საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი აღმოსავლეთ საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა.
მინისტრის მოადგილემ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ფარგლებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაგეგმილ ცვლილებებსა და სიახლეებზე ისაუბრა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახელმძღვანელოებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას, განახლებულ საგნობრივ სტანდარტებს, სასკოლო ფორმებსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და მხარდაჭერის მექანიზმებს.
საუბარი კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე დამატებითი ინფორმაცია მიიღეს და საკუთარი მოსაზრებები გააზიარეს.
შეხვედრები გაიმართა თბილისში, რუსთავსა და ბორჯომში. მათ ქვემო ქართლის, კახეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების საჯარო სკოლების დირექტორები და რესურსცენტრების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
