საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სფეროს განვითარების კუთხით ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, ახალი სივრცე საერთაშორისო და ეროვნული თანამშრომლობის, ცოდნის გაზიარებისა და პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდება. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და მისი ეფექტიანი გამოყენება თანამედროვე, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ილია შამუგიამ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ.
ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრში მოწყობილია აუდიტორიები, არქივი, ბიბლიოთეკა და საგამომცემლო - პოლიგრაფიული ბაზა, ასევე სპეციალური საგამოცდო სივრცე. ცენტრს ექნება შესაძლებლობა უმასპინძლოს კონფერენციებს, ტრენინგებს, სემინარებს, საჯარო ლექციებს, საზაფხულო და ზამთრის სკოლებს.
განათლების მიღების, პროფესიული განვითარების, ცოდნის გაზიარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ცენტრში დაგეგმილია სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება, წინასაგამოცდო მოსამზადებელი კურსის გავლა სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორების ჩართულობითა და ევროპის საპატენტო უწყების მხარდაჭერით.
ღონისძიების ფარგლებში სიტყვით ასევე გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) აღმასრულებელი დირექტორი/რექტორი ვახტანგ ცაგარელი, WIPO-ს აკადემიის დირექტორი ჰონგბინგ ჩენი, ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA) კომისრის მოადგილე რუი ვენბიაო და ევროპის საპატენტო უწყების (EPO) აკადემიის დირექტორი პროფესიული სერტიფიცირებისა და სასწავლო პარტნიორობის მიმართულებით ხავიერ სეუბა.
ცენტრის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების, უცხოური ინტელექტუალური საკუთრების უწყებების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.