საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ქალაქ ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში კოლეჯ „ბლექსის“ ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს.
კოლეჯის სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, მოადგილე გელა გელაძესთან, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანთან ერთად, გაეცნო.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში აშენდება 560 სტუდენტზე გათვლილი სამსართულიანი შენობა შეკიდული ვიტრაჟული სისტემით, სადაც განთავსდება თეორიული და პრაქტიკული აუდიტორიები, ფაბლაბი, სტუდენტური სივრცე, შეხვედრების ოთახი, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, არქივი, კაფეტერია, სამედიცინო კაბინეტი და სპორტული დარბაზი. ამასთან, პროექტი 50 სტუდენტზე გათვლილ საერთო საცხოვრებლის მშენებლობასაც ითვალისწინებს.
კოლეჯი „ბლექსი“ განახლებული, თანამედროვე ინფრასტრუქტურით უფრო მრავალფეროვან პროგრამებსა და სერვისებს შესთავაზებს მოქალაქეებს. კოლეჯში დაგეგმილია 30 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება მომსახურებების, ინჟინერიის, წარმოებისა და მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებებით.
ახალი მასშტაბური პროექტის განხორციელების შედეგად, რეგიონს კიდევ ერთი ევროპული სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცე შეემატება.
კოლეჯის ახალი კამპუსის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 17 179 515 ლარს შეადგენს.