განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წლის რეფორმატორი გახდა
ნინო ბარაბაძე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წლის რეფორმატორი სამინისტრო გახდა. განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციური პროექტების წარმატებულად განხორციელებისთვის, შემოქმედ ხელოვანთა კავშირმა ”განმანათლებელი” სამინისტრო სპეციალური პრიზით დააჯილდოვა. როგორც კვლევებით დადგინდა, 2010 წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა.
შემოქმედ ხელოვანთა კავშირი ”განმანათლებელი” , რომელთა შემადგენლობაშიც შემოქმედებითი კავშირები, თეატრების ადმინისტრაციებისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კონსულტანტები შედიან, უკვე მეექვსე წელია ქვეყნის მოამაგე კომპანიების, სახელმწიფო სტრუქტურებისა თუ კერძო კომპანიების მუშაობას ყურადღებით აკვირდება. წლის ბოლოს კი გამარჯვებულებს საზეიმო ვითარებაში აჯილდოვებს. მათი მიზანია, ხელოვნების, კულტურის, სპორტისა და სოციალური პროექტების ხელმშემწყობი კომპანიების გამოვლენა, რის შემდეგაც, ქართულ ბაზარზე არსებული ლიდერი კომპანიების მიერ ხალხზე ზრუნვის, სახელმწიფო პროექტებში მონაწილეობისა თუ ქომაგობის მაგალითებზე საზოგადოებას ინფორმაციას აწვდიან. ეს ფაქტორი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სოციალური პასუხისმგებლობის სტიმულირებას, ქვეყნის მშენებლობას, კულტურის, ხელოვნების, სპორტისა თუ სოციალური პროექტების ინვესტირებას.
შემოქმედ ხელოვანთა კავშირის დამფუძნებელთა და კონსულტანტთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, წლევანდელ ნომინანტთა სიაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკვე განხორციელებული ახალი პროექტებისათვის და ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მოხვდა. შედეგად, ქვეყნის მოამაგე კომპანიათა დაჯილდოების ცერემონიალზე ”სოფლის მაშენებელნი-2010” სამინისტრო სპეციალური პრიზით, წლის რეფორმატორით დაჯილდოვდა. სამინისტროსთან ერთად, ნომინანტი გახდა თბილისის მერია (პროექტებისათვის ”ძველი თბილისის აღმშენებლობა); იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური სამედიცინო ცენტრი; ეროვნული სამედიცინო სკრინინგ ცენტრი და არაერთი კერძო კომპანია, რომლებმაც ქვეყნის მშენებლობაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
როგორც შემოქმედ ხელოვანთა კავშირში განმარტავენ, მთელი წლის განმავლობაში ისინი ფართო სპექტრით აჯამებენ, თუ რომელ უწყებას რა წვლილი მიუძღვის და კონკრეტულად რა აქვს გაკეთებული საზოგადოებისთვის. Aმ თვალსაზრისით, განათლების სისტემაში მიმდინარე წარმატებულმა რეფორმებმა უზარმაზარი დადებითი გავლენა მოახდინა მომავალი თაობების აღზრდაში. კავშირის მიერ მნიშვნელოვნად შეფასდა სკოლებში მანდატურის ინსტიტუტის შემოღება, რამაც სკოლებში ძალადობა 80%-ით შეამცირა და ამდენივე პროცენტით გაზარდა მოსწავლეთა დასწრება. უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებად მიიჩნიეს ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლება, პირველკლასელებისთვის წიგნების პარალელურად კომპიუტერებით სწავლების დანერგვა, ინგლისურის შესასწავლად უცხოელი პედაგოგების ჩამოყვანა და ა.შ. მათი ყურადღების მიღმა სამინისტროს მიერ განხორციელებული არცერთი პროექტი არ დარჩენილა.
ინგა მახარაძე, შემოქმედ ხელოვანთა კავშირშის წარმომადგენელი: “განათლების სამინისტრო აღმოჩნდა როგორც წლის ყველაზე რეფორმატორული, ყველაზე აქტიური სამინისტრო, რომელმაც საგანმანათლებლო სივრცის ყველა მიმართულებით უზარმაზარი რეფორმები განახორციელა. ამ სახელმწიფო სტრუქტურამ განსაკუთრებული როლი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში, ერთ წელიწადში ისეთი ნაბიჯების გადადგმა მოასწრო, რაც საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. ფაქტია, განათლების აბსოლუტური რეფორმა მოხდა. ყველა ახალი პროექტი, რაც განხორციელდა, მასშტაბური და წარმატებულია. ამიტომაც, ხალხის მიერ სამინისტროს აღიარება ჩვენთვის თვალსაჩინი აღმოჩნდა.
რეფორმების შედეგად საჯარო სკოლებში სწავლის დონე მკვეთრად ამაღლდა. ადრე, ყველა თუ კერძო სკოლაზე აკეთებდა ორიენტირებას, ანუ, საზოგადოება მიიჩნევდა, რომ სწავლის მხრივ კერძო სკოლა უმჯობესი იყო, ამ ერთ წელიწადში საჯარო სკოლების განვითარების კუთხით იმდენი ნაბიჯი გადაიდგა, რომ კერძო სკოლებმა უპირატესობა დაკარგეს. ყველა მაჩვენებლით შედეგი სახეზეა. ამიტომაც, წელს განათლების რეფორმა საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩა. სწორედ ამიტომ მოხდა, რომ თუ შარშან შსს-ს მუშაობა იყო თვალშისაცემი, წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა ლიდერია”.
აღიარების პარალელურად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობას აქტიურად განაგრძობს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მიიჩნევს, რომ მით უმეტეს განათლების სფეროში, რეფორმა უწყვეტი პროცესია.
დიმიტრი შაშკინი: “განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წლის რეფორმატორად აღიარეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამინისტრომ რეფორმები დაასრულა. პირიქით, მუშაობას აქტიურად ვაგრძელებთ, რადგან კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ვინც ფიქრობს, რომ წარმატების მიღწევის შემდეგ მუშაობის გაგრძელება აღარაა საჭირო ცდება, ასეთი მიდგომა რეფორმის გაჩერების პირველი ნაბიჯია. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არა მხოლოდ წელს, მომავალშიც მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის კეთილდღეობაში”.