საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია დიპლომატიის აკადემიის რექტორ თამარ ბერუჩაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა დიპლომატიის აკადემიის საქმიანობისა და განვითარების პრიორიტეტებზე იმსჯელეს.
ყურადღება გამახვილდა ადგილობრივ და უცხოურ საგანმანათლებლო ცენტრებთან თანამშრომლობაზე, აკადემიის საერთაშორისო პარტნიორების წრის გაფართოებასა და პროფესიულ ქსელებთან ურთიერთობის გაძლიერებაზე.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს შესაძლებლობას, მომავალში უმასპინძლოს საერთაშორისო სამიტებს, კონფერენციებსა და სხვა მაღალი დონის ღონისძიებებს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სფეროში.
აღინიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობა ხელს შეუწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, საერთაშორისო კავშირების გაძლიერებას და საქართველოს როლის წარმოჩენას დიპლომატიური განათლების სფეროში.
მხარეებმა განიხილეს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებიც, მათ შორის საჯარო ლექციების, თემატური შეხვედრებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების ორგანიზება.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მზადყოფნა დაადასტურეს.
