კონკურსის „მწვანე ჯილდო“ გამარჯვებული მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. პედაგოგებს კუთვნილი პრიზები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გადასცეს.
ღონისძიებაზე გამოვლინდა 10 გამარჯვებული მასწავლებელი, რომლებიც სწავლა-სწავლების პროცესში აქტიურად იყენებენ სახელმძღვანელოებს – „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ და „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“. ამასთან, გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნავენ.
ალექსანდრე წულაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სკოლებში გარემოსდაცვითი განათლების დანერგვისა და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე.
მინისტრმა კონკურსში მონაწილე მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ
მათი როლი ჯანსაღი ღირებულებების მქონე, პასუხისმგებლობიანი მოქალაქეების აღზრდის საქმეში ფასდაუდებელია.
„ჩვენი მიზანია, აღვზარდოთ ჯანსაღი ღირებულებების მქონე, პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები – ახალგაზრდები, რომლებიც მიღებული ცოდნით შეძლებენ გაუმკლავდნენ გლობალურ გამოწვევებს.
რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია ჩვენი ძვირფასი მასწავლებლების გარეშე. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ პედაგოგს მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის – თქვენ ემსახურებით ეროვნული მნიშვნელობის საქმეს და იცოდეთ, რომ ჩვენი სრული მხარდაჭერა გაქვთ. მჯერა, თქვენი პროფესიონალიზმით მომავალში კიდევ არაერთ სასარგებლო და მნიშვნელოვან ინიციატივას განახორციელებთ ჩვენი ახალგაზრდებისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ.“ – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.
კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ: „მწვანე ჯილდო – სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება 2025“ და „მწვანე ჯილდო – გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში 2025“. გამარჯვებულ პედაგოგებს ფულადი ჯილდოები, ასევე პარტნიორი კომპანიებისგან საჩუქრები გადაეცათ.
დაჯილდოების ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და კახა კაკაბაძე.
კონკურსში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით 200-მდე პედაგოგმა და აღმზრდელმა მიიღო. გამარჯვებულები სპეციალურად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ გამოავლინა, რომელიც შედგებოდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის, არასამთავრობო ორგანიზაციების “CENN” და “ეკოხედვა” წარმომადგენლებისგან.
კონკურსი „მწვანე ჯილდო“, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის ინიციატივით, 2018 წლიდან ტარდება. თავდაპირველად კონკურსი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მასწავლებლების წახალისებასა და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობას ემსახურებოდა. 2022 წლიდან კი, მას დაემატა სასკოლო კომპონენტი, რომელიც მიზნად ისახავს სკოლაში გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ინტეგრაციას.