ჟურნალი - ”გზა” 26 აგვისტო
სკოლებში ეთიკის კოდექსები ამოქმედდება - მასწავლებლებს საკუთარი მოსწავლის რეპეტიტორობა ეკრძალებათ
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ბრძანებით, ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლაში მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვისა და დირექტორებისთვის ეთიკის კოდექსი ამოქმედდება. სამინისტროს განმარტებით, კოდექსების შემუშავებისას განსაკუთრებული ყურადღება იმ პრობლემბზე გამახვილდა, რაც სკოლებში რეალურად არსებობს. ალბათ ამიტომ, სამივე კოდექსში დეტალურადაა გაწერილი მასწავლებლებს, მოსწავლეებს, დირექტორებს, მანდატურებსა და მშობლებს შორის ურთიერთდამოკიდებულება, რაც ექსპერტთა აზრით სკოლებში ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.
გია მამულაშვილი მასწავლებეთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი: ”სკოლებში ასეთი დოკუმენტის არსებობა აუცილებელია, რადგან საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილია, რომ დისციპლინის, ჩაცმულობისა თუ ურთიერთდამოკიდებულების კუთხით, სკოლებში გარკვეული პრობლემები ნამდვილად არსებობს. ქცევის კოდექსების მიღების მიზანია მასწავლებლებს, მოსწავლეებს, დირექტორებს, მანდატურებსა და მშობლებს შორის ცივილური ურთიერთობების დამკვიდრება რაც ავტომატურად სკოლებში სათანადო სასწავლო გარემოს შექმნის. ეთიკის კოდექსი მთელს მსოფლიოში, ისეთ ქვეყნებშიც კი მოქმედებს, სადაც სკოლებში მსგავსი პრობლემები ნაკლებია. კოდექსები სკოლებში მთელი დატვირთვით იმუშავებს, მუდმივი სემინარები მოეწყობა, როგორც მასწავლებლებთან და დირექტორებთან, ასევე მოსწავლეებთან ”.
რას ითვალისწინებს მოსწავლის ქცევის კოდექსი?
მოსწავლის ეთიკის კოდექსი საქართველოს, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე სკოლის ყველა მოსწავლეზე ვრცელდება. კოდექსი თანახმად, მოსწავლეს მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობაში თავაზიანობა ევალება და ვალდებულია მათ კანონიერ მითითებებს დაემორჩილოს. მოსწავლეებს ეკრძალებათ ძალადობა, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებების გავრცელება. ვალდებულია პატივი სცეს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს.
მოსწავლეს არა აქვს უფლება მასწავლებლის ნებართვის გარეშე გაკვეთილი დატოვოს. ვალდებულია გაუფრთხილდეს საკუთარ, სხვის და სკოლის ქონებას. დაიცვას სისუფთავეს სკოლაშიც და მის მიმდებარე ტერიტორიაზეც.
ეთიკის კოდექსის თანახმად, მოსწავლემ სკოლაში შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით უნდა იაროს. ვალდებულია დროულად გამოცხადდეს გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე.
ყველაზე საინტერესო მოსწავლის ეთიკის კოდექში იმ ნივთების ჩამონათვალია, თუ რისი შეტანა ეკრძალება სკოლაში. ეს ნივთებია: თამბაქო; ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იარაღად; სანთებელა ან ასანთი; ალკოჰოლური საშუალებები; ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; აზარტული თამაშის საშუალებები; უხამსობის ამსახველი ნივთები; ნარკოტიკული საშუალებები; ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები და ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.
რას ითვალისწინებს მასწავლებლისა და დირექტორის პროფესიული ეთიკის კოდექსები?
როგორც მასწავლებლის, ისე დირექტორის ეთიკის კოდექსები მათი პროფესიული ქცევის წესებს ადგენს, რომლითაც მათი პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხი ფასდება და მისი დაცვა მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან და სკოლაში დასაქმებულ პირებთან მოეთხოვებათ. კოდექსებიც როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე მასწავლებლებზე და დირექტორებზე ვრცელდება.
მასწავლებელსაც და დირექტორებსაც სკოლაში კეთილსინდისიერება და მიუკერძოებლობა მოეთხოვებათ. მათი მოვალეობაა მოსწავლეებში დემოკრატიული და პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებას შეუწყონ ხელი და სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითი მოსწავლეებს თავად მისცენ.
კოდექსით, მათ არა აქვთ უფლება მოსწავლეებს სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ ან მათზე ემოციური (ფსიქოლოგიური) ზეწოლა მოახდინონ. უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე კონფლიქტურ სიტუაციებში, მოისმინონ აზრი და ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღონ. ვალდებულნი არიან სასწავლო პროცესისას მოსწავლის ჯანმრთელობაზე, პირად უსაფრთხოებაზე და საკუთრების დაცვაზე იზრუნონ.
მასწავლებელმაც და დირექტორმაც ყველა პირობა უნდა შექმნას მოსწავლეთათვის, რომ იდეები და შეხედულებები თავისუფლად გამოხატონ. არა აქვთ უფლება მოსწავლის ფიზიკური და ინტელექტუალური შრომა ამასთან მისი პოტენციალი პირადი მიზნებისათვის გამოიყენონ. თანაბარი ყურადღება უნდა გამოიჩინონ ყველა მოსწავლის მიმართ, განურჩევლად სქესისა, რასისა, ენისა, რელიგიისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა და ქონებრივი მდგომარეობისა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად უნდა იზრუნონ, რომ ყველა მოსწავლემ ხარისხიანი განათლება მიიღოს. მათ ასევე მოეთხოვებათ პუნქტუალობა, მოწესრიგებულად ჩაცმა, ეთიკური ნორმების დაცვა და მოსწავლეებისათვის გასაგები ენით მეტყველება.
სიახლეა ისიც, რომ გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მათ ეკრძალებათ საკუთარი მოსწავლის რეპეტიტორობა. ამასთან, მოსწავლეებთან რელიგიური და პოლიტიკური პროპაგანდა.
კოდექსებში გაწერილია ისეთი პუნქტები, რომელიც დორექტორსა და მასწავლებელს ცალ-ცალკე მოთხოვნებს უყენებს. მაგალითად, მასწავლებელმა უნდა შეითავსოს მოსწავლის მრჩევლის ფუნქცია სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადასალახავად. მოსწავლის სურვილის შემთხვევაში, დაეხმაროს პირადი პრობლემების მოგვარებაში. საჭიროების შემთხვევაში, ვალდებულია მოსწავლის მშობელს ინდივიდუალურად შეხვდეს და თავაზიანი იყოს მასთან ურთიერთობისას. ყოველი სასწავლო ტრიმესტრის დასაწყისში სასწავლო გეგმისა და მის მიერ არჩეული სწავლების მეთოდების შესახებ, ვალდებულია მშობლებს განმარტებები მისცეს. გარდა ამისა, შეატყობინოს მშობელს მისი შვილის დისციპლინური დარღვევის შესახებ და ხელი შეუწყოს მშობლის ჩართვას სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ დისციპლინურ წარმოებაში.
მასწავლებელს, თუ ის კლასის დამრიგებელია, აუცილებელია ჰქონდეს ყველა მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია, რათა დროულად შეძლოს მათთან დაკავშირება. თუ მოსწავლე სკოლაში არ გამოცხადდა, მის ჯანმრთელობასა და პირად უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრა, ვალდებულია მშობელს დაუყონებლივ აცნობს.
რაც შეეხება სკოლის დირექტორს, მისი მოვალეობაა ხელი შეუწყოს ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მიღწევასა და ამ პოლიტიკის შესაბამისი სიახლეებისა და ცვლილებების განხორციელებას. ირექტორმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო, ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო და სამუშაო გარემო და ხელი შეუწყოს სკოლაში ინკლუზიური განათლების დანერგვას.
დირექტორმა სასკოლო დისციპლინის დაცვა ისეთი მეთოდებით უნდა უზრუნველყოს, რომ არ ეწინააღმდეგებოდეს მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლისა და სკოლაში დასაქმებული პირების ღირსების პატივისცემას. ის პატივისცემით უნდა მოეპყროს მასწავლებლებს და სკოლაში დასაქმებულ ყველა პირს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა და პიროვნული თავისებურებებისა. ურთიერთობის დროს ვალდებულია დაიცვას მორალურ და ზნეობრივი ნორმები. უნდა გაუფრთხილდეს და კეთილსინდისიერად განკარგოს სკოლის ადამიანური, ფინანსური და მატერიალური რესურსები.
როგორც მასწავლებელი, დირექტორიც ითავსებს მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სიძნელეების გადასალახავად და, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურად აწვდის თავის შენიშვნებსა და შეთავაზებებს მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს. მან ასევე ხელი უნდა შეუწყოს მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ პირებს პროფესიულ განვითარებაში. ყველა პირობა შეუქმნას დამწყებ მასწავლებლებს სასკოლო გარემოში ინტეგრაციისთვის. უზრუნველყოს მასწავლებლების დროული ინფორმირება ზოგადი განათლების სფეროს სიახლეებზე, დამხმარე პროფესიულ ლიტერატურაზე და პროფესიული განვითარების პროგრამებზე.
სკოლის დირექტორი ვალდებულია იზრუნოს, რომ ყველა მოსწავლემ ხარისხიანი განათლება მიიღოს და სასწავლო პროცესში მშობლებიც უნდა ჩართოს. მშობლის სურვილის შემთხვევაში, ვალდებულია მისცეს განმარტებები სასკოლო სასწავლო გეგმის თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში, მათთან ინდივიდუალური შეხვედრები ჩაატაროს.
ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევთა პასუხისმგებლობა სკოლის შინაგანაწესით დარეგულირდება. გია მამულაშვილის განცხადებით, გააჩნია შემთხვევას, პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს საყვედური, გაფრთხილება, მშობლის გამოძახება. ურთულეს შემთხვევაში შესაძლოა საქმე გარიცხვამდეც მივიდეს. ხოლო მასწავლებლებთან და დირექტორებთან მიმართებაში, თუ რომელიმე არაერთგზის დაარღვევს კოდექსს, არ არის გამორიცხული მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შეუწყდეთ.
სიახლე, რომ მასწავლებლებს საკუთარი მოსწავლის რეპეტიოტრობის უფლება აღარ ექნებათ, სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ აკრძალვით სკოლებში არაობიექტურობა აღმოფხვრება.
გია მამულაშვილი: ”რაც უნდა ობიეტური იყოს მასწავლებელი, როცა მოსწავლის ოჯახი მას საფასურს უხდის, უნდა ეს თუ არა შეფასებისას სუბიექტურია. შესაძლოა, სხვა მოსწავლეს ნიშანი არ დააკლოს, მაგრამ მოსწავლე, რომელიც საკუთარ მასწავლებელთან ემზადება, ნიშანს აუცილებლად მოუმატებს, ეს არაობიექტურია. ასეთი მომენტები ცუდის საწინდარია, მოსწავლეებში ბუნებრივ პროტესტს იწვევს და სწორედ ამის აღმოფხვრა გვსურს”.