საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მადლობის სიგელებით წალკის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. მასწავლებლებს სიგელებთან ერთად სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ.
ბაია კვიციანმა მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში პროფესიის ერთგულად მსახურებისთვის, დაუღალავი შრომისა და ქვეყნისთვის ღირსეული მოქალაქეების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის.
ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოება ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ინიციატივითა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით ტარდება. ის მიზნად ისახავს პედაგოგთა წახალისებას, მათი შრომის აღიარებასა და ღვაწლის დაფასებას. პედაგოგები, რომლებიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ჯილდოვდებიან, 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრებიან.
