საქართველოში ტექნოპარკები დანერგება
ნინო ბარაბაძე
საქართველოს მთავრობა სულ მალე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მომზადებულ კანონპროექტს განიხილავს. საკითხი ეხება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ნოვაციური ტექნოპარკების ამოქმედებას, რომელშიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი კვლევითი ინსტიტუტები. ტექნოპარკები ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული მიმართულებების პრაქტიკულად 80% დაფარავს, რაც ავტომატურად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ტექნიკური უნივერსიტეტის დაახლოებით 10 ათასმდე სტუდენტის დასაქმებას ნიშნავს. საკუთარი ანაზღაურებით, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ საკუთარი სწავლის საფასურზე გაცილებით მეტი გამოიმუშავონ. პარალელურად, პრაქტიკა გაიარონ. ტექნოპარკების ამოქმედებით საქართველოში ათობით საწარმო ამუშავებდა. გამოშვებული პროდუქციით კი უზრუნველყოფილი იქნება არა მხოლოდ საქართველოს ბაზარი, პროდუქციის ექსპორტიც მოხდება. ქართულ პროდუქციას დამკვეთი არაერთი ქვეყანა, მათ შორის იაპონიაც კი ჰყავს!
50-იან წლებში ტექნოპარკი პირველად აშშ-ში შეიქმნა. მთელს მსოფლიოში დღეს ტექნოპარკის სამი სტანდარტული მოდელია აპრობირებული. თუმცა, საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, უკვე შემუშავებულია პრინციპულად განსხვავებული მეოთხე ტიპის ტექნოპარკის მოდელი, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ამოქმედდება. კანონპროექტი ამჟამად განხილვის პროცესშია თუმცა, უნიკალური იდეიდან გამომდინარე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიიჩნევენ, რომ საქართველოს მთავრობა კანონპროექტს დადებით შეფასებას მისცემს.
საყოველთაოდაა ცნობილი, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებსა და მეცნიერებს საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიური ხასიათის უზარმაზარი შრომები აქვთ შექმნილი. სამწუხაროდ, ეს შრომები ქაღალდისა და ლაბორატორიული ნიმუშების დონეზე რჩება ან დაკვეთების მიხედვით უცხოელებს მიეწოდებათ. შრომების საფუძველზე პროდუქცია იქ იქმნება. აქედან გამომდინარე, თუ საქართველო შექმნილ კვლევას პირობითად 1 ლარად ყიდის, უცხოეთში, სამრეწველო პროდუქციამდე მიყვანილი 100 ლარად ფასობს ანუ შეფარდება ერთი ასთანაა. თუმცა, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, პროდუქციის მასობრივი გამოშვება საქართველოში მოხდება, რაც არსებული დანადგარებით სრულიად შესაძლებელია - დაინერგება ტექნოპარკები სადაც სამეცნიერო კვლევიდან დაწყებული, პროდუქციის გამოშვებამდე დამთავრებული პროცესი საქართველოში განხორიცელდება. ქართული ტექნოპარკი მთელ ციკლს მოიცავს – სასწავლო, სამეცნიერო პროცესს, ლაბორატორიული ნიმუშის დამზადებას, საცდელი ნიმუშის გამოშვებასა და სამრეწველო გამოშვებას.
ექსპერტთა განმარტებით, იდეის ავტორ ქართველ პროფესორებზე კარგად ამის გაკეთებას ვერავინ შეძლებს. შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება არა მხოლოდ შიდა მოხმარება, შეიქმნება სერიოზული საექსპორტო პროდუქცია. საქართველოს მეცნიერული ცოდნა კი უცხოეთში ასმაგად დაფასდება.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია ისიც, რომ ტექნოპარკები ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკონპლექტდება ანუ სტუდენტები არა მხოლოდ საწარმოო პრაქტიკას გაივლიან, უზრუნველყოფილი იქნებიან სამუშაოთიც.
ნოდარ სურგულაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე: “იმის გათვალისწინებით, რომ უმეტეს შემთხვევაში სწავლა სტუდენტებისთვის ფასიანია, ხშირად მათ კრედიტების აღება უწევთ. დასაქმების შემდეგ, ისინი სწავლის საფასურზე გაცილებით მეტს თავად გამომიმუშავებენ. მათთვის ტექნოპარკი იქნება ცოდნას პლუს პრაქტიკა. თანაც, მათ მუშაობის დაწყება პირველივე კურსიდან, სწავლის პარალელურად შეეძლებათ.
მნიშვნელოვანია ერთი მომენტიც. როგორც ცნობილია, გამომგონებელს იდეის განსახორციელებლად მარკეტინგუილი კვლევა, ბიზნესგეგმა, იურიდიული მომსახურება და თანხა ესაჭიროვება. თუმცა, ყველა ზემოჩამოთვლილი სერვისით, სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევარებს, ტექნიკური უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ანუ იდეის გარდა, მათ ფიქრი არაფერზე მოუწევთ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებული სტუდენტები ადგილზე შეისწავლიან ტექნოლოგიასა და საწარმოო პროცესს. დარწმუნდებიან, რომ პრაქტიკაში მისი ცოდნა რეალიზებადია”.
ტექნოპარკები საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსდება. ტექნიკური უნივერსიტეტს ასზე მეტი რეალიზებადი პროექტი აქვს. ამ ეტაპზე უკვე მზად არიან ათი ისეთი პროექტი განახორციელონ, რომელის ლაბორატორიული ნიმუშიც უკვე არსებობს და უტყუარად იციან, რომ დადებით შედეგების მომტანია. მაგალითად, შესაძლებელია გაზის კომპრესორების გამოშვება, რომელიც კონკურენციას ამერიკულ პროტოტიტეპს უწევს, ჩინურ პროდუქციაზე ხარისხით მაღალია და ფასით უფრო იაფი. ამ პროდუქციის ბაზარი ძალიან დიდია არა მხოლოდ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც. შესაძლებელია ასევე სამუხრიჭე ხუნდების გამოშვებაც, რომლის რვავე პარამეტრი `მერსედერსის~ მიერ გამოშვებულს სჯობს!
პროექტების განხორციელდება იგეგმება ენერგეტიკული და ბიოტექნოლოგიური მიმართულებითაც. ყოველგვარი ქიმიური მავნებლობის გარეშე სოფლის მეურნეობისთვის შეიქმნება სტიმულატორები, რომელიც საშუალებას იძლევა მკვეთრად გაიზარდოს მოსავლიანობა.
ტექნოპარკები ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდება თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობის დადგენილებით კვლევითი ინსტიტუტებისა უმაღლესი სასწავლებლების ინტეგრაცია მოხდა, საკითხი გაცილებით სერიოზულ ხასიათს იღებს. ის კვლევითი ინსტიტუტები, რომლებიც ტექნიკურ უნივერსიტეტს დაექვემდებარა, ამ იდეის განხორციელებაში პირდაპირ ჯდებიან და ეს ორივესთვის მომგებიანია. საქმე ისაა, რომ უმეტეს შემთხვევაში, კვლევითი ინსტიტუტები იმ ფაზამდე არიან მისულები, რომ მათი ნამუშევრების პრაქტიკაში დანერგვა შესაძლებელია. ეს კი მთავარი შემოსავლის წყარო იქნება არა მხოლოდ ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, ქვეყნის ეკონომიკისთვისთვის ანუ ეს იქნება ცოდნის კონომიკა - ცოდნა ჩადებული რეალურ პროდუქტში.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, უახლოეს პერიოდში, ტექნოპარკებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა პროექტების პრეზენტაციით მოხდება. მხარდაჭერის შემთხვევაში, ერთმანეთის პარალელურად, მუშაობა რამდენიმე მიმართულებით დაიწყება.