რომლითაც ევროპა თამაშობს; თუ ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ჩვენს ბავშვებს ჰქონდეთ შესაძლებლობა - მიიღონ განათლება საზღვარგარეთ და მერე დაბრუნდნენ საქართველოში, ამისათვის 12-წლიანი სწავლება აუცილებელია. როდესაც ვსაუბრობთ გლობალიზაციაზე და ვამბობთ, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, არსებობს თამაშის წესები, რომელიც არის მიღებული ყველა ევროპული ქვეყნის მიერ. ჩვენ ვალდებული ვართ შევასრულოთ ზუსტად ეს მოთხოვნები.
ნორმალური საშუალო განათლებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია 12 წელი - თუ უბრალოდ იმიტომ უნდა დავემორჩილოთ, რადგან ევროპა ხელმძღვანელობს ამ სტანდარტებით?
ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ბრმად მივყვებით და ვასრულებთ იმ ნორმებს, რაც ევროპაში მუშაობს. არა, 12 წელიწადი ზუსტად არის გათვლილი სასწავლო პროცესის დრო, რომელიც საჭიროა ბავშვისთვის საშუალო განათლების მისაცემად – ეს არის ზუსტად გამოყვანილი ფორმულა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მოსწავლეს სკოლაში მივცეთ ის განათლება, რომელიც საჭიროა.
მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს სახელმძღვანელოების მრავალფეროვნება სკოლაში. თქვენს ოპონენტებს პრეტენზია აქვთ – არ შეიძლება სხვადასხვა სკოლაში სხვადასხვა სახელმძღვანელოთი ხდებოდეს ერთი და იგივე საგნის სწავლება. თუ ივარაუდება, რომ განათლების სამინისტრო დააკანონებს ყველასთვის სტანდარტულ სახელმძღვანელოებს, ან როგორ აპირებთ სახელმძღვანელოების მხრივ არსებული პრობლემის მოგვარებას?
ის, რომ ჩვენ პრობლემები გვაქვს სახელმძღვანელოებთან, უდავოა. საქართველოს პრეზიდენტმა ამ ფაქტის შესახებ ისაუბრა კიდეც ბათუმში, როდესაც ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმის მეორე ეტაპის სტრატეგიაზე. პრობლემები, რაც სახელმძღვანელოებს უკავშირდება, საბოლოოდ, 2012 წლისთვის მოგვარდება.
ანუ, იქნება ერთი და იგივე წიგნი, რომელსაც ყველა სკოლაში გამოიყენებენ?
არა. აქ არის სხვაობა, თუ რითი განსხვავდება ჩვენი სტრატეგია იმ არაპროფესიონალურ იდეებთან, რომელიც აქვთ ჩვენ ოპონენტებს. როგორც თქვენ, ასევე მეც მომისმენია მათგან, რომ ყველასთვის სახელმძღვანელო უნდა იყოს ერთი, უნდა იყოს ყველაფერი თანაბარი და ა.შ.
ჩემი აზრით, ეს არის დაბრუნება იმ საბჭოთა ეპოქაში, სადაც თავის დროზე მეც ვსწავლობდი და ეს არის არასწორი მიდგომა. არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არავის აზრად არ მოუვა, რომ სახელმძღვანელო იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი, და ვიღაცა ბიძიამ გადაწყვიტოს, ეს სახელმძღვანელო როგორ უნდა დაიწეროს.
ის, რომ სახელმძღვანელოების მიმართ უფრო მკაცრი კონტროლი უნდა იყოს – ეს უდავოა და ამაზე ჩვენ ვმუშაობთ. მაგრამ ფიქრი, რომ ჩვენ შევქმნით 3-5 კაციან ჯგუფს, რომელიც გადაწყვეტს ყველაფერს, არაპროფესიონალური მიდგომაა. ეს არის მსჯელობა იმ მენტალიტეტით, რომელიც იყო საბჭოთა კავშირში. იყო ერთი დედაპარტია და ყველაფერს ის წყვეტდა.
სამინისტროს მიზანია, იყოს მრავალფეროვნება და ყველა საგანში იყოს რამდენიმე კარგი სახელმძღვანელო. სამწუხაროდ, თავის დროზე იყო დაშვებული შეცდომები იგივე გრიფირების დროს. გრიფირება მიენიჭა იმ სახელმძღვანელოებს, რომლებიც მართლა არ შეესაბამება ჩვენს სტანდარტებს.
სახელმძღვანელოების პრობლემა აგრეთვე დაკავშირებულია სასწავლო გეგმასთან, რომელიც იცვლება და 2010 წლის სექტემბერში დაიდება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა. ჩვენ ვაღიარებთ, რომ თავის დროზე შეცდომა დავუშვით, როდესაც მასწავლებელს სრული დამოუკიდებლობა მიენიჭა და პედაგოგი თვითონ ირჩევდა 100%-ის ფარგლებში, თუ რა პროგრამით ასწავლიდა.
ახალ სასწავლო გეგმაში გათვალისწინებულია 60%-იანი აუცილებელი კომპონენტი. პედაგოგი დარჩენილ 40%-ში იქნება თავისუფალი. მაგალითად, მასწავლებელი ასწავლიდა ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას, მაგრამ არ იყო დაზუსტებული, რომელი ნაწარმოები უნდა ყოფილიყო სასწავლო პროგრამაში. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ ისეთი სიტუაცია, როდესაც საგარეჯოში ერთ ნაწარმოებს ასწავლიდნენ, თბილისში მეორეს, ზუგდიდში სულ სხვას და ა.შ.
ამიტომ ახალი სასწავლო გეგმა გაითვალისწინებს 60%-იან აუცილებელ კომპონენტს, სადაც სახელმწიფო იტყვის, რომ ეს და ეს ნაწარმოები უნდა ისწავლებოდეს ყველა სკოლაში. დანარჩენი 40% კი იქნება საკმარისი, რათა მასწავლებელმა საკუთარი ნიჭიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე შეარჩიოს და შეადგინოს სასწავლო გეგმა.
სახელმძღვანელოებში გრიფირების პრობლემა საბოლოოდ მოგვარებული იქნება 2012 წლამდე, წელსაც უკვე გამკაცრდა გრიფირების წესები. შემოვიღეთ ახალი ტექნიკური გრიფირება, სადაც გამოვიყენეთ ფსიქოლოგების გამოცდილება, რათა იგივე შრიფტი, ნახატი შეესაბამებოდეს სტანდარტებს. ბაზარმა სიტუაცია გარკვეულწილად დაარეგულირა და ცუდი სახელმძღვანელოები სკოლაში არ შედის, მაგრამ ადრე დაბეჭდილი ცუდი სახელმძღვანელოების გარკვეული რაოდენობა ბაზარზე მაინც არის დარჩენილი.
გრიფირების გამკაცრებამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ თუ ახალი სახელმძღვანელოს მიმართ ერთი შეკითხვა მაინც გაჩნდება, გრიფირება ვერ მიიღოს, მაგრამ როდესაც ახალი სასწავლო ეროვნული გეგმა იქნება შექმნილი, ამ სახელმძღვანელოებს მაინც ადაპტაცია დასჭირდებათ. 2012 წლამდე დამთავრდება ეს პროცესი და მე გპირდებით, რომ 2012 წელს ყველა სახელმძღვანელო, რომელიც იქნება სკოლაში, იქნება კარგი. ეს არის მთავარი. ჩვენ არ გპირდებით, რომ იქნება ერთი სახელმძღვანელო. ეს არის მცდარი მიდგომა. ვამბობთ, რომ იქნება რამდენიმე კარგი სახელმძღვანელო, რომელიც მასწავლებელმა და მშობელმა თვითონ უნდა აირჩიონ.
იწერება ასევე ეთიკის კოდექსი, რომელიც მაისში უნდა დასრულდეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება, რომ მასწავლებელს დაევალება ყოველი ტრიმესტრის დასაწყისში შეხვდეს მშობლებს და აუხსნას, თუ რატომ აირჩია ესა თუ ის სახელმძღვანელო და როგორ აპირებს, რომ ბავშვებს ასწავლოს. მშობელს უნდა ჰქონდეს აბსოლუტური ინფორმაცია, თუ რა სახელმძღვანელოთი და რა გეგმით აპირებენ მის ბავშვს ასწავლონ.
ეს განათლების რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ნაწილია. უკვე გესაუბრეთ იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე, 2009 წელს ყველგან – ყველა მიმართულებით იყო დანაშაულის კლება. სამწუხაროდ, ეს არ შეეხო არასრულწლოვანთა შორის დანაშაულს. ამიტომაც, ეს არის ერთ-ერთი პირიორიტეტი სამინისტროსთვის, ამიტომაც შეიქმნა მანდატურების სამსახური და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ამ პრობლემის მოსაგვარებლად გადავდგით. მანდატურები უკვე შევიდნენ შვიდ საპილოტე სკოლაში და სექტემბრიდან ეტაპობრივად შევლენ თბილისის ყველა სკოლაში, ასევე ეტაპობრივად – ყველა დიდი ქალაქის სკოლაში. მანდატურები არიან მაღალი რანგის პროფესიონალები, რომლებიც მომზადებულები არიან შსს-ს აკადემიაში, აქვთ გავლილი სპეციალური მომზადება როგორც ფსიქოლოგებთან, ასევე გაიარეს კონფლიქტ-მენეჯმენტის კურსები. მათი ფუნქცია არა ვინმეს დასჯა, არამედ დანაშაულის პრევენციაა. ორი კვირის მაგალითმა გვაჩვენა, რომ ეს იყო აბსოლუტურად სწორად მიღებული გადაწყვეტილება.
სამწუხაროდ, ჩვენი მოლოდინი გამართლდა და საზოგადოებაში არის ხალხის მცირე ნაწილი, ვისაც ეს ინიციატივა არ მოსწონს. მაგალითს მოვიყვან: ერთ-ერთ სკოლაში მანდატურებმა აღკვეთეს საჭმლის წართმევა, როდესაც უფროსკლასელები პირველ-მეორე კლასელებს საჭმელს ართმევდნენ. შეუძლებელია ამ შემთხვევის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულება გვქონდეს. მაგრამ, არსებობს ხალხი, ვინც ცდილობს ეს სიტუაცია გაამართლოს და ასეთი კომენტარიც მოვისმინე – თურმე ჩვენ ამაში არ უნდა ჩავერიოთ, ჯუნგლების კანონის დონეზე უნდა დავიდეთ და ყველაფერს ბავშვები თვითონ მოაგვარებენ. ეს ხალხი ქუჩის კანონებით საუბრობს. ჩემთვის მართლა გაუგებარია და ვთხოვ ამ ხალხს – მივიდნენ იმ პატარა ბავშვის მშობლებთან, რომელსაც დაახლოებით 1 წლის წინ უფროსკლასელებმა ლურსმანი ჩაარტყეს თითში და ტუალეტში დატოვეს. სამწუხაროდ, უარესი ფაქტებიც არსებობს და ჩვენ ან თვალი უნდა დავხუჭოთ და ჯუნგლების კანონებს შევეგუოთ, ან ჩვენ ამაში ჩავერევით და დავიცავთ ყველა ბავშვის ინტერესებს.
მანდატურები მოსწავლეებთან ურთიერთობაში ძალიან იოლად შევიდნენ. ძალიან კარგი ფაქტებია, როდესაც ჩანს, თუ როგორ ეხმარებიან ბავშვებს. მაგალითად, ერთ-ერთმა მოსწავლემ დაკარგა მობილური ტელეფონი და მანდატურმა პატრულს სთხოვა დახმარება. პატრულმა კი მობილური ნახევარ საათში მოუტანა. სამწუხაროდ, არსებობს ერთეული შემთხვევები, როდესაც კონფლიქტი ხდება მასწავლებელთანაც, მაგრამ ვიმეორებ, ჩვენ არ ავერიდებით სიტუაციას და მზად ვართ ამ კონფლიქტებისთვის. მაგალითად, როდესაც მასწავლებელი პირად საქმეზე გზავნის ბავშვს რომელიმე სახელმწიფო უწყებაში და ავალებს რაღაც საბუთები მოუტანოს, თან ეს ხდება სასწავლო პროცესის დროს, ეს მიუღებელია. მშობელი ბავშვს სკოლაში იმისთვის უშვებს, რომ ისწავლოს და არა იმისთვის, რომ მასწავლებლის საქმეებზე ქუჩა-ქუჩა იაროს. ასევე დაუშვებელია, როცა მასწავლებელი დაწყებითი კლასების მოსწავლეს ქუჩაში გააგდებს და ეტყვის – წადი და მამაშენი სკოლაში მომიყვანეო. მასწავლებელს არავითარი უფლება არა აქვს 7 წლის ბავშვი ქუჩაში გააგდოს და აატიროს, მით უმეტეს ეს ბავშვი სკოლაში მშობლებს დაჰყავდათ, სახლში მარტო არასოდეს წასულა.
ასეთი ფაქტები ჩვენთვის მიუღებელია. თუ აგრესია ამ ფაქტებზეა აგებული იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც არ მოსწონს მანდატურები, ეს მათი პრობლემაა. მიმაჩნია, რომ ჩემი და საზოგადოების პოზიცია ამ სიტუაციაში ერთი და იგივეა.
ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები ზუსტად იმ მიზეზით, რომ სამწუხაროდ, ბოლო 2 წლის განმავლობაში ბავშვებმა მომზადება დაიწყეს რეპეტიტორებთან მხოლოდ 3-4 საგანში, რომლებსაც ისინი ეროვნული გამოცდებისთვის ირჩევდნენ. ამით ჩვენ მივიღეთ ძალიან ცუდი და მანკიერი პრაქტიკა. სკოლამ ბავშვს უნდა მისცეს ზოგადი განათლება. თუ ჩვენ წავალთ ამ გზით და არაფერს შევცვლით, გვექნება ის შედეგი, რომ სკოლადამთავრებულ ბავშვს ეცოდინება მხოლოდ 3-4 საგანი. ეს არ არის მხოლოდ ის პრობლემა, რომ ბავშვს არა აქვს მიღებული ზოგადი განათლება. მთავარი პრობლემა სხვაა: ყველა ბავშვი უმაღლესში იმ ფაკულტეტზე ვერ აბარებს, სადაც სურს. მაგალითად, ბავშვი ემზადებოდა ჰუმანიტარული ფაკულტეტისთვის, ვერ ჩააბარა იურიდიულზე და მეორადი არჩევანის შესაბამისად ჩაირიცხა მათემატიკის ფაკულტეტზე. ბოლო 4 წლის მანძილზე მას მათემატიკის წიგნი საერთოდ არ გადაუშლია. რატომ მოვატყუოთ ერთმანეთი და საკუთარი თავი, როგორ გგონიათ, ასეთი ბავშვი მათემატიკის სპეციალისტი გამოვა?
გამოცდებიც ამისთვის დაინიშნა. ბავშვმა მინიმალური კომპეტენცია უნდა დაადასტუროს. ჩვენ არ ვთხოვთ, რომ ყველა საგანში ფრიადოსანი იყოს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ატესტატის ჩასაბარებელ გამოცდაზე, ჩვენ ვსაუბრობთ მინიმალურ კომპეტენციაზე. ჩვენ დავამტკიცეთ პროგრამა, თუ რა უნდა იცოდეს ბავშვმა, რომ ჩააბაროს გამოცდები. მაგალითისთვის ისტორიის საგანი რომ ავიღოთ, ბავშვმა უნდა იცოდეს როდის შემოვიდა ქრისტიანობა საქართველოში, ვინ იყო ნაპოლეონ ბონაპარტე... ასევე მათემატიკაში გამრავლების ტაბულა უნდა იცოდეს. კომპეტენცია მინიმალურია.
რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოს – ბავშვმა გეოგრაფია უნდა იცოდეს. მაგალითად, საფრანგეთი, გერმანია, საქართველო – რუკაზე სად არის უნდა იცოდეს. დავით აღმაშენებელი ვინ იყო და შოთა რუსთაველი – უნდა იცოდეს.
ეს იყო შეცდომა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმაც აღნიშნა. შეცდომა გამოსწორებულია და ასეთი რამე არავითარ შემთხვევაში აღარ მოხდება. პირიქით, ჩემი დავალებით შეიქმნა ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს დირექტორის სტანდარტს. სამწუხაროდ, დღემდე არ გვქონდა და მაისში უკვე იქნება დამტკიცებული სტანდარტი, თუ როგორი უნდა იყოს დირექტორი, რა უნდა იცოდეს და ა.შ. დირექტორი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა სასწავლო პროცესის დროს. ის არის მენეჯერი, რომელიც საკმაოდ დიდ სფეროს არეგულირებს.
2006 წელს იყო მიღებული კანონი განათლების შესახებ, რომლის მიხედვითაც 2014 წელს ყველა მასწავლებელი, რომელიც მუშაობს სკოლაში, უნდა იყოს სერტიფიცირებული. ამიტომ, ჩვენ 2010-ში, ანუ ახლა, მასწავლებლების სერტიფიცირების ნებაყოფილობითი პროცესი დავიწყეთ. ნებისმიერი მშობლის დაკვეთაა, რომ მასწავლებელი იყოს კვალიფიციური და კარგი ცოდნა გადასცეს მოსწავლეს. სერტიფიცირება სწორედ ამისთვის ტარდება. პირველი სასერტიფიკაციო გამოცდები 2010 წლის ივლისში ჩატარდება. დაახლოებით 15 ათასმა მასწავლებელმა უკვე გაიარა რეგისტრაცია და მზად არის გავიდეს გამოცდაზე.
მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორი მიდგომა ჩამოყალიბდა იგივე მატერიალურ წახალისებასთან დაკავშირებით, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანა, რომ სერ-ტიფიცირებულ მასწავლებლებს ექნებათ მეტი ხელფასი. ეს იქნება სტიმული, რომ მასწავლებელი უფრო კვალიფიციური იყოს და ბავშვებს უფრო კარგად ასწავლოს.
ეს თავისთავად გამოიწვევს იმ მასწავლებლების პროტესტს, ვინც გამოცდების ჩაბარებას არ აპირებს...…
მასწავლებელი 2 გამოცდას აბარებს – ერთს საგანში და მეორეს - უნარ-ჩვევებში. ტესტები ძალიან პროფესიონალურადაა შედგენილი. მასწავლებლების ცოდნა ამ ორი მიმართულებით ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ. ეს ერთგვარი გარანტიაც არის მშობლისთვის. მასწავლებელი უნარ-ჩვევების გამოცდას ვერ ჩააბარებს, თუ ის პრაქტიკაში 7 წლის ბავშვს სკოლიდან აგდებს, ქუჩაში ტოვებს და ეუბნება – წადი, მამაშენი მოიყვანე სკოლაშიო. ამ დროს კი, ამ 7 წლის ბავშვს მარტოს არ გაუვლია ქუჩაში. ასეთი მასწავლებელი, რა თქმა უნდა, ვერ ჩააბარებს უნარ-ჩვევების ტესტირებას.
2014 წლამდე ყველა სკოლაში ყველა მასწავლებელი იმუშავებს. მასწავლებელი, რომელიც არ იქნება სერტიფიცირებული – 2014 წლიდან სკოლაში ვერ იმუშავებს.
მაისში ეკონომიკის სამინისტრო გამოაცხადებს ტენდერს. დაახლოებით 25-სკოლიანი ლოტები იქნება გამოტანილი. კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ სასადილოების მენეჯმენტი 5 წლით იჯარით აიღონ. პირობებში დევს კონკრეტული ინვესტიციის მოცულობა სკოლის სასადილოების რეაბილიტაციისთვის და 5 წლის მანძილზე უზრუნველყოფა კარგი, ჯანმრთელი, ხარისხიანი კვებით. პილოტირება მაისში დაიწყება. რაც მნიშვნელოვანია, სკოლის ბუფეტებსა თუ სასადილოებში ვაჭრობა იქნება მხოლოდ ბარათებით. ბანკები ბავშვებს უფასოდ გადასცემენ საკრედიტო ბარათებს და საკვებისთვის ფულის მოძრაობა სკოლაში აღარ იქნება. როცა მშობელი თავის შვილს ფულს საკვებისთვის მისცემს – ის ჩაურიცხავს ბარათზე. იცის, რომ ამ ბარათით ბავშვი საკვების გარდა ვერაფერს იყიდის, ვერც სიგარეტს, ვერც სასმელს და ვერც ვერაფერს. ჩემი აზრით, ეს იქნება მნიშვნელოვანი წინსვლა.
არსებობს კონკრეტული სტრატეგია, რომელიც ხორციელდება წარმატებულად. დეტალებზე საუბრისგან მე თავს შევიკავებ, რათა პრობლემა არ შეექმნათ იმ მასწავლებლებს, რომლებიც იქ ასწავლიან.
კი. ასევე ვახერხებთ მასწავლებლებზე ზრუნვას.
ამას არ დავაკონკრეტებ. ზოგადად, რასაკვირველია, ამ რეჟიმებთან არანაირი შეთანხმება არ გვაქვს, მაგრამ არსებობს სხვადასხვა ბერკეტები, იგივე საერთაშორისო თანამეგობრობა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვახერხებთ როგორც მასწავლებლებზე, ასევე მოსწავლეებზე ზრუნვას.
ბოლო ათწლეულში ქვეყანაში უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობა ძალიან გაიზრდა. შემდეგ მოხდა შემცირება. დღეს რა მდგომარეობაა ამ მხრივ, უმაღლესი სასწავლებლების რიცხვი იზრდება თუ მცირდება?
დღეს არის დაახლოებით 70 აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებელი, რომელთა დიპლომს ჩვენ ვაღიარებთ. თუმცა, არსებობს დაახლოებით 200 ლიცენზიამიღებული უნივერსიტეტი, საიდანაც დაახლოებით 25 ასწავლის ბავშვებს, მაგრამ პრობლემაა ის, რომ სახელმწიფო მათ გაცემულ დიპლომს არ აღიარებს. ხშირად, ამ სტუდენტებისგან გვესმის პრეტენზიები, რომ თუ სახელმწიფომ ლიცენზია მისცა, აბა მის გაცემულ დიპლომს რატომ არ აღიარებსო. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შემუშავებულიყო ახალი კანონპროექტი, რომელიც ლიცენზირების მაგივრად ითვალისწინებს ავტორიზაციას. ანუ, ლიცენზირება უქმდება და მის ნაცვლად შემოდის ავტორიზაცია. ეს არ ეხება აკრედიტირებულ 70 სასწავლებელს. დანარჩენ ორასს ჩვენ ვეუბნებით, რომ სახელმწიფო ადგენს სტანდარტებს, თუ თქვენ შეესაბამებით, გაიარეთ ეს ავტორიზაცია; თუ ვერ გადიხართ, მაშინ დიპლომის გაცემის უფლება არ გექნებათ და თქვენ გასცემთ სერტიფიკატს, ან რაღაც კონკრეტულ ცნობას, რომ ბავშვმა დაამთავრა ეს სასწავლებელი.
დღევანდელი მდგომარეობით, სახელმწიფოში არის დაახლოებით 30 სასწავლებელი, რომელშიც რას ასწავლიან ბავშვებს, ვერ ვაკონტროლებთ. სასწავლებლები გასცემენ რაღაც დიპლომებს. ეს პრობლემა ზაფხულში მოგვარებული იქნება ავტორიზაციის გზით.
უმაღლეს სასწავლებლებში ბოლო წლებში სწავლის საფასური საკმაოდ გაიზარდა. თუ აპირებს სახელმწიფო ჩარევას და სწავლის საფასურის ცვლილება თუ იგეგმება?
ეს საინტერესო შეკითხვაა. წელს პირველად არის ტენდენცია, როდესაც უნივერსიტეტები ამცირებენ გადასახადს. იმიტომ, რომ კარგად იმუშავა ღია ბაზრის პრინციპმა. კონკურენცია გაიზარდა და სასწავლებლებს უფრო მეტი ადგილი აქვთ, ვიდრე პოტენციური სტუდენტია. აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტებმა დაიწყეს გადასახადის კლება. ის უნივერსიტეტი, რომელიც სწავლის საფასურს არ დააკლებს, წელს კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ უკვე ვერ იზიდავს სტუდენტებს. უნივერსიტეტმა უნდა შესთავაზოს სტუდენტს ისეთი რამ, რაც სტუდენტისთვის მომხიბვლელი იქნება.
მოსწავლეების ვაუჩერების დაფინანსება თუ მოიმატებს? ექსპერტები ამბობენ ხოლმე, რომ მშპ-ის გათვალისწინებით, განათლებაზე ძალიან მცირე ნაწილია გამოყოფილი. არის კი ეს თანხა საკმარისი იმისთვის, რომ მოსწავლემ ნორმალური საშუალო განათლება მიიღოს?
მე ვმუშაობ იმ ბიუჯეტით, რომელიც არის პარლამენტის მიერ დამტკიცებული. პარლამენტი კი ამტკიცებს იმ ბიუჯეტს, რომელიც შეესაბამება ქვეყნის რესურსებს. დიდი სურვილი მექნება, რომ დაფინანსება ათჯერ მეტი იყოს, მაგრამ, ეს კვლავ დამოკიდებულია ქვეყნის რესურსებზე. თუმცა, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ის მომენტი, რაზეც ვზრუნავთ.
აქვე, აუცილებლად უნდა ვთქვა კერძო სკოლებზე. ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ ბავშვი, რომელიც დადის კერძო სკოლაში, ის სახელმწიფოსგან ასევე ფინანსდება ვაუჩერით. თუ გაესაუბრებით სპეციალისტებს, გეტყვიან, რომ სწორი მართვის შემთხვევაში, ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი საქმიანობაა სკოლა. თბილისში არის ერთ-ერთი კერძო სკოლა, რომელიც ახერხებს, რომ ძალიან მაღალი ხელფასებიც გადაუხადოს მასწავლებლებს, ასევე მოახერხა, რომ 4 მილიონად ააშენა ახალი შენობა თავის აუზებითა და ინფრასტრუქტურით, ახერხებს კრედიტის დაბრუნებასაც და იმასაც, რომ ყველანაირი სტანდარტი არის დაცული. ამავდროულად, სწავლის საფასური არ არის მაღალი.
ყოველ ბავშვს სახელმწიფო აფინანსებს ვაუჩერით – 400 ლარით. ეს რომ გადავამრავლოთ 600 ბავშვზე, მივიღებთ 240 000 ლარს, რაც სწორი მართვის შემთხვევაში სკოლისთვის სრულიად საკმარისია.
ბატონო დიმიტრი, დასასრულ, თქვენი სამომავლო გეგმების შესახებაც გვითხარით – სახელმწიფო სამსახურს უკავშირდება თუ კერძო საქმიანობას გეგმავთ?
ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ეს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია. ახლა დავამთავრეთ გეგმის შემუშავება, რაც 2010-2015 წლებში უნდა გაკეთდეს. მიმაჩნია, რომ ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანი ამ ხუთწლიანი გეგმის შესრულებაა.
როგორ ატარებთ თავისუფალ დროს და რა არის თქვენი ჰობი?
თავისუფალი დრო სამწუხაროდ, თითქმის არ მაქვს. რაც მიყვარს – ეს არის ჩემს ოჯახთან ყოფნა, მიყვარს მოგზაურობა და ბავშვებთან თამაში. ჩემი უფროსი შვილი 11 წლისაა, კომპიუტერი ძალიან გვიყვარს ორივეს და თუ დრო მაქვს, ვთამაშობთ ხოლმე.
ესაუბრა თემურ იობაშვილი