საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი GITEX AI Kazakhstan 2026-ის სამიტის ფარგლებში, ყაზახეთის უნივერსიტეტებს ესტუმრა, რომლებსაც ტრანსნაციონალური თანამშრომლობის მოდელი აქვთ დანერგილი.
საუნივერსიტეტო კამპუსების ტურის ფარგლებში ბაია კვიციანმა დაათვალიერა სატბაევის უნივერსიტეტი (Satbayev University), რომელსაც მჭიდრო ტრანსნაციონალური პარტნიორობა აკავშირებს პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (Penn State) და ჰონგ კონგის საქალაქო უნივერსიტეტთან (City University of Hong Kong).
მინისტრის მოადგილემ გამართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სატბაიევის უნივერსიტეტის რექტორ მეირამ ბეგენტაიევთან და გაეცნო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებს, როლებიც ხელოვნური ინტელექტის, მეტალურგიისა და გეოლოგიის, აგრეთვე სამთო-სამრეწველო უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობენ. ბაია კვიციანმა მეცნიერების კომერციალიზაციისა და ინდუსტრიასთან თანამშრომლობის კუთხით მათი საქმიანობის შესახებ მიიღო ინფორმაცია.
მინისტრის მოადგილე ასევე ეწვია Innotech University-ს, რომელიც არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტთან (ASU) თანამშრომლობით დაფუძნდა და სტუდენტების პირველ ნაკადს 2026 წლის ზაფხულში მიიღებს. გარდა ამისა, ბაია კვიციანი იმყოფებოდა ნიუ-იორკის კინოაკადემიის (NYFA) ყაზახეთის ფილიალში, სადაც გაეცნო პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესს.
ბაია კვიციანის ვიზიტი ყაზახეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ყაზახეთის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრის, საიასათ ნურბეკის ინიციატივით გაიმართა.