
საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა.
ერთობლივ დეკლარაციას, რომლის თანახმადაც ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა მოაწერეს.
ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების შემდეგ, განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბახტიორ ოდილოვიჩ საიდოვმა მოაწერეს.
შეთანხმება ითვალისწინებს პროფესიული განათლების სფეროში გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, პროფესიული სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის გაცვლითი პროგრამების შეთავაზებას, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას, საქართველო–უზბეკეთის საგანმანათლებლო ფორუმის ორგანიზებას.
დოკუმებტი ასევე გულისხმობს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ურთიერთაღიარების პროცესის ხელშეწყობასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით თანამშრომლობას.