აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის ახალ სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება გამოცხადდა.
ახალი სასტიპენდიო კონკურსი განკუთვნილია 16-17 ასაკის მოსწავლეებისთვის სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან და უკრაინიდან.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის შედეგად შეირჩევა 20-მდე საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, რომლებიც მიიღებენ ევროპული განზომილების მქონე მაღალი ხარისხის ბაკალავრის საერთაშორისო დიპლომს (IB Diploma).
აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამა მოიცავს 2-წლიან აკადემიურ კურსს, რომელიც დროებით განხორციელდება თბილისში მდებარე კერძო სკოლის – „ახალი სკოლის“ ბაზაზე.
სასტიპენდიო პროგრამა 2018 წლიდან დღემდე წარმატებით ხორციელდება. მიმდინარე მიღებაზე შერჩეული სტუდენტები პროგრამას 2023-2024 სასწავლო წელს შეუერთდებიან.
დაინტერესებულმა მოსწავლეებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ვებგვერდის საშუალებით 2023 წლის 16 მარტის 12:00 საათამდე. შერჩევის პროცესი განაცხადების გადარჩევას, წერით ტესტირებასა და წინასწარ შერჩეული კანდიდატებისთვის ინტერვიუს ჩატარებას გულისხმობს. 2023-2024 სასწავლო წლის სტიპენდიატთა სია 2023 წლის მაისის ბოლოს გამოქვეყნდება.
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: euscholarship@eapeuropeanschool.eu ან დარეკოთ ნომერზე: +995 577 39 39 99