გაზეთი ”24 საათი” – 28 ოქტომბერი
რა სიახლეებს ითვალისწინებს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა
ნინო ბარაბაძე
2011-2012 სასწავლო წლიდან ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებები ამოქმედდება. 150-ზე მეტი ექსპერტის მიერ შეიქმნილი ნორმატიული დოკუმენტი შედეგზეა ორინტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ბავშვი რეალურ ზოგად განათლებას მიიღებს. ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაწერილ პრიორიტეტებს წიგნიერება, მედიაწიგნიერება, ციფრული წიგნიერება, რაოდენობრივი აზროვნება, პლურილინგვური კომპეტენცია, სოციალური და სამოქალაქო უნარ-ჩვევები და სივრცითი აზროვნება წარმოადგენს. ყოველივე ეს ბავშვებს სამომავლოდ თვითრეალიზებაში დაეხმარება.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ხუთი წლის მანძილზე არ შეიცვლება. თუმცა, მოსწავლეთა და მასწავლებელთა ინტერესების ხელყოფა რომ არ მოხდეს, სასწავლო გეგმა სკოლებში ორ ეტაპად დაინერგება. კერძოდ, 2011-2012 სასწავლო წლებში I-VI კლასებისთვის, ხოლო 2012-2013 სასწავლო წელს II-III საფეხურის მოსწავლეებისთვის შევა ძალაში. რა სიახლეებს მოიცავს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და რაზეა გათვლილი, ამაზე თავად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საუბრობს.
დიმიტრი შაშკინი: ”ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა თანამედრევე გამოწვევებიდან გამომდინარე შეიქმნა. მის შედგენაში 150-ზე მეტი ექსპერტი, მათ შორის მოქმედი პედაგოგები, ცნობილი და ღვაწლმოსილი მეცნიერები, ფსიქოლოგები და მეთოდისტები მონაწილეობდნენ. საგნობრივი ჯგუფები ყველა იმ საგანში იყო შექმნილი, რაც სკოლებში ისწავლება. ესაა შეთანმების საფუძველზე, არაერთი დისკუსიის შედეგად მიღებული დოკუმენტი, რომელშიც ყველა შენიშვნა და რეკომენდაციაა გათვალისწინებული. ესაა ნორმატიული სახის შედეგზე ორიენტირებული დოკუმენტი. მასში გაწერილია მაგალითად, მე-7 კლასის ფიზიკის პროგრამის შესწავლისას თუ რა შედეგს მიაღწევს ბავშვი.
ეროვნული სასწავლო გეგმა მხოლოდ სწავლა სწავლისთვის არ შექმნილა, ჩვენი მიზანია ბავშვმა რეალური ზოგადი განათლება მიიღოს და სწორი დამოკიდებულებები და ღირებულებები განუვითარდეს, როგორც მოქალაქეობრივი შეგნების, ასევე პატრიოტიზმის, ანალიზის, ლოგიკური აზროვნების კუთხით. ყველა ეს მიმართულება სასკოლო საგანებშია ჩადებული. ამიტომ, უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება მასწავლებელს, რომელმაც კლასში ეს დოკუმენტი უნდა გააცოცხლოს. მასწავლებლის მხრიდან გამოვლენილი პროფესიონალიზმი კი ნამდვილად უმაღლეს შედეგს მოგვცემს”.
როგორც ცნობილია, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით იზრდება ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება. კონკრეტულად რა მიდგომებია გათვალისწინებული ამ საგნებთან მიმართებაში?
ზუსტი და საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების გაძლიერება და პოპულარიზაცია სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ საგნების სწავლებას ბავშვები პირველი კლასიდან დაიწყებენ. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ისწავლიან ბუნებისმეტყველებას, რომელშიც ინტეგრირებულია ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიისა და გეოგრაფიის გაკვეთილები. მე-7 კლასში საბუნებისმეტყველო საგნების საფუძვლები გართულდება, ხოლო მე-8 კლასიდან მე-11 კლასის ჩათვლით საგნებს ცალ-ცალკე შეისწავლიან. მე-12 კლასში კი მათ შესაძლებლობა ექნებათ აბიტურის კურსი გაიარონ, რათა საატესტატო გამოცდებისთვის სათანადოდ მოემზადონ.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამინისტროს ინიციატივით, პროგრამა ,,აინშტაინი’’ განხორციელდება. მართალია, სკოლებს ვირტუალურები ლაბორატორიები უკვე აქვთ და მის გამოყენებაზე მასწავლებლებს ტრენინგებიც ჩაუტარდათ, მაგრამ `აინშტაინის” პროგრამა საბუნებისმეტყველო საგნებში სასკოლო ლაბორატორიების მოწყობას გულისხმობს. პროგრამის ფარგლებში ყველა საჯარო სკოლაში ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის კაბინეტებში თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიები მოეწყობა, რადგან ექსპერიმენტების გარეშე, ამ საგნების სწავლება წარმოუდგენელია.
სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ასევე ფიზიკა-მათემატიკური პროფილის ”სამეცნიერო” სპეციალიზირებული სკოლების განვითარებას, რომლის მიზანია, მოსწავლეებს შესაბამისი სასწავლო გარემო შეუქმნას და საბოლოო ჯამში ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე, სამეცნიერო წრეების, შრომის ბაზრისა და ეკონომიკური განვითარების მოთხოვნების შესაფერისი ინტელექტუალური კადრების მომზადება უზრუნველყოს.
ეროვნული სასწავლო გეგმით ახალი საგნებიცაა გათვალისწინებული...
2010 წლის სექტემბრიდან ინგლისური ენის პირველი კლასიდან სწავლება მხოლოდ 200-მდე საპილოტე სკოლაში დაიწყო, რაც 2011-2012 სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელისთვის სავალდებულო იქნება.
სკლებში ცალკე საგნად შემოდის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, რომელსაც ბავშვები ასევე პირველივე კლასიდან შეისწავლიან. თუმცა, XI-XII კლასში ამ საგანს ორი არჩევითი კურსი ექნება: ერთი კურსი ინფორმატიკისა და პროგრამირების ელემენტებს მოიცავს, ხოლო, მეორე კურსი ისეთი კომპეტენციების ჩამოყალიბებასთანაა დაკავშირებული, როგორიცაა დიზაინი და მულტიმედია.
მომავალ წელს ახალ არჩევით საგნს მსოფლიო კულტურას, მოსწავლეები XI-XII კლასში შეისწავლიან. მისი პილოტირება ამჟამად 14 სკოლაში მიმდინარეობს. რაც შეეხება სამოქალაქო თავდაცვასა და უსაფრთხოებას, მისი სწავლება VI-VIII და XII კლასებში მოხდება. ამ საგნის სწავლების მთავარი მიზანია ახალგაზრდებმა მტკიცე ნებისყოფა გამოიმუშავონ, ექსტრემალურ სიტუაციებში შეუცდომლად და უსაფრთხოდ მოქმედების უნარი განავითარონ. 20 იანვრიდან კი 40 საპილოტე სკოლაში ქართული ცეკვის გაკვეთილების ინტეგრირება მოხდება მე-4 კლასის მუსიკის სასწავლო გეგმაში.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით არჩევითი საგნების ნუსხა იზარდება. რა კატეგორიის საგნების არჩევას სთავაზობთ მოსწავლეებს?
სკოლებში არჩევითი საგნების ნუსხა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მრავალფეროვანი არჩევანი მოსწავლეს სწავლაზე ორიენტირებულს ხდის. ჩვენ მომავალ თაობას ვემსახურებით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბავშვებმა ინტერესით ისწავლონ. სწორედ ამ ფაქტორიდან გამომდინარე, მაქსიმალურად გავზარდეთ არჩევითი საგნების ნუსხა. თუ ადრე არჩევითი მხოლოდ 5 საგანი იყო, მოსწავლეს, უნდოდა თუ არ უნდოდა, მაინც უწევდა ამა თუ იმ საგნის სწავლა. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით მათ დაახლოებით 40 საგანი შევთაზეთ. მოსწავლეებს შეეძლებათ აირჩიონ ისეთი საგნები, როგორიცაა ქართული ზეპირსიტყვიერება და მითოლოგია, XIX-XX საუკუნის ევროპული ლიტერატურა, კინოხელოვნება, პრაქტიკული სამართალი, მეწარმეობის საფუძვლები, ასრტრონომია, ქიმიური ტექნოლოგიები, ქართული სამხატვრო ხელოვნების ისტორია, ფოლკლორული ანსაბლი, ბალეტის ისტორია, სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა, თანამედროვე მუსკის მიმართულებები, უსაფრთხოება, კონფლიქტების მართვა და ა.შ. ასეთი საგნების შემოღება სკოლებს შორის კონკურენციასაც შეუწყობს ხელს, ამასთან, არაერთ აკადემიურ მიმართულებას შემოიტანს, რადგან სკოლები შეეცდებიან რაც შეიძლება საინტერესო საგნები შესთავაზონ ბავშვებს.
ერთ-ერთი გადაუჭრელი პრობლემა იყო სკოლებს შორის განსხვავებული პროგრამით სწავლება. ამ კუთხით თუ არის სიახლე ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში?
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით ეს პრობლემა გადაჭრილია. ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ დარგებში 60%, ხოლო ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში 80% აუცილებელი კომპონენტი იქნება. ერთი სკოლიდან მეორე სკოლაში გადასულ ბავშვს ამ მხრივ სიძნელე აღარ შეექმნება. დაიხვეწა ასევე მოსწავლის შეფასების სისტემა, რომელიც სამი აუცილებელი კომპონენტისაგან შედგება. ესაა საშიანაო დავალება, საკლასო დავალება და შემაჯამებელი. სამივე კომპონენტს თანაბარი დატვირთვა ექნება. სემესტრულ ნიშანზე გავლენას იქონიებს ასევე მოსწავლის დასწრებაც. 25%-ის გაცდენის შემთხვევაში, სემესტრულ ნიშანს 20% დააკლდება. ამასთანავე, გათვალისწინებულია ნიშნის შენარჩუნების მექანიზმიც - თუ მოსწავლე არ ეთანხმება მიღებულ ნიშანს, მას საშუალება ეძლევა სემესტრულ გამოცდაზე გავიდეს. თუ გამოცდაზე მოსწავლე იგივე, ან უფრო მაღალ ნიშანს მიიღებს, რომელიც 20%-ის დაკლებამდე ჰქონდა, მას ნიშანი შეუნარჩუნდება. ბოლოს, მინდა ხაზი გავუსვა მშობლების როლს შვილის აღზრდის პროცესში. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევები აჩვენებს თუ რამხელა გავლენა აქვს მშობელის ჩართულობას შვილის სწავლის პროცესში.სურათი სრულიად განსხვავებულია, როდესაც მშობელი შვილის განათლებით ყოველდღე ან თუნდაც კვირაში ერთხელ ინტერესდება და როდესაც საერთოდ არ ინტერესდება.