გაზეთი ”24 საათი”
არაქართულენოვან სკოლებში გაძლიერებული მულტილინგვური სწავლება ინერგება
გვანცა კილასონია
საქართველოში მოქმედი არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეები ახალი სასწავლო წლიდან ქართულ ენას გაძლიერებულად შეისწავლიან. ცვლილება ეხება არაქართულენოვან სკოლებს, რომელთა რიცხვი საქართველოში არცთუ ისე მცირეა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ კუთხით მნიშვნელოვან სიახლეებს გეგმავს. წელს პირველად, არაქართულენოვანი ბავშვებისთვის უკვე დაბეჭდილ ისტორიისა და გეოგრაფიის მულტილინგვური სახელმძღვანელოებიდან, ამ საგნების 30%-ს ბავშვები ქართულად ისწავლიან. მომდევნო წლებში, ქართულენოვანი სახელმძღვანელოების რაოდენობა ყველა საგანში მოიმატებს, რაც არაქართულენოვან მოსწავლეებს სახელმწიფო ენის სრულყოფილად შესწავლის შესაძლებლობას მისცემთ.
ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მნიშვნელოვან პოლიტიკას ახორციელებს. ამ პოლიტიკის მიზანია არა მხოლოდ ეროვნული უმცირესობებისათვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, არამედ სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია.
კოკა სეფერთელაძე, განათლებისა მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე: ”სამინისტროსთვის მულტილინგვური განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტია. იგი მოსწავლეებს ინტელექტუალური შესაძლებლობების სრული განვითარების შესაძლებლობას მისცემს. მულტილინგვური განათლების უპირატესობაა ისიც, რომ იგი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ინტერკულტურული ჩვევებისა და ტოლერანტობის განვითარებას, რაც საბოლოო ჯამში მრავალეთნიკურ ქვეყანაში მშვიდობიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას განაპირობებს”.
“მულტილინგვური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში მულტილინგვური სწავლების პროგრამების პილოტირება 40 არაქართულენოვან სკოლაში მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ისეთი განათლების სისტემის შექმნას, რომელიც ეროვნულ უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრაციის ძირითადი ინსტრუმენტი იქნება.
სკოლებში მულტილინგვური სწავლების დანერგვა ძირითადად სათანადოდ მომზადებულ მასწავლებლებთან, სახელმძღვანელოებთან და სასწავლო მასალების შექმნასთანაა დაკავშირებული. საქართველოში დანერგვის პროცესშია მულტილინგვური განათლების ისეთი ეფექტური პროგრამები, რომელიც სახელმწიფო ენის შესწავლას უზრუნველყოფს. 1. ”განმავითარებელი მულტილინგვური განათლება” - ამ პროგრამის თანახმად, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნებისა და საგანთა ჯგუფების სწავლება წარიმართება როგორც სახელმწიფო, ასევე მშობლიურ ენაზე და მიიღწევა თანაბრად მაღალი ენობრივი კომპეტენცია, როგორც სახელმწიფო აგრეთვე მშობლიურ ენაში. 2. ”გარდამავალი მულტილინგვური განათლება” - პროგრამის ფარგლებში სწავლება წარიმართება როგორც სახელმწიფო, ასევე მშობლიურ ენაზე თუმცა, თანდათან მოიმატებს სახელმწიფო ენაზე სასწავლო საგნების შესწავლა და სახელმწიფო ენაზე სწავლებაზე გადასვლა ეტაპობრივად მოხდება. 3. ”მშობლიური ენის მხარდაჭერის მულტილინგვური განათლება” - აღნიშნული პროგრამით, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნების სწავლება სახელმწიფო ენაზე წარიმართება. ხოლო მშობლიური ენა შეისწავლება, როგორც საგანი მაქსიმალური საათობრივი დატვირთვით. 4. ”ორმაგი ენობრივი მულტილინგვური განათლება” - პროგრამა გულისხმობს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნებისა და საგანთა ჯგუფების სწავლებას თანაბრად, როგორც სახელმწიფო, ისე არა სახელმწიფო ენაზე. მოსწავლეთა კონტიგენტი თანაბრადაა გადანაწილებული და წარმოადგენს როგორც ქართულენოვან, ისე არაქართულენოვან მოსწავლეებს.
სკოლებში ორი ან მეტი ენის გამოყენებისთვის ექსპერტთა მიერ შემუშავებულია სხვადასხვა მეთოდები. მაგალითად, საგნები – ხელოვნება და მუსიკა შეიძლება უმცირესობების ენებზე ისწავლებოდეს, ხოლო მათემატიკა ან ინფორმატიკა სახელმწიფო ენაზე. დაწყებით კლასებში სასურველია ენათა ცვლილება არა საგნების, არამედ თემების მიხედვით მოხდეს. მაგალითად, ბუნების დაცვის შესახებ თემა შეიძლება კლასში უმცირესობების ენებზე განიხილონ, ხოლო ამინდის შესახებ თემა სახელმწიფო ენაზე. ეფექტური საშუალებაა ასევე სკოლაში სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე მასწავლებლების ჩართულობა, რომლებიც ინტეგრირებულ გაკვეთილს სხვადასხვა ენაზე ერთდროულად ჩაატარებენ. თუმცა, სკოლის მულტილინგვური განათლების პროგრამა უნდა მოიცავდეს სასწავლო გეგმებით განსაზღვრულ საგნებსა და საგნობრივ ჯგუფებს. მისი საათობრივი ბადე თანხვედრაში უნდა იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საათობრივ ბადესთან.