საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
მინისტრის მოადგილემ სომხეთის რესპუბლიკის ელჩს უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები და ის სიახლეები გააცნო, რომლებიც ამ ეტაპზე ხორციელდება.
ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთს შორის 2023 წელს გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობას და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების აქტიურ განხორციელებას, მათ შორის უმაღლესი განათლების მიმართულებით სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობასა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთობლივი პროგრამების განვითარებას.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები დასახეს.
