მიმდინარე წლიდან საქართველოს სკოლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება დაიწყო.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა დაინერგა ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში, სადაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში ხორციელდება ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – „Front-end დეველოპმენტი“, რომელიც განკუთვნილია მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის.
ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია Front-end დეველოპმენტის მიმართულებით უზრუნველყოს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება, რომლებიც შეძლებენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნან მომხმარებლის ინტერაქტიური და ვიზუალურად გამართული ვებგვერდის ინტერფეისი, განახორციელონ ვებგვერდის ოპტიმიზაცია და ვებპროექტის ვერსიების კონტროლი.
სამინისტროს მიერ, სკოლაში მოეწყო თანამედროვე სასწავლო გარემო, რომელიც სრულად იქნა აღჭურვილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით.
პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, მიმდინარე წლიდან პროფესიული განათლება საჯარო სკოლებში შევიდა.
ახალი ინიციატივა მოსწავლეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს სკოლებშივე, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილ სასწავლო გარემოში, პრაქტიკაზე დაფუძნებით, ზოგადი განათლების პარალელურად დაეუფლონ მოთხოვნად პროფესიას და მიიღონ, როგორც სრული ზოგადი განათლების ატესტატი, ასევე, პროფესიული დიპლომი. სწავლის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, დასაქმდნენ პროფესიით ან სურვილის შემთხვევაში გააგრძელონ სწავლა უმაღლესი განათლების საფეხურზე.
ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე წულაძე მოსწავლეებსა და მასწავლებლებსაც შეხვდა და მათთან სკოლებში პროფესიული განათლების ინტეგრირების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. ამასთან, მინისტრმა ნაყოფიერი შრომისთვის 30 ღვაწლმოსილი მასწავლებელი დააჯილდოვა და მათ მომავალი თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
მინისტრთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე და ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი.