სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავამ მიიღო.
თამარ ღვამიჩავამ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა წამახალისებელი ინიციატივის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილის თქმით, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალგაზრდებს გამყოფი ხაზების ორივე მხარეს, უფრო მეტი შემართებით ჩაერთონ მშვიდობის მშენებლობის პროცესში, რომელიც ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური შერიგების, ურთიერთგაგებისა და ნდობის აღდგენის მტკიცე სულისკვეთებით მიმდინარეობს.
აფხაზური კვირეული მიზნად ისახავდა სტუდენტური აქტივიზმის ხელშეწყობას, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას.
კვირეულის დასკვნით ეტაპზე გაიმართა დებატები თემაზე: „ახალგაზრდებს შეუძლიათ გადამწყვეტი როლი ითამაშონ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაუმჯობესებაში“.
ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ევა იკაუნიეცემ, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.