გაზეთი: ”24 საათი” 5 ივლისი
სათაური: ახალი ინიციატივები მომავალი სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის- 24 საათი”
გვანცა კილასონია
მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სკოლებში სწავლა დასრულდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობას მთელი დატვირთვით განაგრძობს. ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და მასწავლებელთა ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პარალელურად, სამინისტო ახალი სასწავლო წლისთვის ემზადება. რეფორმის მეორე ეტაპის ფარგლებში, სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა თუ მშობლებს არაერთი სიახლე ელით. ტრიმესტრულის ნაცვლად სკოლები სემესტრულ სწავლებაზე გადავლენ, იცვლება მოსწავლეთა შეფასების კრიტერიუმი, ზუსტად განისაზღვრება მოსწავლეთა არდადეგებიც. ყველა ცვლილება კი რომელსაც სამინისტრო ახორციელებს, სწორედ დირექტორების, მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათ მშობლების შეხედულებების გათვალისწინებით შეიმუშავა.
1 ივლისს დაწყებულ ერთიან ეროვნულ გამოცდებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში პირადად აკვირდება. რა სიახლეები ელით აბიტურიენტებს 2010 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და ზოგადად, რა ცლილებებია მოსალოდნელი ახალი სასწავლო წლიდან, კითხვებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პასუხობს.
დიმიტრი შაშკინი: ”ამ მასშტაბის გამოცდები საქართველოში პირველია, რადგან ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად, მაგისტრატურისა და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებიც ტარდება. ერთიან ეროვნულ გამოცდებში ფუნდამენტალური ცვლილებებია. წელს პირველად, სამის ნაცვლად, ბავშვები ოთხ გამოცდას ჩააბარებენ – ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში, უნარ-ჩვევებსა და ერთ-ერთ პროფილურ საგანში. არსებული სამი გამოცდის გამო ბევრ სამართლიან შენიშვნას ვიღებდით. მაგალითად, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი აპროტესტებდა, რომ მათ არ შეეძლოთ აბიტურიენტი ფიზიკაში შეეფასებინათ ანდა სამედიცინო უნივერსიტეტს ბავშვის ქიმია-ბიოლოგიის დონე გაეგო. ამიტომ, შემოვიღეთ პროფილური საგანი, რომელიც შესაბამისმა ფაკულტეტმა თავად დაადგინა.
შეიცვალა სტუდენტის დაფინანსების წესიც. თუ სახელმწიფო სასწავლო გრანტი აქამდე მხოლოდ უნარ-ჩვევების მიხედვით გაიცემოდა, მიდგომა შეიცვალა - ოთხივე საგანს თანაბარი პრიორიტეტი მიენიჭა. ბავშვი სახელმწიფო გრანტს ოთხივე საგნის საფუძველზე მიიღებს, რადგან იყო პრეტენზია, რომ ბავშვის მომზადების დონის განსაზღვრა მხოლოდ ერთი გამოცდით არ შეიძლებოდა. სიახლეა ისიც, რომ ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განათლების ხარისხის ასამაღლებლად წელს პირველად ბარიერი აწია. მინიმალური ბარიერი აქამდე თუ 25 ქულა იყო, წელს 25-ზე მეტი გახდა. ეს მისასალმებელია, რადგან უნივერისტეტი ყველაზე ნიჭიერი ბავშვების მიზიდვას ცდილობს.
როგორც აღნიშნეთ, ეროვნული გამოცდების პარალელურად, პედაგოგთა ნებაყოფლობითი სასერტიფიკაციო გამოცდებიც ტარდება. რამდენი პედაგოგი გადის და რამდენად მკაცრი იქნება მათი გამოცდები?
მასწავლებლებთა გამოცდები ისეთივე ობიექტური იქნება, როგორიც ერთიანი ეროვნული გამოცდები. მათ შეფასებასაც გამოცდების ეროვნული ცენტრი ახდენს და ამ ცენტრის მიმართ, მემგონი, პატარა ეჭვიც კი არავის აქვს. ამჯერად სერტიფიცირება ქართულის, მათემატიკისა და უცხო ენის, დაახლოებით 20 ათას პედაგოგს ეხებოდა და მათგან გამოცდაზე 15 ათასი გადის. ვინც ბარიერს გადალახავს, არა მხოლოდ ხელფასი მოემატება, არამედ მას მენტორ მასწავლებლად მუშაობის უფლებაც ექნება. მასწავლებელთა გამოცდების შედეგი ანონიმურია - თუ პედაგოგი ჩაიჭრება, ოთხი წელი ექნება შესაძლებლობა, ხელახლა გავიდეს გამოცდაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, სამინისტრომ 18 საათზე ნაკლები დატვირთვის პედაგოგების გათავისუფლების დირექტივა გასცა...
მსგავსი დირექტივა ბუნებაში არ ყოფილა. სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ ამბიციებს სამართლიანობაზე და ადამიანურ ფასეულობებზე მაღლა აყენებენ. ვინც ასეთ ინფორმაციას ავრცელებს, უნდა ახსოვდეს, რომ არიან ასაკოვანი პედაგოგები, რომლებისთვისაც ასეთი ინფორმაცია რთულად მისაღებია. პირადად ჩემგან მსგავსი დირექტივა არ ყოფილა და არც არასოდეს იქნება. თბილისის სკოლებში შტატები უკვე დამტკიცდა. ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გადახედოს და ნახოს, რომ მასში არიან მასწავლებლები, რომელთაც 5 და 6 საათის დატვირთვა აქვთ.
მკითხველისთვის საინტერესო იქნება იცოდეს, რომ მასწავლებლის სრული განაკვეთი 18 საათია ანუ, როდესაც მისი დატვირთვა 18 საათს შეადგენს სრულ ხელფასს იღებს. თუ პედაგოგს 22-24 საათი აქვს, ამაში ანაზღაურებას აღარ იღებს. ერთიდაიგივე სკოლაში არიან მასწავლებლები, სადაც ერთს 15, ხოლო მეორეს 23 საათი აქვთ. დირექტორებს ვთხოვე, რომ ვისაც 23 საათი აქვს მისი საათები 15 საათის მქონე პედაგოგებს სამართლიანად გადაუნაწილოს, რადგან 23 საათის მქონე მასწავლებელი ხელფასს 18 საათის ზემოთ მაინც არ იღებს, 15 საათის მქონე პედაგოგს კი სრული განაკვეთი ექნებოდა. ეს იყო ჩემი ერთადერთი თხოვნა.
ნებისმიერი დირექტორი, რომელიც მინისიტრის სახელით მასწავლებლების შემცირებას ან მსგავს ქმედებას გაბედავს, ვინც ჩემი სახელით თავისი ქმედებების გამართლებას ეცდება, პირდაპირ გეტყვით, ამისათვის მკაცრად დაისჯება. რამდენიმე ასეთი დირექტორი უკვე გამოვავლინეთ. საქმე ის გახლავთ, რომ სკოლა საჯარო სამართლის იურიდიული პირია. რომელი მასწავლებელი უნდა აიყვანოს სამსახურში და რომელი გაათავისუფლოს, ამ გადაწყვეტილებას სამინსიტრო არ იღებს და ვერც მიიღებს. ამიტომ, მინდა ვთხოვო მასწავლებლებს, რომ თუ მიიღებენ ინფორმაციას, რომ თურმე დირექტორები მათ სამსახურიდან სამინისტროს დავალებით ათავისუფლებენ, სამინისტროს გენერალური ინსპენქციის ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ.
ჩვენ რაშიც ვერევით, ესაა სკოლის ადმინისტრაციის შტატების დამტკიცება. სამინისტრო ამ საკითხში ორი წლის განმავლობაში არ ერეოდა, რამაც სისტემაში სრული ქაოსი გამოიწვია. კერძოდ, გაირკვა, რომ სკოლაში მომუშავე ადამიანების 80%-დან 40% ადმინისტრაცია 40% კი მასწავლებელია. სკოლა ის ადგილია, სადაც ბავშვმა უნდა ისწავლოს და არა ის, რომ თითო მასწავლებელზე თითო ჩინოვნიკი მოდიოდეს. სკოლებში 105 სახეობის ხელოვნურად შექმნილი თანამდებობა აღმოვაჩინეთ. ჩვენ ეს არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება მასწავლებელი და არა მაგალითად, სკოლის დეკორატორი, მეტაბელე, ბავშვების დამთვლელი, მასობრივი ღონისძიებების ორგანიზატორი და ა.შ. არიან დირექტორები, რომელთაც 8 მოადგილე ჰყავთ და თითოს 1000-1000 ლარიანი ხელფასი აქვს, მასწავლებლებს კი პრემიას არ აძლევენ. შემდეგ კი სამინისტროსკენ იშვერენ თითს, რომ თანხა ჩვენ მივცეთ. სკოლას საკმარისი თანხა აქვს იმისთვის, რომ პრემიაც დაარიგოს და სკოლაში მცირე სამუშაოებიც ჩაატაროს. რა თქმა უნდა, არის მცირეკონტინგენტიანი სკოლები, რომელსაც მთლიანად სამინსიტრო აფინანსებს, მაგრამ არა თბილისში, არამედ რეგიონებში და მათ დახმარებას კვლავ განვაგრძობთ.
სკოლას, რომელსაც 600 ბავშვზე მეტი ჰყავს, დაახლოებით 200 ათას ლარზე მეტი ბიუჯეტი აქვს, რადგან თითოეულ ბავშვს 350 ლარიანი ვაუჩერი ეძლევა. ეს თანხა სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ სკოლამ მასწავლებლები პრემიებით წაახალისოს და მცირე სამუშაოებიც ჩაატაროს. თუმცა, სკოლა, სადაც 1400 ბავშვია, გადასახადების დაფარვას სამინისტროსგან ითხოვს და ამას უკვე მავნებლობა ჰქვია. მიზეზი კი ისაა, რომ თანხა ხელოვნურად შექმნილ შტატებზე იხარჯება.
წიგნების გრიფირების წესი გამკაცრდა. დასრულდა ეს პროცესი?
მიუხედავად ზოგიერთი გამომცემლობების აჟიოტაჟისა, მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ გრიფირება კიდევ უფრო გამკაცრდება. ჩვენ სკოლაში უხარისხო წიგნის შესვლას არ დავუშვებთ. არ დავუშვებთ, რომ გამომცემლობებმა გადაწყვიტონ, რომელი სახელმძღვანელოთი ისწავლონ ბავშვებმა. სახელმწიფოს აქვს თავის ბერკეტი და მოვალეობა, რომ სასწავლო პროცესი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით წარიმართოს. აქედან გამომდინარე, ის რაც ახლა გრიფირების კუთხით მოხდა, ეს დასაწყისი იყო. მომავალი წლიდან გრიფირება მთელი სიმკაცრით ამოქმედდება. გრიფირებას მხოლოდ ის სახელმძღვანელოები გაივლიან, რომლებიც ამას დაიმსახურებენ. წელს რამდენიმე კლასში არ იყო გრიფირებული სახელმძღვანელოები და სწორედ ეს წიგნები დამტკიცდა.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ამოქმედდება, რა ცვლილებები შედის ახალ სასწავლო წელს?
ეროვნულ სასწავლო გეგმაზე მუშაობა სექტემბერში დასრულდება და ეტოპობრივად შევა ძალაში. პირველი საფეხური 2011 წელს, მეორე 2012-ში, მესამე 2013. სიახლე იქნება ისიც, რომ სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება. დიდი არდადეგები 24 დეკემბერს დაიწყება და 20 იანვარს დასრულდება. იქნება ასევე სააღდგომო არდადეგები, რომელიც დიდ ხუთშაბათს დაიწყება და მომდევნო კვირის ოთხშაბათს დასრულდება. მშობლების დაჟინებული მოთხოვნით, ტრიმესტრების ნაცვლად ორსემესტრიანი სწავლება შემოვა. ამას მეც ვეთანხმები.
იცვლება მოსწავლეთა შეფასების სისტემაც, რომელიც მასწავლებლისთვის მარტივი, ბავშვისთვის კი გამჭვირვალე გახდება. მასწავლებლების დიდი დრო პროცენტების თვლაში არ უნდა მიდიოდეს. ათბალიანი სისტემით შემოღებული იქნება 3 ნიშანი და სამივეს თანაბარი დატვირთვა ექნება. ცოდნა 3 კომპონენტით შეფასდება – საშინაო დავალებაში, საკლასო სამუშაოში და საკონტროლოში. ეს სიახლე კი ჟურნალებს შეცვლის, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მასწავლებლებს მეტი დრო ექნებათ, ბავშვებს ასწავლონ და არა პროცენტები ითვალონ. სკოლებში ახალი საგნებიც შედის – სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება. ხოლო სპორტის გაკვეთილები ფიზკულტურის გაკვეთილებს ჩაანაცვლებს. ამ მიზნით, მასწავლებლების გადამზადება უკვე მიმდინარეობს. ინგლისური ენის სწავლება ყველა პირველ კლასში სავალდებულო გახდება, ხოლო საპილოტე სკოლების პირველკლასელები კომპიუტერს მიიღებენ.
სკოლაში შემოვა ”დამრიგებლის საათი”. ყველა კლასის დამრიგებელი ვალდებული იქნება, კვირაში ერთხელ ბავშვებს გაკვეთილი სხვადასხვა ღირებულებებზე ჩაუტაროს. გარდა იმისა, რომ მასწავლებელი ბავშვს საგნებს ასწავლის, აუცილებელია ასწავლოს, რომ ხე არ მოჭრას, ქუჩაში ნაგავი არ დაყაროს, მინა არ ჩაამტვრიოს და ა.შ. მასწავლებელი ბავშვს მსგავს თემებზე თუ არ ესაუბრა, მხოლოდ საგნებით მისი ჩამოყალიბება რთული იქნება. ამასთან, აუცილებელია, მშობლებთან ერთად ბავშვების აღზრდის პროცესში მონაწილეობა დამრიგებელმაც მიიღოს.
ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება ასევე იმ მშობლების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც შვილის აღზრდას ბოროტად თავს არიდებენ. ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ეს მუხლი დიდი ხანია არსებობს, მაგრამ არ მოქმედებდა. ასეთი მიდგომა ყველა ქვეყანაშია და ჩვენ ამას ავამოქმედებთ, რადგან არ შეიძლება ერთი ან ორი მოსწავლის გამო სხვა დაისაჯოს. ყველა ადამიანის თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც იწყება სხვა ადამიანის უფლებების შეზღუდვა. აქედან გამომდინარე, თუ ბავშვი სხვა მოსწავლეს ვნებს, კლასის დამრიგებელი იქნება თუ მანდატური, რომელიც მშობელს დაიბარებს, რამდენჯერმე შენიშვნას მისცემს, მაგრამ მშობელი შვილს არ დაარიგებს, რომ ასეთი მოქცევა არ შეიძლება, ასეთი მშობლები დაჯარიმდებიან. მშობელი კანონითაა ვალდებულულია შვილი გაზარდოს, აღარაფერს ვამბობ მორალურ აღზრდაზე.
მოისპობა მანკიერი პრაქტიკა, როდესაც მშობელთა კრებაზე მასწავლებელი ერთ მოსწავლეს აკრიტიკებს, მეორეს აქებს. ეს არაეთიკურია და არცერთ განვითარებულ ქვეყანაში არ ხდება. ეთიკის კოდექსში ჩაიდო, რომ როგორც კლასის, ასევე ყველა საგნის მასწავლებელი ვალდებულია, ინდივიდუალურად აუხსნას მშობელს როგორ აპირებს მის შვილს ასწავლოს, ხოლო თუ საჭიროება მოითხოვს, ბავშვი მხოლოდ და მხოლოდ მასთან ანუ მშობელთან და არა ყველას თანდასწრებით შეაფასოს.
ბოლოს, არ შეიძლება არ გკითხოთ თავისფალ პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირებთან დაკავშირებით. განათლებისა და მეცნიერების მინისიტრს მათ საქმიანობაში ჩარევაში გადანაშაულებენ...
მარტო სკოლებში დაახლოებით 12 პროფკავშირი მოღვაწეობს. თითქმის ამდენივეა უმაღლეს სასწავლებლებში. ზოგი ამბობს, რომ 70 ათასი წევრი მასწავლებელი ჰყავს, ზოგიც 120 ათასს ასახელებს. თითოელ პროფკავშირს რომ ვუსმენ, მილიონნახევარი მასწავლებელი გამოდის, მაშინ, როდესაც საქართველოში სულ 75 ათასია. პროფკავშირების საქმიანობაში ჩვენ არასოდეს ჩავრეულვართ და არც ჩავერევით, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ მასწავლებელთა უფლებებსა და კანონის უზენაესობას დავიცავთ. საქართველოს კანონმდებლობით, ყველა ადამიანი, მათ შორის მასწავლებელი, არჩევანში თავისუფალია. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ხელფასს. ვის გადაურიცხავს მასწავლებელი კუთვნილ ხელფასს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. თუმცა, თუ რომელიმე ორგანიზაცია ითხოვს, რომ ფულის გადარიცხვა ერთიანად მოხდეს იმ უწყების მიერ, ვინც ხელფასებს გასცემს ანუ სკოლის მიერ, ეს დაუშვებელია. პროფკავშირები კი სწორედ ამას ითხოვენ.
ამ საკითხთან მიმართებაში სამინისტროს პოზიცია მარტივი და, ჩემი აზრით, სამართლიანია. თუ პროფკავშირს აქვს მოთხოვნა, რომ თანხა სკოლამ გადაურიცხოს, ის ვალდებულია, ორი დოკუმენტი წარმოადგინოს – წერილობითი თანხმობა თითოეული მასწავლებლისა, რომ ის თანახმაა მისი ხელფასიდან თანხა პროფკავშირს გადაერიცხოს და მეორე, სკოლასა და პროფკავშირს შორის, უნდა იყოს გაფორმებული ხელშეკრულება. მარტში ჩვენ ვთხოვეთ ყველა პროფკავშირს, რომ ვისაც ეს საკითხი არ ჰქონდა მოგვარებული, მოეგვარებინათ. სხვა შემთხვევაში ესაა სისხლის სამართლის დანაშაული. მხოლოდ ერთ პროფკავშირზე თუ ვიმსჯელებთ, საუბარია მილიონნახევარ ლარზე ყოველწლიურად. ამ კუთხით ამაზრზენი ფაქტიც მოხდა. მას შემდეგ, რაც სახელმწოფო მოსამსახურეებმა სურვილის ფარგლებში სკოლას თანხა გადაურიცხეს, ერთ-ერთმა დირექტორმა სკოლის კეთილმოწყობისთვის შესული თანხა პროფკავშირებს გადაურიცხა. ეს საქმე უკვე სასამართლოშია.
მე ვერცერთ მასწავლებელს ვერ ავუკრძალავ, ვის გადაურიცხოს თანხა. ეს სამინსიტროს და ჩემი საქმე არ არის, მაგრამ მასწავლებლების ნებართვის გარეშე არცერთი თეთრის გადარიცხვა არ შეიძლება. დირექტორი კი, რომელიც ამის გაკეთებას გაბედავს, ხელფასის 1% კი არა, 0, 1%-იც რომ გადარიცხოს მასწავლებლის გარეშე, არ დავუშვებთ. ვინც ამას გააკეთებს დაისჯება.