20 ნოემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმი 13/2020“ ონლაინ ფორმატში გაიხსნება.
კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციების გათვალისწინებით, ,,არტისტერიუმი“ წელს განსხვავებული ფორმატით იმართება; ქართველი და უცხოელი ხელოვანების მონაწილეობით დაგეგმილი ონლაინ გამოფენების, ვიდეორგოლებისა და 12 წლიანი ისტორიის მქონე თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის, „არტისტერიუმის“ ფარგლებში 2008 წლიდან დღემდე გამოცემული კატალოგების, აფიშებისა და ბანერების ციფრული ვერსიების ნახვა შესაძლებელი იქნება ბმულზე: http://artisterium.org
,,არტისტერიუმი“ თბილისის თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც 2008 წლიდან იმართება და მოიცავს უცხოელი და ქართველი მხატვრების გამოფენებს, საგანმანათლებლო და კულტურულ პროგრამებს. სახელწოდება ,,არტისტერიუმის“ ისტორია გასული საუკუნის 10-იანი წლებიდან მოდის - თბილისში, ამავე სახელწოდების არტ-კლუბი ცნობილი იყო ინოვაციური გამოფენებით, პოეზიის საღამოებითა და დისკუსიებით.
პროექტის ორგანიზატორია ასოციაცია ,,არტისტერიუმი“.