საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ანგარიშის – ,,ცვლილებებისთვის საჭირო უნარები ‘‘ (Skills for Change) პრეზენტაციას დაესწრო.
ანგარიშში განხილულია საქართველოში არსებული უნარების მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისობა და ძირითადი გამოწვევები, მათ შორის, უნარების დეფიციტი, სწრაფად ცვალებად ეკონომიკურ გარემოსთან ადაპტაციის საჭიროება და განათლების სისტემასა და შრომის ბაზარს შორის კოორდინაციის გაძლიერების მნიშვნელობა.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია, რომელსაც მოდერატორობა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა გაუწია.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა: დიგიტალიზაციის, მწვანე ტრანზიციისა და მოსახლეობის დაბერების გავლენა შრომის ბაზარსა და საჭირო უნარებზე; უნარების დეფიციტი როგორც ეკონომიკური ზრდისა და ინკლუზიის შემაფერხებელი ფაქტორი.
ბაია კვიციანის თქმით, განათლების სისტემის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოება, თანამედროვე უნარების განვითარება და ადამიანური კაპიტალის გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს როგორც პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემის განვითარება, ასევე კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავება.
პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილმა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის, ბიზნეს ასოციაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.