ჟურნალი ”გზა” 17-23 თებერვალი
სათაური: ”ამბავი ჯუგაანელ ბიჭებთან დომინოს თამაშში `დაკარგული~ ამერიკელისა, რომელიც სიღატაკემ კაცად აქცია”
ავტორი - მარინა გოგოლაშვილი
სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელებს აშკარად გამორჩეული სასწავლო წელი აქვთ. მათი ინგლისური ენის პედაგოგი - არც მეტი, არც ნაკლები - კალიფორნიელი რობერტ კალიკაა, ანუ მისტერ რობი, როგორც თამუნა, ნიკა, ნათია, გიო, ნინო და მაგდა ეძახიან თავიანთ მასწავლებელს.
რუსეთის ქალაქ ნალჩიკში დაბადებულ-გაზრდილ გიორგი ელაშვილს, რომელიც სულ ცოტა ხანია, მშობლიურ ჯუგაანს დაუბრუნდა, ერთბაშად ორი ენის _ დედაენისა და ინგლისურის შესწავლა უწევს. როგორც თავად აღნიშნავს, მისტერ რობის წყალობით, ქართულზე ადვილად ინგლისური ენის გაკვეთილებს ამზადებს.
ნიკა ზედელაშვილი თვლის, რომ მისტერ რობის თამაშის გაკვეთილები აქვს და ყველას გასაოცრად თამაშს რომ მორჩებიან, აღმოაჩენენ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწიეს ინგლისურის ცოდნაში. ნიკა მოხიბლულია თავისი მასწავლებლის სპორტული მომზადებითაც. პირველად სპორტდარბაზში რომ შემოვიდა ფეხბურთში, ფრენბურთსა და კალათბურთში ისეთი ილეთები გვიჩვენა, პირი ღია დამრჩაო.
ნათია მატიაშვილი და ნინო ზედელაშვილი ამაყობენ, რომ თავიანთ ამერიკელ მასწავლებელს ვალში არ რჩებიან და, სამაგიეროდ, ქართულს ასწავლიან, აგრეთვე, თამაშ-თამაშით. ასეთ ურთიერთსწავლებას ემსახურება თამაშები ”სიჩუმის მეფე” და ”ჟურნალისტობანა”.
მაგდა ქევხიშვილს თანაკლასელებთან შედარებით უფრო მეტი რამ აქვს მოსაყოლი, რადგან რობერტი მისი პირადი სტუმარი და ლამის ოჯახის წევრია.
მაგდა: ”რობერტი ”დიდუბე-პალასიდან” წამოვიყვანეთ მე და ნანა მასწავლებელმა. ერთი შეხედვით, პირდაპირ გეტყვით, სხვა მასწავლებლებზე უფრო მიმივარდა თვალი, მაგრამ სულ ცოტა ხანში აღმოვაჩინე, რომ რობერტი ძალიან კარგი ადამიანია და ვინანე კიდეც თავდაპირველი შთაბეჭდილების გამო. სახლში ზუსტად ჩემი და ჩემი მესამეკლასელი ძმის, ლუკას, ხნის ხდება, გვეთამაშება დამალობანას, `ლეგოს~ ასაწყობ თამაშებს. ყოველ საღამოს ექვს საათზე აუცილებლად ვარჯიშობს ორი საათის განმავლობაში და ჩვენც გვავარჯიშებს... უიმე, იცით, ამ ცოტა ხნის წინ რობერტი რომ დამეკარგა? სასეირნოდ გამოვედით ქუჩაში. ბირჟაზე ჯუგაანელი ბიჭები იდგნენ. ჩემმა მეგობარმა დამიძახა და მცირე მანძილით დავცილდი რობის. უკან რომ მოვბრუნდი, ბირჟაზე აღარც ჩემი სტუმარი დამიხვდა და აღარც ჯუგაანელი ბიჭები. ახლო-მახლო ამაოდ ვეძებე. მე და დედამ გვარიანად ვინერვიულეთ. საღამოს შვიდ საათზე თვითონ მოვიდა სახლში, ”ბიჯებთან დომინო დაუქრა” - გვითხრა კალიფორნიულ-ჯუგაანური ფრაზა, რაზეც ძალიან ბევრი ვიცინე”.
ბავშვებს წინასწარ სწყდებათ გული, ამ ზაფხულს რობერტ კალიკას ისევ რომ უნდა დაშორდნენ.
ნიკა: ”რომელი გაკვეთილიც მოსაწყენია, სწორედ მაშინ იწელება დრო, მისტერ რობის გაკვეთილი კი თვალის დახამხამებაში გარბის. ძალიან მინდა, გამოსათხოვარი საღამო მოვაწყოთ”.
მაგდა: ”გამოსამშვიდობებელი კარნავალი ხომ არ აჯობებდა?”
თამუნა: ”ძალიან შეგვაყვარა თავი”.
ნათია: ”თავიდან თუ ვინმეს არ უყვარდა, ახლა ისინი სხვებზე მეტად გიჟდებიან ჩვენს რობერტიზე. ძალიან გამიხარდებოდა, მომდევნო სასწავლო წელსაც თუ ჩვენთან დარჩებოდა, მაგრამ რაკი ეს შეუძლებელია, ვფიქრობ, სამახსოვრო საჩუქრები უნდა გავუკეთოთ, რომ რაც შეიძლება დიდხანს ვახსოვდეთ ჩვენც და ჩვენი სკოლაც.
სანამ ბავშვები მისტერ რობერტის შესახებ საუბრობდნენ, თავად პედაგოგი სკოლის საინფორმაციო ცენტრში იმყოფებოდა, საიდან გამოსვლის შემდეგაც თავისთან, ”სახლში”, მიგვიპატიჟა.
ინგლისური ენის მასწავლებელმა, ნანა დავითაშვილმა, ჩვენი თარჯიმნობა იკისრა.
როდესაც გონების თვალით თავის წარსულს გასცქერის, 25 წლის რობერტს ახსენდება მშობლიური სან-ფრანცისკო, კალიფორნიის შტატის მთავარი ქალაქი, სხვადასხვა ეროვნების აუარებელი ხალხით და ამ უზარმაზარ სივრცეში ერთი ძალიან ღარიბი, უკაცო ოჯახი, რომლის დიასახლისი, დედა მერიენი, ორ ვაჟს: უფროსს - რობერტსა და უმცროსს რიკის (”ოღონდ არა მარტინი!” - იცინის რობერტი) მამის გარეშე, წვალებით ზრდის.
მამის ხსენებაზე რობერტს თვალები უწყლიანდება და მხოლოდ ერთ ფრაზას ამბობს:
”მამა არ მახსოვს, საერთოდ არ ვიცი ვინ არის მამაჩემი. შემდეგ ისევ თავის ღატაკ ბავშვობას უბრუნდება: ”სახელმწიფო კმაყოფაზე ვცხოვრობდით. ცხადია, შემოსავალი არ იყო სამყოფი. ხშირად დენის გადასახადსაც ვერ ვიხდიდით, იყო დღეები, საჭმელი საერთოდ არ გვქონდა და ვიყავით მშივრები სიბნელესა და სიცივეში... სათამაშოც კი არ მქონია ბავშვობაში. ამერიკაში არის კანონი, რომელიც მცირეწლოვანი ბავშვის ფიზიკურ შრომას კრძალავს, ამიტომ 14 წლამდე მუშაობს ვერ ვახერხებდი. ვსწავლობდი ღარიბთა სასწავლებელში - ”სკოლა გადასახადის გარეშე”. ჩემმა გაჭირვებამ ადამიანად მაქცია. განუწყვეტლივ ვკითხულობდი წიგნებს, ძირითადად სამეცნიერო და პუბლიცისტურ ლიტერატურას. ჩემი სკოლა, საგნების მიმდევრობის მიხედვით ჰგავს თქვენს საჯარო სკოლას, მაგრამ განსხვავებაც დიდია. იქ სკოლა საკუთარ თავზე იღებს მთელი კონტინგენტის შემეცნებითი ექსკურსიებისა და სასკოლო ღონისძიებების დაფინანსებას. ბიბლიოთეკაში უხვად არის ლიტერატურა, შემეცნებითი მასალა, საკანცელარიო ნივთები, რომლითაც ბავშვები უსასყიდლოდ სარგებლობენ. იქ სწავლა დილის შვიდ საათზე იწყება და შუადღის 3 საათამდე გრძელდება, მაგრამ გაკვეთილების შუალედში ბავშვებს აქვთ საშუალება, საფუძვლიანად დანაყრდნენ და ენერგია აღიდგინონ გემრიელ ლანჩზე. აქ ბავშვი ღვეზელის შეჭმასაც კი ვერ ასწრებს მცირე დასვენებების გამო, ამიტომ ბოლო გაკვეთილებზე ძალიან დაღლილები არიან, რადგან ენერგია უკვე გამოცლილი აქვთ. აქ მოსწავლეები ინდიფერენტულები არიან და მასწავლებლები დასდევენ, უნდა გასწავლოთო: იქ, პირიქით, მოსწავლეები დასდევენ მასწავლებელს - მეტი გვასწავლეთო”.
ჩვიდმეტი წლის რობერტი, ორ იაფფასიან კოლეჯში სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სწავლას აგრძელებს ორენგის შტატის ქალაქ კორვალისის უნივერსიტეტში, რომელიც შედარებით ძვირად ღირებულია და რის გამოც განათლების მიღება საბოლო ჯამში 20.000 დოლარი უჯდება. თან მუშაობს, თან სწავლობს, თან ასწავლის და ღამეში 2-3 საათი სძინავს. როგორც იქნა, მოიპოვა სანუკვარი დიპლომი, რომელსაც პირად კომპიუტერში ამაყად და ღირსებით გვიჩვენებს. სწორედ ეს დიპლომი აძლევს რობერტს უფლებას, ასწავლოს ახალგაზრდებს როგორ მიაწოდონ ბავშვებს სრულყოფილად ინგლისური ენის გაკვეთილები.
რადგანაც უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის საფუძვლების ერთწლიანი კურსიც გაიარა, ცოტა ხანს ჟურნალისტიკაშიც სცდიდა ბედს, მაგრამ როგორც ჭეშმარიტმა რეალისტმა, მალევე დაასკვნა: ”ამ საქმიანობით ვერ ვიარსებებდი. სამსახურები ცოტაა, ელექტრონულმა მედიამ ლამის სულ შეჭამა ნაბეჭდი პრესა, ამდენად, ამ განხრით დასპეციალისტება სრულიად უპერსპექტივოდ მეჩვენა. პარალელურად უამრავი განცხადება ჩავაბარე სააგენტოებს, საიდანაც ერთ მშვენიერ დღეს დამიკავშირდნენ საქართველოში ინგლისურ ენის პედაგოგების მიწვევის პროგრამის თაობაზე. გეოგრაფიაში საკმაოდ სერიოზული ცოდნა მაქვს და კარგად ვიცოდი საქართველო, მხოლოდ რუკაზე. რადგანაც უღარიბესი ვიყავი დავძლიე უცხო ქვეყანაში დიდი ხნით გადახვეწის შიში და მივიღე აქ გამომგზავრების გადაწყვეტილება. ჩემს ცხოვრებაში პირველად უნდა გადამეკვეთა ჩემი ქვეყნის საზღვარი. დედამ იტირა, მაგრამ მხარი დამიჭირა, რადგან სჯერა, რომ წარმატებებს მივაღწევ. სან-ფრანცისკოდან კორვალისამდე (სადაც ოროთახიან დაქირავებულ ბინაში ორ ამხანაგთან ერთად ვცხოვრობ და ქირას თანაბრად ვინაწილებთ) 1.000 კმ-ია ავტობუსით მგზავრობას 16 სთ სჭირდება და 100 დოლარი ღირს. ჩემს გასაცილებლად ჩამოსულ დედას უკან გასამგზავრებელი ფული არ ჰქონდა და იქით მივეცი საჭირო თანხა.
პირველად თბილისში სამარშრუტო ტაქსით რომ შემოვედი, შიშის საოცარმა გრძნობამ შემიპყრო. ისეთი მოუწესრიგებელი იყო მოძრაობა, გული მისკდებოდა, ნეტავ ცოცხალი თუ მივალ ადგილამდე-მეთქი. ჯუგაანი არამშფოთვარე ადგილია და ძალიან მომწონს აქაური ურთიერთობები. მაქვს აუარებელი თავისუფალი დრო, რომელიც არასდროს მქონია და მუდამ მენატრებოდა. ჩემი მასპინძლებიც, ლია და რამაზი, ძალიან მიწყობენ ხელს, რომ ისე ვიყო, როგორც მინდა.
რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ყოველი 30 მოსწავლიდან შემიძლია გამოვყო ათი, ან ცოტა ნაკლები, რომელიც გისმენს, სწავლობს და ასრულებს მითითებებს. პედაგოგებს აქვთ არაჩვეულებრივი გრამატიკული ცოდნა, გაკვეთილის გადაცემის კარგი კულტურა, საკმაო ლექსიკური მარაგი, მაგრამ არის გარკვეული პრობლემები გამოთქმებში, რაც ჩვენი ერთწლიანი პრაქტიკის შემდეგ, ვფიქრობ, ადვილად გამოსწორდება.
ამ ცოტა ხნის წინ ჩვენს სკოლას საქართველოს პრეზიდენტი სტუმრობდა. მე ის ძალიან გულთბილი მეჩვენა, მისი ინგლისური კი, უბრალოდ, ბრწყინვალე იყო. გთხოვთ, ეს აუცილებლად ჩაწეროთ, მე თქვენი ქვეყნის მოქალაქე არა ვარ, რომ რაიმე ვიპირფერო. ასეთივე კარგი ვერ მეჩვენა პოლიციის დიდი კედელი, რომელმაც მანიშნა, რომ იქით წასვლა არ შეიძლებოდა. თუმცა, მესმის, რომ ეს პრეზიდენტის უსაფრთხოების გამო ხდებოდა. ჩვენთან, ამერიკაში, ბარაქ ობამას გამოც, რა თქმა უნდა, იგივე მოხდებოდა, მაგრამ ხომ გესმით, უბრალო მოქალაქეებს ურჩევნიათ, უფრო მარტივად მოახერხონ პრეზიდენტთან შეხვედრა”.
რობერტ კალიკა, მართალია ძალიან კმაყოფილია თავისი ქართული ოჯახით, მაგრამ თვლის, რომ აქ ცოტა მეტად ”დაუმეგობრდა” ალკოჰოლს და ძალიან შეუყვარდა საფერავი, თუმცა, ქართულ თეთრ ღვინოს მაინც და მაინც ვერ შეეწყო.
თავის მადლიერებას ქევხიშვილების სტუმართმოყვარე ოჯახისადმი კი იმით გამოხატავს, რომ აქედან წასვლის შემდეგ, ფიქრობს, ხშირად დაეკონტაქტოს მათ ელექტრონული ვერსიითა და ტელეფონით.
და სად წავა აქედან? - ბუნებრივად ჩნდება კითხვა.
”კორეაში მინდა მოვხვდე, რადგან, როგორც გავარკვიე, ბებია ფილიპინელი მყოლია და ის ჯერ კიდევ მაშინ გარდაიცვალა, როცა დედა პატარა იყო. წავალ, ჩემი ხალხის შესახებ გავიგებ რამეს, ტაგალოგის ენას შევისწავლი. თანაც, მგონია, რომ ჩინელი გოგონა ჩემთვის ყველაზე მოსარგები საცოლე უნდა იყოს, ეგებ, ბედსაც ვეწიო, _ წითლდება, სახეზე ბავშვივით იფარებს ხელებს და გულიანად ხარხარებს, მერე ამატებს: ”ვგრძნობ, რომ ჩვენი საუბარი დასასრულს უახლოვდება. მინდა, ბოლო წინადადებები ძალიან კარგი და გულწრფელი იყოს. ვფიქრობ, რომ აქ გატარებული პერიოდი ნაყოფიერი აღმოჩნდება არა მარტო ჯუგაანის სკოლისთვის, არამედ ჩემთვისაც. მწამს, რომ საქართველო ძალიან ძლიერდება ჩემს ქვეყანასთან, ამერიკასთან ურთიერთობით და, თუმცა, დღეს ქართველ ხალხს არა აქვს სამუშაო, მისი მომავალი ძალიან სერიოზული და პერსპექტიულია. ჩემს მეხსიერებაში კი ყოველთვის ამოტივტივდება ამ თბილ ოჯახში გატარებული მყუდრო დღეები, გზა სკოლისაკენ, სკოლის გარემო და თუ შანსი მომეცემა, 5-6 წლის შემდეგ, აუცილებლად დავბრუნდები აქ იმისთვის, რომ მოგინახულოთ და გკითხოთ, როგორ ხართ, ქართველებო?.. როგორი ცხოვრებაც არ უნდა მქონდეს, გინდა კარგი და გინდა ცუდი, ჩემთვის დაუვიწყარი იქნება ერთი ამბავი, სახელად - საქართველო”.
P.S. წამიერად ჩამოვარდნილი სიჩუმე ჯუგაანის სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა, თმადათოვლილმა მისის ნანამ დაარღვია:
რობ, რა მეშველება, რომ წახვალ?
მეც მაგას ვფიქრობ! - იყო პასუხი.