საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისთან ერთად, მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლაში მოწყობილ STEAM ინოვაციურ სამუშაო სივრცე – STEAM LAB-ს ესტუმრა.
სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს STEAM LAB-ში მუშაობისას შექმნილი ინოვაციური პროექტების პრეზენტაცია წარუდგინეს და მათი მუშაობის სპეციფიკა გააცნეს.
ბაია კვიციანმა STEAM პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინოვაციური სამუშაო სივრცეები მომავალი თაობებისთვის, ინოვაციური პროგრამების შექმნის მიმართულებით მეტ შესაძლებლობას გააჩენს. მისი თქმით, განათლების სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს STEAM პროგრამების აქტიურ მხარდაჭერას.
დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის STEAM LAB აღჭურვილია პროგრამირების შესასწავლი, რობოტიკის, STEAM, სასწავლო-სამეცნიერო, ქარის ენერგიის, მწვანე და ა.შ. ნაკრებებით; 3D პრინტერით, დრონითა და კომპიუტერული ტექნიკით. ასევე, ინოვაციურ სივრცეში განთავსებულია სპეციალური ავეჯი, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემოთავაზებულ სტანდარტებს.
STEAM LAB უზრუნველყოფილია ვიდეო საკონფერენციო სისტემით, რაც სხვა სკოლებთან დისტანციურად დაკავშირების, ერთობლივი STEAM პროექტებისა და სხვა ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.
STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის პილოტირება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 200 სკოლაში მიმდინარეობს, სადაც შეიქმნა STEAM ლაბორატორიები, განხორციელდა მასწავლებელთა გადამზადება და უზრუნველყოფილ იქნა საჭირო საგანმანათლებლო რესურსებით. პროექტის ფარგლებში მომზადება გაიარა საბუნებისმეტყველო საგნების 400-ზე მეტმა პედაგოგმა. პროგრამაში ჩართულია 3000 -ზე მეტი მოსწავლე.