საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილ პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცა და ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეები დააჯილდოვა.
ლევან ღირსიაშვილმა სიტყვით მიმართვისას სამინისტროს მიერ როგორც პედაგოგთა მხარდამჭერ, ასევე მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
მარნეულის მუნიციპალიტეტში 47 ოქროსა და 19 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე დაჯილდოვდა.
პედაგოგებისა და მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. დასკვნითი ღონისძიება კი 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება.
