საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა მონაწილეობა მიიღო იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიის ფარგლებში, სამარყანდიში გამართულ მინისტერიალის დიალოგში სახელწოდებით: „სწავლა დღეს ლიდერობა ხვალ: უნარები ცვალებად სამყაროში“.
ბაია კვიციანმა სიტყვით მიმართვისას სწრაფად ცვალებად სამყაროში უნარებზე დაფუძნებული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, განათლება არ შემოიფარგლება მხოლოდ თეორიული ცოდნის გაღრმავებით, სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია პრაქტიკული კომპონენტის ინტეგრირება და გაძლიერება.
მინისტრის მოადგილემ მონაწილეებს საქართველოს განათლების სისტემის სამივე საფეხურზე არსებული სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, განსაკუთრებული ყურადღება კი უმაღლესი განათლების ფუნდამენტურ რეფორმაზე გაამახვილა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საჯაროდ წარუდგინა საზოგადოებას. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთიანი ეროვნული სტრატეგია ეფუძნება ხარისხს, თანასწორობასა და კეთილსინდისიერ მმართველობას, ხოლო მიმდინარე რეფორმები მიმართულია ინკლუზიური განათლების, პროფესიული განათლების განვითარებისა და შრომის ბაზართან მჭიდრო ინტეგრაციის მიმართულებით.
იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიის ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამინისტროს მხრიდან ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე. როგორც მან აღნიშნა, საქართველო, როგორც ლისაბონის აღიარების კონვენციისა და უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების აღიარების მონაწილე ქვეყანა, ერთგულია გამჭვირვალე სისტემის განვითარებისა, რაც ხელს უწყობს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობასა და აკადემიურ მობილობას.
შეხვედრის დასასრულს ბაია კვიციანმა უნარებზე დაფუძნებული განათლების განვითარების პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, იუნესკოსთან პარტნიორობის გაძლიერება ხელს შეუწყობს განათლების სფეროში საერთო მიზნების მიღწევას და მდგრადი განვითარების მეოთხე მიზნის (SDG 4) შესრულების დაჩქარებას.
საქართველოს დელეგაციას, რომელიც იუნესკოს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიაში მონაწილეობს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობს.