საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელ იესპერ მოლერთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ერთობლივი პროექტები, რომლებიც სკოლამდელ და ზოგად განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, უკეთეს კოორდინაციასა და ბავშვთა აკადემიური მოსწრების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
UNICEF-ის წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა მრავალწლიანი პარტნიორობა და ხაზი გაუსვა თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას ბავშვების გრძელვადიანი კეთილდღეობისთვის.
თავის მხრივ, ბაია კვიციანმა იესპერ მოლერს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს UNICEF-თან თანამშრომლობა მოიცავსისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა სკოლამდელი განათლების სტანდარტები და საკანონმდებლო განვითარება, სკოლებში ძალადობის პრევენციის მექანიზმების გაძლიერება, მედია წიგნიერების ინტეგრირება ფორმალურ განათლებაში, მოწყვლადი ჯგუფების ბავშვებისთვის განათლების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სხვა.
