ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ერთ-ერთი მიმართულებაა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ხელოვანებს შორის კოლაბორაციის ხელშეწყობა.
სახელოვნებო გაცვლისა და კულტურათაშორისი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, ჰარვარდის ქართველოლოგიის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულია კოლაბორაციული პროექტების კონკურსი ამერიკელი და ქართველი ხელოვანებისთვის.
კონკურსი მიზნად ისახავს 2023 წლის ზაფხულში ამერიკულ-ქართული პროექტის განხორციელებისთვის 2 პოეტის/მწერლის (ქართველი და ამერიკელი) და 2 მუსიკოსის (ქართველი და ამერიკელი) შერჩევას. ჰარვარდის ქართველოლოგიის პროგრამის კოლაბორაციული პროექტის მიზანია ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, ერთმანეთის კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლება და აღნიშნულ პროცესში ინოვაციური, საინტერესო ნამუშევრების შექმნა.
კონკურსში გამარჯვებული კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში, ქართველი და ამერიკელი პოეტები/მწერლები და მუსიკოსები, შექმნიან სხვადასხვა წერილობით და მუსიკალურ ნამუშევარს. მათი ერთობლივი თანამშრომლობის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია ჩატარდება კემბრიჯში, აშშ-ში და საკონკურსო განაცხადების მიღება 2023 წლის 21 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ აღნიშნული ბმული: https://daviscenter.fas.harvard.edu/insights/call-proposals-exchanging-notes
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით, პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდა. პროგრამა ხელს უწყობს სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას, რომლებიც არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო და ინტელექტუალურ წრეებში საქართველოს შესახებ კვლევების მხარდამჭერებად და ცოდნის გამავრცელებლებად მოგვევლინებიან.
ქართველოლოგიის პროგრამა, რომელიც ფუნქციონირებს ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში, ხელს უწყობს როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და პოლიტიკის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და მეცნიერებაში შეტანილი წვლილის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებასა და გაცვლას. პროგრამაში გათვალისწინებულია კვლევები კავკასიოლოგიის მიმართულებითაც. პროგრამას ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი პროფესორი სტივენ ჯონსი ხელმძღვანელობს, რომელიც 40 წელზე მეტია მოღვაწეობს ქართველოლოგიის მიმართულებით და საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების გულითადი მხარდამჭერია.