საქართველოს მთავრობის
დადგენილება
N 203 2009 წლის 4 ნოემბერი ქ. თბილისი
პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ (13.10.2010 N 317)
მუხლი 1. პროფესიული განათლების განვითარებისა და პროფესიულ განათლებაში სახელმწიფო დაწესებულებების, დამსაქმებლების, პროფესიული კავშირებისა და არასამთავრობო სექტორის, აგრეთვე პროფესიული კოლეჯების კოორდინირებული მოქმედების უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს თანდართული დებულება. (13.10.2010 N 317)
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
პროფესიული განათლებისა
და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს დებულება (13.10.2010 N 317)
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭო (შემდგომში _ საბჭო) არის პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის პრინციპებზე დაფუძნებული სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორების _ სახელმწიფოს, დამსაქმებლების, პროფესიული კავშირებისა და არასამთავრობო სექტორის საქმიანობის კოორდინაციის მიზნით. (13.10.2010 N 317)
2. თავის საქმიანობაში საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
მუხლი 2. საბჭოს შემადგენლობა (13.10.2010 N 317)
1. საბჭოს შემადგენლობას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით, ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2. საბჭოს შემადგენლობაში წარმოდგენილ უნდა იყოს _ არანაკლებ თითო წევრი შემდეგი სახელმწიფო დაწესებულებებიდან და იურიდიული პირებიდან, ასევე ფიზიკური პირი:
ა) საქართველოს მთავრობა;
ბ) საქართველოს პარლამენტი;
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
ვ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ზ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;
თ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო;
ი) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
კ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
ლ) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი;
მ) საზოგადოებრივი ორგანიზაცია;
ნ) დამსაქმებელთა კავშირი/ასოციაცია;
ო) პროფესიული კოლეჯი ან მათი გაერთიანება/კავშირი;
პ) დამოუკიდებელი ექსპერტი.
3. საბჭოს თავმჯდომარე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
4. საბჭოს საქმიანობაში, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის სხვა წევრებმა, სახელმწიფო დაწესებულებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა.
5. საბჭოს სხდომებში მონაწილეობა ეთხოვოთ ევროკომისიის წარმომადგენლობას საქართველოში და მის ექსპერტებს.
6. საბჭოს შემადგენლობიდან წევრის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა საკუთარი ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შესაბამისი ფიზიკური პირის ან იმ დაწესებულების/იურიდიული პირის ინიციატივით, რომლის წარმომადგენელიც არის საბჭოს წევრი.
მუხლი 3. საბჭოს მიზანი (13.10.2010 N 317)
საბჭოს მიზანია, უზრუნველყოს სამთავრობო უწყებათაშორისი, სახელმწიფოს, დამსაქმებლების, პროფესიული კავშირებისა და არასამთავრობო სექტორის, აგრეთვე პროფესიული კოლეჯების კოორდინირებული მოქმედება პროფესიული განათლების სფეროში.
მუხლი 4. საბჭოს უფლებამოსილება
დასახული მიზნის განსახორციელებლად საბჭო:
ა) შეიმუშავებს/ამზადებს წინადადებებსა და დასკვნებს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიასა და პროფესიული განათლების განვითარების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია მტკიცდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით; (13.10.2010 N 317)
ბ) ამზადებს წინადადებებს პროფესიული განათლების სფეროში სხვადასხვა კომისიისა და სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების თაობაზე;
გ) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაციას;
დ) ქმნის სამუშაო
ჯგუფებს და იწვევს დამოუკიდებელ ექსპერტებს თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების
შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.
მუხლი 5. სამუშაო ჯგუფები და დამოუკიდებელი
ექსპერტები
1. საბჭო, ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ქმნის თემატურ სამუშაო ჯგუფებს.
2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ სახელმწიფო დაწესებულებათა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 5 წევრით. (13.10.2010 N 317)
3. სამუშაო ჯგუფის შეხვედრების პერიოდულობას, დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, განსაზღვრავს საბჭო. სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იმართება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ.
4. სამუშაო ჯგუფი თავისი შემადგენლობიდან, წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს, რომელიც წარმართავს სამუშაო ჯგუფის მუშაობას.
5. საბჭო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტი.
6. დამოუკიდებელ ექსპერტად შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი, სათანადო კომპეტენციისა და გამოცდილების მქონე პირი.
7. დამოუკიდებელი ექსპერტის საქმიანობის ინტენსივობას, მასზე დაკისრებული მოვალეობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საბჭო.
მუხლი 6. საბჭოს სხდომა
1. საბჭოს ხელმძღვანელობს და სხდომებს წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე.
2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს სხვა წევრი.
3. საბჭოს სხდომის ოქმს ადგენს საბჭოს მდივანი, რომელიც ამავდროულად არის საბჭოს სამდივნოს წევრი. (13.10.2010 N 317)
4. საბჭოსთან იქმნება საბჭოს სამდივნო, რომლის შემადგენლობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. სამდივნო ტექნიკურ დახმარებას უწევს საბჭოს მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების საქმიანობას.
5. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
6. საბჭოს სხდომები იმართება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, ყოველ 6 თვეში ერთხელ იმართება საბჭოს გაფართოებული სხდომები პროფესიული განათლებისა და მომზადების სფეროს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით. (13.10.2010 N 317)
7. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს სხდომაზე საკითხის წარდგენის უფლება აქვთ საბჭოს თავმჯდომარეს და წევრებს, აგრეთვე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს და საბჭოს სხდომაზე მოწვეულ დამოუკიდებელ ექსპერტს.
8. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
9. საბჭოს სხდომის ოქმი ფორმდება საბჭოს სხდომის დასრულებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
10. საბჭოს მდივანი უზრუნველყოფს ოქმის მიწოდებას საბჭოს წევრების, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის. (13.10.2010 N 317)
11. საჭიროების შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, მოიწვიოს საბჭოს რიგგარეშე სხდომა.
მუხლი 7. დასკვნითი დებულება
საბჭოს დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.