პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართა. კორონავირუსის პანდემიის გამო, აქტივობები რეკომენდაციების გათვალისწინებით, ღია სივრცეში ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში შაუმიანში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის არაერთი ღონისძიება მოეწყო: გაიმართა გივი შაჰნაზარისა და მაყვალა გონაშვილის მიერ ქართულ ენაზე ნათარგმნი პოეტ ვიქტორ ჰოვსეფიანის კრებულის - „დიალოგი პოეზიის ენით“ პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა; ასევე, ადგილობრივი ხელოვანების მონაწილეობით მოეწყო გამოფენები. ღონისძიებები „მოძრაობის თეატრის ბენდის“ და ახალქალაქელი მუსიკოსის - ტიგრან მღდესიანის კონცერტით დასრულდა.
სოფელ შაუმიანში დაგეგმილი ღონისძიებები ქ. მარნეულის კულტურის ცენტრის, შაუმიანის სათემო განათლების ცენტრისა და „ჰოვჰანეს თუმანიანის სახლის“ მხარდაჭერით ჩატარდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, 2020 წლის 31 აგვისტოდან ხორციელდება სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“, რომლის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და ახალგაზრდების ინფორმირებულობა.