18 ნოემბერი, გაზეთი ”24 საათი”
საატესტატო გამოცდები წელს მარტივი იქნება
ნინო ბარაბაძე
2011 წლის მაისში დამამთავრებელი კლასის ყველა მოსწავლე სკოლაში მიღებულ ზოგად განათლებას საატესტატო გამოცდებით დაადასტურებს. რვა გამოცდას მოსწავლეები საკუთარ სკოლაში, ე.წ. ,,CAT”-ის სისტემით ჩააბარებენ. თითოეულ საგანში გამოცდა ერთსა და იმავე დღეს ჩატარდება. გამოცდაზე შესულ მოსწავლეს თავდაპირველად საშუალო სირთულის საკითხები მიეცემა ამოსახსნელად და პროგრამა ცოდნის დონეს გაცემული პასუხებით შეაფასებს. თუ მოსწავლე დასმულ შეკითხვებს სწორად უპასუხებს, კითხვები შედარებით გართულდება, ხოლო თუ ვერ დაძლევს, პროგრამა კითხვებს გაუმარტივებს. გადალახა თუ არა მოსწავლემ კონკრეტული საგნისათვის დადგენილი კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, შედეგი საგამოცდო პროცესის დამთავრებისთანავე გახდება ცნობილი.
საატესტატო გამოცდებამდე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სხვადასხვა სკოლებში მოსწავლეებს ელექტრონული საგამოცდო ტესტის ნიმუშებს აცნობს. თავად მოსწავლეები გამოცდებამდე სკოლებში უფასო აბიტურის კურსს გადიან, რაც საატესტო გამოცდებისთვის მომზადებას ითვალსიწინებს.
რატომ მიიღო განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა საატესტატო გამოცდების ჩატარების გადაწყვეტილება, კონკრეტულად რისი ცოდნა მოეთხოვება მოსწავლეს და რა ბედი ელით მოსწავლეებს, რომლებიც გამოცდას ვერ დაძლევენ, ამ საკითხებზე თავად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი საუბრობს.
დიმიტრი შაშკინი: მინისტრად დანიშვნის პირველი დღეებიდან სამინისტროს მთელი გუნდი მშობლებთან, მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და ზოგადად საზოგადოებასთან სისტემატურ შეხვედრებს ვმართავდით. ყველა ის ადამიანი, ვინც მხვდებოდა, ერთსა და იმავეს მეუბნებოდა, რომ სკოლებში ანარქია და ძალადობაა, ბავშვები ერთმანეთს სცემენ, დანებს ატარებენ, შეურაცხყოფას აყენებენ მასწავლებლებს და რამდენიმე საგნის გარდა სხვას არაფერს სწავლობდნენ. ეს ფაქტია და, ალბათ, ეს ყველას ახსოვს. სწორედ მაშინ დავპირდი საზოგადოებას, რომ ბავშვებს სკოლებში დავაბრუნებდით. ჩემს ციტატას, რომ ბავშვმა უნდა იაროს სკოლაში, ხშირად იმეორებდნენ.
თუ როგორ გამოგვესწორებინა წლების განმავლობაში არსებული პრობლემები ანუ, ბავშვებს სკოლაში ევლოთ და რეალური ზოგადი განათლება მიეღოთ, ჩემი გამინისტრებიდან დაახლოებით ერთ თვეში, 2010 წლის იანვარში პროგრამა შევიმუშავეთ.
ფაქტობრივად, დაპირება შევასრულეთ. 2010 წლის სექტემბრიდან ბავშვები სკოლებში დადიან. სკოლებში 80%-ით შემცირდა ძალადობის ფაქტები და სასწავლო პროცესი მაღალ დონეზე მიმდინარეობს, ანუ, ბავშვები სკოლას დაუბრუნდნენ და სწავლა დაიწყეს. თუმცა, პარადოქსია, რომ სწორედ ის ხალხი, რომელებიც მარწმუნებდნენ, რომ სკოლებში ანარქიაა და სწავლის პროცესი მთლიანად ჩაშლილია, საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით საყვედურს გამოთქვამენ. სხვაგვარად როგორ შეიძლება წლების განმავლობაში არსებული პრობლემების მოეგვარება, თუ ვინმეს უკეთესი გეგმა აქვს, მზად ვარ ნებისმიერ ადამიანს მოვუსმინო. ერთადერთი იმ ადამიანების კრიტიკას არ მივიღებ, რომლებიც განათლების სისტემას წლების განმავლობაში მართავდნენ და ახლა საყვედურს გამოთქვამენ, რადგან ჩვენ, სწორედ შეცდომებს ვასწორებთ. დანარჩენი, თუ ვინმე უკეთეს გამოსავალს შემოგვთავაზებს, მზად ვარ მოვუსმინო.
ხაზი მინდა გავუსვა, რომ საატესტატო გამოცდები ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის ერთადერთი მოტივატორი არ არის. გარდა გამოცდებისა, კომპლექსურად შეიცვალა სასწავლო პროცესის ორგანიზება, აღდგა სკოლებში დისციპლინა, ამოქმედდა შეფასების ახალი სისტემა. ასევე ხდება საბუნებისმეტყველო და ზუსტ მეცნიერებებში მოსწავლეთა წახალისება, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის მუშაობს არაერთი პროგრამა და ა.შ. ველოსიპედი არ გამოგვიგონებია. რეფომები, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, მათ შორის გამოცდები, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ტარდება. განათლების სისტემის რეფორმირება მუდმივი პროცესია, გაჩერება უკუსვლას ნიშნავს.
არაერთხელ განაცხადეთ, როიმ საატესტატო გამოცდები წელს ადვილად დაძლევადი იქნება, იქნებ განმარტოთ რას გულსმობთ?
გამოცდების ეროვნული ცენტრისა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექპერტებმა განსაზღვრეს, თუ რა არის ის მინიმუმი, რაც ბავშვმა უნდა იცოდეს. თუმცა, იმის გამო, რომ იგივე ტრიმესტრულ სწავლებასთან დაკავშირებით დაშვებული იყო გარკვეული შეცდომები, გამოვიჩინეთ კეთილი ნება და იმისათვის, რომ წლევანდელ მეთორმეტეკლასელებს კიდევ უფრო გავუადვილოთ გამოცდები, თქვით, რომ გამოცდებზე რთული შეკითხვები არ იქნება, იქნება მხოლოდ საშუალო და ადვილი სირთულის შეკითხვები.
CATთ-ის სისტემა ნიშანზე არ არის ორიენტირებული, ანუ, ესაა სისტემა, რომელიც გვაძლევს საშუალებას შევაფასოთ ბავშვის ცოდნა ნიშნის გარეშე. მოსწავლეს ეწერება ჩათვლა ან არ ჩათვლა და ბავშვი მოწმდება სხვადასხვა მიმართულებით. ამ სისტემის საფუძველზე, ჩვენ ვნახავთ, რომელ საგანში იქნება ჩავარდნა, რათა შემდეგში გავითვალისწინოთ.
თუმცა, ხაზი მინდა გავისვა იმასაც, რომ მიუხედავად ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების ტრიმესტრული სწავლებისა, მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის არავის უთქვამს, რომ ეს საგნები მათ შვილებს არ უნდა ესწავლათ. ხოლო თუ ვინმემ ჩათვალა, რომ ეს საგნები არ სჭირდებოდა, არასწორია. ერთიანი ეროვნული გეგმა ყველა საგნის თანაბარ სწავლებას ითვალისინებს და თითოეული საგნის მასწავლებლები სკოლაში პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას. გამოცდებამდე სწორედ ამიტომ შემოვიღეთ აბიტურის კურსი, რომ ბავშვებმა წინა წლებში ნასწავლი მასალა გაიმეორონ. ამაზე ექსპერტებმა საგანგებოდ იმუშავეს, რომ ბავშვებმა პროგრამა მთლიანად გაიმეორონ.
200 ბავშვის პროტესტი 50 ათასი ბავშვის აზრს არ გამოხატავს. გამოცდებს თბილისშიც და რეგიონებშიც ადეკვატურად ხვდებიან. განათლების ბიუჯეტი დაახლოებით 600 მილიონია და თუ არ გვინდა სწავლა, თუ საზოგადოების მოთხოვნაა, რომ მოსწავლემ ზოგადი განათლება არ მიიღოს, თანხა მივცეთ ჯანდაცვის სამინისტროს და პენსიონერებს პენსია გავუორმაგოთ, ვინც მთელი ცხოვრება შრომობდა. თუ ესაა მათი მოთხოვნა, მასწავლებლებიც დაისვენებენ და მოსწავლეებიც.
ოპონენტები მიიჩნევენ, რომ წლევანდელ მე-12 კლასელებს გამოცდები არ უნდა შეეხოთ, რადგან პროგრამის დაძლევა გაუჭირდებათ...
ეს არაპფოფესიონალურად ჩამოყალიბებული პოზიციაა. წელს დაახლოებით 50 ათასი მე-12 კლასელი გვყავს და რა ვუთრათ ამ ბავშვებს, რომ ისინი დაგვავიწყდა? რომ მათ მომავალი არა აქვთ და საზოგადოებასა და სახელმწიფოს არ სჭირდება? ვუთხრათ, რომ ისწავლონ როგორც სწავლობდნენ და დარჩნენ გაუნათლებელ თაობად? მემგონი, ეს არასწორი მიდგომაა.
ბავშვები სწავლობენ არა ნიშნისთვის, ჩემთვის ან სხვისთვის, ისინი სწავლობენ საკუთარი თავისთვის. როდესაც ისინი უნივერსიტეტში ჩააბარებენ, დაამთავრებენ და მუშაობას დაიწყებენ, მაშინ გვეტყვიან მადლობას. მე მესმის, რასაც ახლა ვაკეთებთ, ბევრი შეიძლება უმადური იყოს, მადლობას არავინ გვეტყვის, მაგრამ მე მზად ვარ მივიღო კრიტიკაც, გინებაც და წყევლაც, რომელსაც პრესაში ვკითხულობ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად, რასაც საქართველოს მთავრობასთან ერთად ვაკეთებთ, მნიშვნელოვანი საქმეა და მადლობას წლების შემდეგ გვეტყვიან, მაშინ, როდესაც შედეგს თავად ნახავენ.
იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე გამოცდას ვერ ჩააბარებს, მათთვის რა გამოსავალი არსებობს?
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე რომელიმე საგანში ჩაიჭრება, მას შეუნარჩუნდება სხვა საგნებში უკვე გადალახული კომპეტენციის ზღვარი და რაშიც ჩაიჭრა, მომავლ წელს მხოლოდ იმ საგანს ჩააბარებს.