გაზეთი:
”პრაიმ-ტაიმი” 13 სექტემბერი
მირიან ბოქოლიშვილი
15 სექტემბრიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი იწყება. რა სიახლეები იგეგმება სკოლებში და რა სიურპრიზები ელით მოსწავლეებს? „პრაიმტაიმი“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, დიმიტრი შაშკინს ესაუბრა:
წელს პირველად საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში სწავლა 15 სექტემბერს იწყება და ეს ყოველთვის ასე იქნება. თუ ადრე სკოლის დირექტორი თავის შეხედულებიდან და გრაფიკიდან გამომდინარე წყვეტდა, როდის დაეწყო სწავლა, წელს ასე აღარ იქნება. დაწესდება სულ ორი სემესტრი, ჩვენ უარი ვთქვით ტრიმესტრებზე. იქნება ორი სემესტრი
პირველი სემესტრი
დაიწყება 15 სექტემბერს და დამთავრდება 24 დეკემბერს. შემდეგ იქნება ზამთრის არდადეგები, რომელიც
გაგრძელდება 24 დეკემბრიდან 20 იანვრამდე. ამის შემდეგ დაიწყება მეორე სემესტრი და
სწავლა დამთავრდება 15 ივნისს, გარდა პირველი და მე-12 კლასებისა, რომლებიც
სწავლას დაამთავრებენ 20 მაისს.
როგორც ვიცი, შეიცვალა მოსწავლეთა შეფასების სისტემაც... კონკრეტულად რა სიახლეა ამ კუთხით?
ადრე მასწავლებელი ბავშვს აფასებდა 6 კომპონენტით, რომელიც ძალიან გაუგებარი
და რთული იყო. მაგალითად, ერთ-ერთი კომპონენტი იყო ბავშვის აქტიურობა, არადა შეიძლება
ბავშვი არ იყოს აქტიური, მაგრამ იყოს ბეჯითი, ნიჭიერი და ვერ გამოხატავდეს, ამის გამო
ცუდი ნიშანი რატომ უნდა მიიღოს?! ეს 6 კომპონენტი გაუქმდა. დარჩება სულ სამი კომპონენტი:
საშინაო დავალება, საკლასო დავალება და შემაჯამებელი, ანუ საკონტროლო. სამივეს ერთნაირი წონა აქვს. ასევე, შეიცვალა საკლასო ჟურნალები, მასწავლებლებს
საშუალება ექნებათ, სისტემატურად
აკონტროლონ ბავშვის აკადემიური დასწრება და აკადემიური წარმატება.
რატომ გახდა საჭირო ახალი საგნების შემოღება?
ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ახალი სასწავლო წლიდან
ცალკე საგნად შემოდის სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, ყველა სკოლაში, ფიზკულტურის ნაცვლად, ჩატარდება სპორტის გაკვეთილები, სავალდებულო საგანი იქნება კომპიუტერის სწავლება. პილოტურ რეჟიმში ვიწყებთ
ინგლისური ენის სწავლებას პირველივე კლასიდან და ეს შეეხება დაახლოებით 3 ათას პირველკლასელს,
ასევე პილოტურ რეჟიმში მათთვის დარიგდება კომპიუტერები. რამდენიმე რეგიონში მთლიანად
და თბილისში სამი სკოლის პირველკლასელები საქართველოს პრეზიდენტისგან მიიღებენ საჩუქრად
„ნეტბუქებს“, რომელშიც ჩატვირთული იქნება სასწავლო თამაშები. ამოქმედდა
„ბუკის“ ვებგვერდი, სადაც, სასწავლო თამაშების გარდა, ჩატვირთულია სასწავლო სახელმძღვანელოები
და კლასგარეშე ლიტერატურა ყველა კლასის მოსწავლეებისთვის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მე-4 კლასელებისთის ინტეგრირებული სწავლება ქართული ცეკვებისა.
ერთ-ერთი სიახლე, რაც მოსწავლეებს დახვდებათ, სასადილოებს ეხება. როგორც ცნობილია, სკოლებში ნაღდი ფულით ვაჭრობა აიკრძალება...
დიახ, თბილისის სკოლებში გრძელდება სასადილოების პრობლემის მოგვარება. ჩემი
ბრძანებით, სკოლებში აიკრძალა ნაღდი ფულით ვაჭრობა და სასადილოებში მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორება იქნება, ბარათებით. პროვაიდერები უკვე არემონტებენ
სკოლების სასადილოებს, რომ ბავშვებს ჰქონდეთ კარგი პირობები და სასადილოები. გარდა
ამისა, მერიასთან ერთად უკვე გაკეთდა თბილისის ყველა სკოლაში, ან სპორტული დარბაზი
ან მოედანი.
რაც შეეხება სახელმძღვანელოებს... რამდენად ხარისხიანია ის წიგნები, რომელიც ბაზარზე შემოდის?..
მოგახსენებათ, რომ ადრე განათლების სამინისტროს ჰქონდა ძალიან ლიბერალური
პოლიტიკა სახელმძღვანელოებთან მიმართებაში. პრინციპში, ყველა წიგნმა მიიღო გრიფი. წელს ჩვენ ეს წესი გავამკაცრეთ,
რამაც უკმაყოფილებაც გამოიწვია გამომცემლებში.
გრიფი მიიღო იმ სახელმძღვანელოებმა, რომლებიც აკმაყოფილებდნენ
კონკრეტულ პარამეტრებს. ყველა ახალი სახელმძღვანელო, რომელმაც გრიფი მიიღო, საკმაოდ მაღალი ხარისხისაა. მე დავპირდი
საზოგადოებას, რომ 2012 წლამდე საქართველოში სახელმძღვანელოების პრობლემა არ იარსებებს, მაგრამ ამისთვის მე კიდევ რამდენიმე წელი მჭირდება. ჩვენ ბაზარზე
უკვე ჩავკეტეთ უხარისხო სახელმძღვანელოების შემოტანა. გარდა
ამისა, პირველად საქართველოში გაკეთდა მულტილინგვური სახელმძღვანელოები არაქართულენოვანი
სკოლებისთვის, რაც ასევე მნიშვნელოვანია.
ამ სასწავლო წლიდან მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც ეთიკის კოდექსის ჩარჩოებში მოუწევთ ურთიერთობა. რამდენად ეფექტური იქნება შედეგი?
როგორც მოგეხსენებათ, სულ სამი ეთიკის კოდექსი შეიქმნა – მასწავლებლებისთვის, მოწავლეებისთვის და დირექტორებისთვის. ყველა სკოლას
დაევალა, ამ კოდექსების საფუძველზე შექმნას
შიდა განაწესი. სკოლებში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამყარდეს დისციპლინა მანდატურების
დახმარებით. თავისუფლებას მოაქვს უფლებები და პასუხისმგებლობებიც. მოსწავლეს უნდა ესმოდეს,
რომ ძველბიჭობასა და შატალოზე სიარულს მოჰყვება კონკრეტული სასჯელები, თუნდაც ფიზიკური შრომით. მასწავლებელსაც უნდა
ესმოდეს, რომ არ შეიძლება ბავშვის შეურაცხყოფა და დამცირება.
მე-12 კლასელებისთვის საატესტაციო გამოცდები რა ფორმით ჩატარდება?
ექსკლუზიურად გეტყვი, რომ სულ 8 გამოცდა იქნება, ე.წ. კატის სისტემით. წლევანდელმა
ეროვნულმა გამოცდებამ აჩვენა, რომ ძირითადად ცუდი მაჩვენებლები აბიტურიენტებს ჰქონდათ
მათემატიკაში, ქიმიაში, ფიზიკაში, ანუ საბუნებისმეტყველო
საგნებში. ამიტომ, არ შეიძლება ბავშვმა დაამთავროს
სკოლა და ისწავლოს მხოლოდ ის საგნები, რომელიც უმაღლესში ჩასაბარებლად სჭირდება. 2011 წელს, საქართველოში პირველად, საატესტატო გამოცდები ე.წ. კატის
სისტემით ჩატარდება. ეს არის სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ბავშვის ცოდნა უფრო ობიექტურად და
სამართლიანად შევაფასოთ. ატესტატის მისაღებად მე-12 კლასელს 8 გამოცდის
ჩაბარება მოუწევს. ყველა გამოცდა კომპიუტერული სისტემით ჩატარდება. ბავშვი შევა ოთაში, სადაც დაყენებული იქნება ვიდეომონიტორინგის სისტემა,
დაჯდება კომპიუტერთან, რომელსაც ასევე დამონტაჟებული ექნება კამერა და შეერთებული იქნება
ერთ სერვერზე.
ე.წ. კატის სისტემის პლუსი რა არის?
ბავშვი მაშინვე მიიღებს პასუხს, თუ რა შედეგი აჩვენა გამოცდაზე. კომპიუტერი პირველად ამოაგდებს საშუალო სირთულის კითხვას, იმის მიხედვით, თუ როგორ უპასუხებ. შემდეგი კითხვა გართულდება, ან გამარტივდება. საბოლოოდ კომპიუტერი დაიანგარიშებს ამ შედეგებს და პასუხი დაიდება 20 წუთში. რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა, ის ჩვეულებრივ დარჩება, როგორც უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდები.