
პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სკოლის მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრებს აგრძელებს.
მორიგი შეხვედრა ქალაქ ქუთაისში გაიმართა, სადაც მონაწილეებმა პანელური დისკუსიის ფორმატში იმსჯელეს ინკლუზიური განათლების სისტემის შემდგომი განვითარებისთვის საჭირო ნაბიჯებზე.
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებულ სერვისებზე, შესაძლებლობებზე, ინკლუზიური განათლების სპეციალისტების მხარდაჭერაზე, საგანმანათლებლო რესურსების ადაპტაციასა და სისტემურ გამოწვევებზე.
საჯარო დიალოგის ფორმატში მშობელთა ჩართულობის მიზნით სამინისტრო, პარტნიორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში სესიებს ჩაატარებს, რაც სერვისების განვითარების პროცესში მშობლების მხრიდან მიღებული უკუკავშირების გათვალისწინებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრის შემდეგ გაიმართა ფოკუს-ჯგუფი, სადაც მონაწილეებმა გამოავლინეს სასკოლო საზოგადოების წინაშე არსებული კონკრეტული გამოწვევები და განსაზღვრეს მათი გადაჭრის გზები.
შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.