პარასკევს (18 თებერვალს), TLG-მა (პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“) თბილისში მყოფ მოხალისე მასწავლებლებთან პროგრამის გაცნობის მიზნით ჩაატარა შეხვედრა. მოხალისე მასწავლებლებს საშუალება მიეცათ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისთვის, დიმიტრი შაშკინისათვის დაესვათ კითხვები.
სამინისტროს წარმომადგენლებმა მიმოიხილეს პროგრამასთან დაკავშირებული ის საკითხები და კრიტიკული შენიშვნები, რაც უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე დაგროვდა. ისეთმა მედია-საშუალებებმა, როგორიცაა „New York Times“ და „Eurasianet“, მიმოიხილეს პროგრამის პირველი სემესტრის მანძილზე მიღწეული პროგრესი და მკითხველს სხვადასხვა შინაარსის ინფორმაცია მიაწოდეს. ერთ-ერთმა მოხალისემ პროგრამის მიზანშეწონილობაც ეჭვქვეშ დააყენა და თქვა: „ეს დაახლოებით იმას ჰგავს, იყიდო ესპრესოს მანქანა მაშინ, როდესაც სამზარეულო ჯერ კიდევ ასაშენებელი გაქვს.“
პირადად მე ამ კრიტიკას არ ვეთანხმები. განათლებისათვის მატერიალური რესურსი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც _ ადამიანური რესურსი. ლოგიკურად ვიფიქროთ, რომელი პრობლემა ქმნის დაბრკოლებას კარგი განათლებისათვის _ არასტანდარტული სასწავლო წიგნები, თუ მასწავლებლები, რომელთაც აკლიათ საგნის სწავლების გამოცდილება? მასწავლებელი, რომელიც ინგლისურ ენას მშობლიური ენის დონეზე ფლობს, პოტენციურად საკლასო მასალის გარეშეც შეძლებს, შეასწავლოს მოსწავლეებს ინგლისური ენა. ჩვენ, ამ პროგრამის მოხალისე მასწავლებლებს შეგვიძლია, შევიმუშავოთ ჩვენი საკუთარი გაკვეთილები და სასწავლო მასალა, ხელი მიგვიწვდება ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეში არსებულ გლობალური საზოგადოების მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა საგაკვეთილო გეგმაზე, რომელიც ინგლისურ ენას ასწავლის როგორც მეორე ენას და, ასევე, შეგვიძლია, დავეყრდნოთ ჩვენს მეტყველების ზუსტ უნარს მოსწავლეებთან ურთიერთობისას. მეორეს მხრივ, მიუხედავად სასკოლო წიგნების ხარისხისა, იმ მასწავლებლებს, რომელთაც აკლიათ ინგლისური ენის ცოდნის შესაბამისი დონე, სირთულეები ექმნებათ მოსწავლეებისათვის ინგლისური ენის სწავლებისას.
თუმცა, უფრო მარტივად რომ ვთქვა, რომ არ მჯეროდეს ამ პროგრამის მიზანშეწონილობის, აქ არ ვიქნებოდი. არ ვიქნებოდი აქ, რომ არ ვიცოდე, რომ ამ პროგრამას აქვს პოტენციალი, მიაღწიოს თავის მიზნებს და უზრუნველყოს ქართველების განათლება ინგლისური ენითა და დასავლური კულტურით. ასე რომ, ეს „ესპრესოს მანქანის“ მაგალითი სულაც არ მეჩვენება ლოგიკურად.
შაშკინმა ამ კრიტიკის საპასუხოდ განსხვავებული მიდგომა დაიჭირა. მან აღნიშნა, რომ ვარდების რევოლუციის შემდგომ წლებში, საქართველოში სკოლები საკმაოდ განვითარდა. რუსულთან შედარებით, ინგლისური ენა უფრო არჩევადი ენა გახდა საქართველოს უცხო ენის სასერტიფიკაციო გამოცდებზე. მისი თქმით, პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ არ არსებობს განყენებულად, ვაკუუმში და ეს არ არის ერთადერთი პროგრამა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს საქართველოში განათლების დონის გასაუმჯობესებლად.
დაგეგმილი განათლების რეფორმის საერთო სტრატეგია გულისხმობს საქართველოს ყველა მოსწავლისათვის ინგლისური ენისა და კომპიუტერული უნარების სწავლებას, რათა მოგვიანებით მათ შეძლონ, იყვნენ კომპეტენტურნი გლობალურ ბაზარზე, რაც, თავის მხრივ, ინფორმაციული ტექნოლოგიებით არის განპირობებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი ქართველები შეძლებენ, გამოიყენონ ინტერნეტი ინგლისურ ენაზე, მათ უკვე ხელი მიუწვდებათ მთელი დასავლური სამყაროს მიერ შეგროვებულ კულტურულ და სამეცნიერო ცოდნაზე და, შესაბამისად, იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ამ ცოდნის გამოყენებით მიიღწევა. TLG-ისთან ერთად სამინისტროში, ასევე, არსებობს მეორე პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს 400 000 „ნეტბუქის“ გაცემას 2015 წლამდე, რათა ყველა ქართველი მოსწავლე პირველივე კლასიდან ეზიაროს ცოდნას „ნეტბუქის“ მეშვეობით.
შაშკინმა, ასევე, ისაუბრა მასწავლებელთა ხელფასების, მასწავლებელთა ტრენინგისა და სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე. მაგალითისათვის, მოხალისეთა ჩვეული საჩივრის პასუხად, რაც ეხება უფუნქციო საპირფარეშოების არსებობას სკოლებში, განაცხადა, რომ დაგეგმილია თბილისის ყველა საჯარო სკოლის საპირფარეშოს გარემონტება ამ წლის ზაფხულში. მასწავლებელთა სერტიფიცირების საკითხთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ 2014 წლისათის ყველა სკოლის მასწავლებელს ექნება ჩაბარებული სასერტიფიკაციო გამოცდები თავის სპეციალობასა და სწავლების მეთოდოლოგიაში. იმ მასწავლებელთა ხელფასი, ვინც გამოცდას ჩააბარებს, 1000 ლარამდე გაიზრდება _ ეს კი ის ოდენობაა, რომლითაც საქართველოში ოჯახმა თავისუფლად შეიძლება იცხოვროს. ის მასწავლებლები კი, ვინც გამოცდას ვერ ჩააბარებს, გათავისუფლებული იქნება. ბოლოს, მინისტრი სასკოლო წიგნების ხარისხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ „მაკმილანის“ გამომცემლობასთან ხელმოწერილი თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტის თანახმად, ყველას შეეძლება შეიძინოს ერთი წიგნი 10 ლარად, რომელსაც დამატებით, უფასოდ მოყვება მასწავლებლის წიგნი და მასწავლებლისათვის საჭირო სხვა სასწავლო მასალა. 10 ლარი კი ძალიან იაფია, დაახლოებით, 6 აშშ დოლარი.
როდესაც კითხვების დასმის დრო დადგა, გაოცებული დავრჩი იმ პოლიტიკური შეკითხვებით, რომელსაც მოხალისე მასწავლებლები სვამდნენ. ასეთი იყო, მაგალითად: „მაკმილანთან თანამშრომლობა კონკურენციის საწინააღმდეგო არ არის?“, „როგორ წყვეტთ პროექტების პრიორიტეტებს ბიუჯეტის განაწილებისას“, „საიდან მოდის თანხები ამ განვითარებებისთვის?“ შაშკინმა ამ კითხვებს პირდაპირი, გულწრფელი და აზრიანი პასუხები გასცა, რაც ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებულ ნიუანსებთან ერთად, მოიცავდა უცხო ენაზე იმპროვიზებული გადმოცემის უნარს. ამის აღსაწერად მხოლოდ ერთი სიტყვა შემიძლია გამოვიყენო _ „შთამბეჭდავი.“ ნეტავ, აშშ-ის ოფიციალურ პირებსაც შეეძლოთ, გამოხატონ და დაიცვან საკუთარი იდეები, თუნდაც ამის ნახევარი გარკვეულობითა და გულახდილობით.
როდესაც ჩემი ჯერი მოვიდა, მე შემდეგი კითხვა დავსვი: „ძალიან ხშირად, ჩემი მოსწავლეები და სხვებიც, ვისაც ვხვდები, ძალიან გულახდილ და პირდაპირ კითხვებს მისვამენ ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა რასა, სექსი და სექსუალურობა. ხშირად, ძირითადად საკლასო ოთახში, აღმოვჩნდები ხოლმე ამ თემის ირგვლივ და ვცდილობ, თავი ავარიდო ასეთ შეკითხვებს, ან თემას ვცვლი. ჩემი შეკითხვა არის შემდეგი: რა დონეზე უნდა ვიყოთ ჩვენ კულტურული ელჩები და რა დონეზე უნდა ავირიდოთ ის საკითხები, რომლებიც საქართველოში საკამათოა?“
მინისტრმა დაუყონებლივ მიპასუხა, რომ ჩვენ ვართ კულტურული ელჩები. მან აღნიშნა, რომ საქართველო, რასობრივი თვალსაზრისით, ძალიან ტოლერანტული საზოგადოებაა (ეს საკითხი შემდგომი განხილვის საგანია) და ქართველები ცნობისმოყვარენი ხდებიან სხვა რასის წარმომადგენელთა მიმართ, რამდენადაც საქართველოში უცხოელის ყოფნის ფენომენი ქართველებისათვის შედარებით ახალია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს რასობრივი საკითხების ქართველებთან განხილვის. სექსსა და სხვა საკითხებთან მიმართებაში, მინისტრმა განაცხადა, რომ თავისუფალი განხილვა, ეს ის ღირებულებაა, რასაც ქართველები ძალიან დიდ მნიშნველობას ანიჭებენ და გაკვეთილზე ყოფნისას, ჩვენ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რასაც ვამბობთ, მაგრამ მთლიანობაში პრობლემები არ უნდა არსებობდეს „დასავლეთელებისათვის“ საკუთარი აზრის გამოთქმასა და კითხვებზე პასუხის გაცემაში. ეს შეთავსებადია პროგრამის პოლიტიკასთან, და არ გულისხმობს ჩემს გათავისუფლებას იმ სტატიების გამო, რომლებმაც, შესაძლოა, ქართველებში გარკვეული სენსაცია გამოიწვიოს.
საბოლოოდ, მინისტრმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რას ვაკეთებთ, ყოველთვის იქნებიან „ჭკუასუსტები“, ვინც ეცდებიან სკანდალისა და გაურკვევლობის შექმნას, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, თომას ფლეტჩერის შემთხვევაში. როგორც ადრეც აღვნიშნე, პროგრამამ მხარი დაუჭირა ფლეტჩერს და ყველა „დანაშაული“ გაბათილებულ იქნა, თუმცა, რა თქმა უნდა, ფაქტები არასდროს ისეთივე მნიშვნელოვანი არ არის, როგორც მათი ინტერპრეტაცია.
ეს შეხვედრა დაგვეხმარა პროგრამასთან დაკავშირებული მრავალი მცდარი ინტერპრეტაციის ახსნაში, მაგრამ ამ შეხვედრის გარეშეც, ზოგადად, პროგრამა უფრო მეტად კომუნიკაციური გახდა. მხოლოდ ამ თვეში მათ გამოაგზავნეს ელექტრონული წერილები ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშის ფორმების, სოციალური ღონისძიებების, თანამშრომელთა განახლებული საკონტაქტო ინფორმაციის, პროგრამის მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმილი ღონისძიებების, არდადეგების და სამუშაო შესაძლებლობების შესახებ. ისინი, ასევე, გეგმავენ ექსკურსიებს მარტში ამინდის გაუმჯობესებისთანავე. ისინი განახორციელებენ პროგრამის ვებ-ფორუმს. მთლიანობაში, მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამამ მიიღო უფრო მეტი კონსტუქციული კრიტიკა, ვიდრე ჩვენ, მოხალისეებს შეგვეძლო, შეგვეთავაზებინა წინა სემესტრიდან და დაიწყო ჩვენ საქმესთან დაკავშირებით გაუმჯობესების განხორციელება. ძალიან კარგია, მუშაობდე ისეთი ორგანიზაციისათვის, რომელიც რეალურად სწავლობს საკუთარი გამოცდილების საფუძველზე და უპასუხოდ არ ტოვებს მის მონაწილეებს. ახლა, ძველთან შედარებით, კიდევ უფრო მეტად შემიძლია, გავუწიო რეკომენდაცია პროგრამას და, თუ ასე გაგრძელდება, პროგრამას აქვს პოტენციალი, უახლოეს მომავალში გახდეს არა მხოლოდ წარმატებული, არამედ უმაღლესი ხარისხის პროგრამა.
ნილ ზუპანჩიჩი, TLG-ის (პროგრამა ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”) მოხალისე მასწავლებელი
www.peripateticpedagogue.wordpress.com