არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის სწავლა გაძლიერდება
გვანცა კილასონია
საერთაშორისო ორგაციაზაცია “გელაპის” მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგად, პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ახალ პროგრამას, რომელიც სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ქართული ენის სწავლების გაძლიერებას ითვალისწინებს მოსახლეობის 98% მხარს უჭერს. ამ მიმართულებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010-2011 სასწავლო წელს არაერთი პროგრამა განახორციელდა. თუმცა, ქართული ენის შესწავლის მიზნით, სამინისტრო კიდევ უფრო ეფექტური პროექტების განხორციელებას იწყებს.
ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ქართული ენის სრულყოფილად შესწავლა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. მათი ინტეგრაციისთვის ეს ფაქტორი უმნიშვნელოვანესია. ამიტომ, უკვე არსებულის პარალელურად, სამინისტრომ შეიმუშავა სამწლიანი სტრატეგიული გეგმა, რომლის იმპლემენტაცია 1 ივნისიდან დაიწყება.
2010-2011 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არაქართულენოვან რეგიონებში წარმატებული პროექტები ყველა მიმართულებით განახორციელა. გარდა იმისა, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის საათები გაორმაგდა, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელი აბიტურიენტები უნარებს საკუთარ ენაზე აბარებენ. ერთი წლის განმავლობაში ისინი ქართულ ენას ეუფლებიან და შემდეგ სწავლას სასურველ სპეციალობებზე განაგრძობენ. სახელმწიფო ამჟამად 400 არაქართულენოვანი სტუდენტის სწავლას აფინანსებს მაშინ, როდესაც ამის შესაძლებლობა აქამდე მხოლოდ სამ სტუდენტს ჰქონდა.
სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში წარმატებით მუშაობს ასევე პროგრამა “ასწავლე საქართველოსთვის”, რომლის ფარგლებშიც რეგიონებში მივლინებულია 100-მდე მასწავლებელი, რომლებიც სახელმწიფო ენას ასწავლიან და მათი ხელფასი 1000 ლარია. ფუნქციონერებს ასევე ქართული ენის ოთხი სახლი, სადაც სპეციალური პროგრამით არაქართულენოვანი მოსახლეობის ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა ქართულ ენას დაეუფლოს.
ენის სრულყოფის მიზნით, ქუთაისის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ქართულ ენაში მომზადებას გადიან ასევე ის სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში სხვადასხვა საჯარო სამსახურში არიან დასაქმებულნი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მიიჩნევს, რომ მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებით კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ამიტომ, პარალელურად, სამინისტრომ დამატებით სამწლიან სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა, რომლის განხორციელებაც ეტაპობრივად მოხდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 1 ივნისს სახელმძღვანელოების გრიფირებას დაასრულებს. ამის შემდეგ, ამ სახელმძღვანელოების სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ბილინგვურად თარგმნა მოხდება, რაც ნიშნავს, რომ როგორც ჰუმანიტარულ, ასევე საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეები ტექსტების 30%-ს ქართულ ენაზე ისწავლიან. ახალი ბილინგვური სახელმძღვანელოებით არაქართულენოვანი სკოლები სწავლას 2012 წლიდან დაიწყებენ.
დიმიტრი შაშკინი: “ჩვენი ამოცანაა, ქართული ენის შესწავლა მასობრივად მოხდეს. მიმდინარე პროექტებმა დადებითი შედეგები აჩვენა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ამიტომ, დაინერგება ბილინგვური სწავლება, მეთოდი, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული. ესაა საუკეთესო მექანიზმი იმისათვის, რომ ბავშვებმა ქართული ენა უკეთ ისწავლონ. ყველა დისციპლინას თავისი ტერმინოლოგია აქვს. მართალია, ბავშვები სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას სწავლობენ, მაგრამ ქართული ენის სახელმძღავნელოში ვერ მოხვდება ყველა ის ტერმინი, რაც დაკავშირებულია ფიზიკასთან, ქიმიასთან, ბიოლოგიასთან და ა.შ. ამიტომ, დაწყებული ფიზიკიდან, ისტორიით დამთავრებული ბავშვები ტექსტების 30%-ს ქართულად შეისწავლიან. ამით მათი ლექსიკა გამდიდრდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”.
ბილინგვური სწავლების წარმატებით დანერგვის მიზნით, მოხდება არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების უფასო გადამზადება ქართულ ენაში. ამასთანავე, არსებული ოთხი ქართული ენის სახლის გარდა, დამატებით კიდევ რვა გაიხსნება, სადაც მასწავლებლების გადამზადება სპეციალურად შექმნილი პრგრამით მოხდება. ქართული ენის სახლში დაწყებითი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, მასწავლებლები ქართული ენის ინტენსიურ კურსს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში გაივლიან. მოხდება იმ მასწავლებლების წახალისება, რომლებიც გაკვეთილებს ბილინგვურად ჩაატარებენ. ისინი ხელფასზე 200 ლარიან დანამატს მიიღებენ. ტრენინგების გავლის შესაძლებლობა კი, ყველა არაქართულენოვანი სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ექნებათ.
როგორც ცნობილია, საქართველოში წარმატებით ხორციელდება პროგრამა `ასწავლე და ისწავლე საქართველოსთვის”, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მასწავლებლები ქართულ სკოლებში ინგლისურს ასწავლიან. მომავალი სასწავლო წლიდან, ანალოგიური პროექტი განხორციელდება სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, სადაც გაიგზავნება 500 პედაგოგი, რომელთა მშობლიური ენაც ქართულია. პედაგოგები ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფოს ხარჯზე უზრუნველყოფილნი იქნებიან ოჯახებში ცხოვრებით. არაქართულენოვან სკოლებში ისინი თანამასწავლებლად იმუშავებენ. ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად ისინი ბავშვებს სხვადასხვა საგნებს ასწავლიან და ხელფასის სახით 500 ლარს მიიღებენ.
რეგიონებში პედაგოგად მუშაობის უფლება ექნებათ ბაკალავრიატის ხარისხის მქონე ახალგაზრდებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ, მაგისტრატურაში სწავლის ანაზღაურებას, ხოლო დოქტორანტებითვის კრედიტების ჩათვლას, სამინისტრო საკუთარ თავზე აიღებს. რეგიონში გამგზავრებამდე და მუშაობის დაწყებამდე მათ სპეციალური ტრენინგ-პროგრამის გავლა მოუწევთ.
დიმიტრი შაშკინი: “ ბილინგვური სწავლება საშუალებას გვაძლევს სერიოზულად გავზარდოთ ქართული ენის სწავლები დონე. კვალიფიციური მასწავლებლების გარეშე ენის სრულყოფილად შესწავლა შეუძლებელია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლებმა, რომლებიც ამ სკოლებში მუშაობენ, ქართული ენა სრულყოფილად იცოდნენ”.
გარდა ამ მნიშვნელოვანი ინიციატივებისა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მრავალ აქტივობას გეგმავს. მიმდინარე პროგრამების გარდა, შეიქმნება როგორც საზაფხულო ბანაკები, ასევე ბილინგვური სკოლამდელი განათლების ცენტრები. ამოქმედდება მოსწავლეთა გაცვლითი და სკოლების დაძმობილების პროგრამები. შეიქნება შესაბამისი სახელმძღვანელოები და დამხმარე მასალები.