საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს სახელწოდებით „ანიდან ჰოემდე“.
კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მოსწავლე-ახალგაზრდებში როგორც ქართული მეცნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მის პოპულარიზაციას, ასევე, ქართული ენის ცოდნის განმტკიცებას. ამასთან, კონკურსში მონაწილეობა დააახლოებს ახალგაზრდებს ქართულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცესთან.
კონკურსის ფარგლებში მოხდება ქართული ანბანის შესახებ ესეებისა და ვიდეორგოლების კონკურსის წესით შეფასება და თითოეულ ნომინაციაში საუკეთესო ნაშრომების (როგორც ესეს, ისე ვიდეორგოლის) გამოვლენა. აუცილებელია, რომ საკონკურსო ნამუშევრები შესრულებული იყოს ქართულ ენაზე.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 10-17 წლის ახალგაზრდებს – უცხოეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც საზღვარგარეთის სკოლებში იღებენ განათლებას.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის 14 ნოემბერს, 12:00 საათზე (საქართველოს დროით) გაიმართება ონლაინ ტრენინგი, რომელზე დასწრებაც თავისუფალია. რეგისტრაციისათვის 11 ნოემბრიდან 12 ნოემბრის 24:00 საათამდე (საქართველოს დროით) გამოგზავნეთ შევსებული ფორმა N2 შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact.icege@gmail.com.
გაცნობებთ, რომ 13 ნოემბერს მხოლოდ რეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ ტრენინგზე დასწრებისთვის შესაბამის ბმულს.
კონკურსის ვადები:
საკონკურსო ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები:
მნიშვნელოვანია, რომ ერთ კონკურსანტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთ ნომინაციაში.
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა სახის სამახსოვრო საჩუქრებითა და ელექტრონული წიგნების სახლ „საბას“ 1-წლიანი მომსახურების პაკეტებით: I ადგილის მფლობელები – 8-წიგნიანი პაკეტით, II და III ადგილის მფლობელები – 4-წიგნიანი პაკეტებით. საუკეთესო ნაშრომების ათეულის დანარჩენი წარმომადგენლები კი – 1-წიგნიანი პაკეტებით.
კონკურსის ფარგლებში ასევე იგეგმება საუკეთესო ესეების კრებულის გამოცემა.
მეცნიერების მხარდაჭერა და ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სივრცეში პოპულარიზაციის ხელშეწყობა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით სამინისტრო, „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში, არაერთ აქტივობას ახორციელებს, მათ შორის – სამეცნიერო თემატიკის კონკურსებს, მასტერკლასებს, გამოფენებს, ლექციებსა და სხვადასხვა სახის შემეცნებით და სახალისო ღონისძიებებს.