საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე ქალაქ ზესტაფონის სრულად რეაბილიტირებულ მე-4 საჯარო სკოლას ეწვივნენ, სადაც განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნენ.
როგორც ალექსანდრე წულაძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ქალაქ ზესტაფონის მეოთხე საჯარო სკოლა კი ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია.
მისი თქმით, 2024-2025 სასწავლო წლის მეორე სემესტრში ათამდე საჯარო სკოლაში უკვე განახლდა სწავლა ახლად რეაბილიტირებულ შენობაში და სემესტრის მიმდინარეობისას კიდევ 30 სკოლას ინფრასტრუქტურულად განახლებული შენობა ექნება.
სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.
სკოლის შენობა, რომლის რეაბილიტაციის ღირებულება 6 227 659.74 ლარია, 1040 მოსწავლეზეა გათვლილი.
სასწავლო სივრცეების პარალელურად, სკოლაში მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები. ამასთან, კეთილმოწყობილია ბიბლიოთეკა, სასადილო, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი.
შენობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის: დამონტაჟდა ლიფტი, სანიტარული კვანძები და პანდუსი.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო სკოლის გარე სივრცე და სპორტული მოედანი.